1 2 3 4 5
”მერანმა” ”ცხინვალს” აჯობა, მსაჯს ვერა...

დღეს, მარტვილში, მ. ხურცილავას სახელობის სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა, საინტერესო, დრამატული მატჩი იხილა. თუმცა, რომ არა მსაჯის უცნაური გადაწყვეტილებები, თამაში უკეთესიც გამოვიდოდა და გამარჯვებას თუ არა ფრეს მაინც მიაღწევდნენ მასპინძლები...

მეორე ტურის, პირველ საშინაო შეხვედრას, განსაკუთრებით მოტივირებული შეხვდა ”მერანი”, გამარჯვებას მოწყურებულ მარტვილელებს ჟინი და მონდომება საწყის წუთებშივე ეტყობოდათ,რასაც შედეგიც მოჰყვა. მატჩის მე-16 წუთი იყო, როცა კუტალიას მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი, გიორგი პაჭკორიამ ”ცხინვალის” კარში გადაგზავნა და ანგარიშიც გაიხსნა 1-0.

წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, მასპინძლებს აშკარად ეტყობოდათ დღევანდელ შეხვედრაში შეთამაშება. რაც შეეხება მთავარ არბიტრს, ნინუა ”ყურადღების ცენტრში” თავიდანვე მოექცა. შეხვედრა ახალი დაწყებული იყო, როცა სტუმართა მეკარემ თანაგუნდელის მიერ დაგორებული ბურთი ხელში აიღო, ეს იყო მეკარის მისამართით პასი, რაც ფეხბურთის წესების დარღვევაა და მსაჯს ჯარიმა უნდა დაენიშნა, თუმცა..

 

მთავარ მსაჯს გულშემატკივართა რისხვა პირველ ტაიმში მეორედ მაშინ დაატყდა თავს, როცა ”მერანის” მცველებთან უხეშობის ხარჯზე შესძლო კაჭარავამ ანგარიშის გათანაბრება. 

მეორე ნახევრის დასაწყისში ოდნავ მოეშვნენ მარტვილელები და მეორე გოლი მიიღეს საკუთარ კარში, თავი მაისაშვილმა გამოიჩინა.

ამის შემდეგ, ”მერანმა” თამაშის გადარჩენა სცადა და დიდი ძალებით წავიდა წინ, ერთ-ერთი კონტრიერიში კი კარგად გამოიყენეს სტუმრებმა და 70-ე წუთზე, ნიკა კაჭარავამ დუბლი გაიფორმა 1-3.

ანგარიშიდან გამომდინარე, თითქოს მატჩის ბედი გადაწყდა და მშვიდად უნდა დაესრულებინა ”ცხინვალს” შეხვედრა, მაგრამ შეიძლება ითქვას, მეორე სუნთქვა გაეხსნა ”მერანს” და შემორჩენილი ძალებით დიდი ბრძოლა გაუჩაღეს მეტოქეს.

ვლადიმერ ლობასმაც ცვლილებები განახორციელა და ამან გაამართლა კიდეც, რადგან შეცვლაზე შემოსული იმედა აშორტია ახლოს იყო ანგარიშის შემცირებასთან, რომ არა საფეხბურთო ფორტუნა. აშორტიას უძლიერესმა, შორეულმა დარტყმამ, ნადირაძის კარის ძელი შეაზანზარა.

თუ აშორტიას არ გაუმართლა, გოგოლიძეს შემთხვევაში ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მარტვილელებს სურდათ, არადა მართლაც შესანიშნავად ითამაშა ასევე შეცვლაზე შემოსულმა ვასიკო გოგოლიძემ, მერანელი მარცხენა ფლანგიდან ”ცხინვალის” საჯარიმოს მიუახლოვდა, ერთი მცველი მარტივად მოატყუა და სტუმართა კარის ცხრიანში მოათავსა ბურთი 2-3.

გატანილმა გოლმა ფრთები შეასხა მარტვილელებს და მატჩის ბოლო, 15 წუთიან მონაკვეთში, ერთგვარი შტურმი მოუწყვეს სტუმრებს. ბოლო წუთზე ”მერანელთა” მცველს გიორგი პაჭკორიას, შეეძლო ჩინებული მაკრატელა დარტყმით დუბლი გაეფორმებინა და ანგარიში გაეთანაბრებინა, თუმცა ”ცხინვალის” მცველებმა და მეკარემ შესძლეს ბურთის გამოტანა საკუთარი საჯარიმოდან. ერთ-ერთ ეპიზოდში პენალტსაც ითხოვდნენ მასპინძლები, თუმცა ამჯერადაც დუმდა ნინუას სასტვენი..

საბოლოოდ დაძაბული მატჩი, სტუმრების გამარჯვებით 2-3 დასრულდა. მიუხედავად ანგარიშისა, მარტვილელმა ფეხბურთელებმა თავაწეულმა დატოვეს დღეს მოედანი. დღევანდელ შეხვედრაში. თითოეულმა ფეხბურთელმა ბოლომდე იბრძოლა, ჟინი და მონდომება არ დაუკლიათ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მათ შრომას მსაჯმა შეუშალა ხელი, სხვა ეპიზოდებში კი აშკარად არ იყო დღეს საფეხბურთო ფორტუნა ”მერანის” მხარეს.

და ბოლოს, იმის თქმა შეიძლება, რომ გამოჩნდა გუნდის სახე, დროთა განმავლობაში ჩანს შეთამაშება და პოტენციალი, რაც იმის საფუძველს და იმედს გვაძლევს, რომ უახლოეს მატჩებში ”მერანი” მიაღწევს გამარჯვებებს, ჩამოყალიბდება ისეთი გუნდი, რომელიც მოწინააღმდეგე გუნდთან ერთად მსაჯსაც დაამარცხებს და თავის სიტყვას იტყვის ეროვნულ ჩემპიონატში.

22 აგვისტო. 17:00. მარტვილი, ”მ. ხურცილავა” 

”მერანი” (მარტვილი) - ”ცხინვალი” (ცხინვალი) 2-3 (1-1)

”მერანი”:ზარქუა, პაჭკორია, რუხაია, შალიკაშვილი (გვაზავა, 78), გეგია, კუტალია, ხორგუაშვილი, წურწუმია (აშორტია, 58), წოწონავა (გოგოლიძე, 71), ჯღამაია, ციცხვაია.

სათადარიგო: აშორტია, ფაილოძე, შალამბერიძე, ჩხეტია, გოგოლიძე, გვაზავა, სევასტიანენკო.

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი

გოლები: პაჭკორია (17), კაჭარავა (37,70,), მაისაშვილი (53), გოგოლიძე (83).

გაფრთხილება: ჭაფოძე (29), კუტალია (54), ჯღამაია (73)

მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა

სხვა მატჩების შედეგები:

”კოლხეთი” (ფოთი) - ”სიონი” (ბოლნისი) 0-1
”საბურთალო” (თბილისი) - ”ჩხიურა” (საჩხერე) 1-0
”საპოვნელა” (თერჯოლა) - ”სამტრედია” (სამტრედია) 2-3
”ზუგდიდი” (ზუგდიდი) - ”ტორპედო” (ქუთაისი) 1-1
”შუქურა” (ქობულეთი) - ”გურია” (ლანჩხუთი) 2-1



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 15 34
გაგრა (გაგრა) 15 33
მერანი (მარტვილი) 15 24
გარეჯი (საგარეჯო) 15 23
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 15 21
მერანი (თბილისი) 15 20
შევარდენი (თბილისი) 15 20
დინამო (ზუგდიდი) 15 16
რუსთავი (რუსთავი) 15 14
ჩიხურა (საჩხერე) 15 5