1 2 3 4 5
მერანი-დილა 2:3 - ის, რაც ასე ენატრება ქართველ ქომაგს

ბრძოლა, სანახაობა და გოლები!

 

წლის ბოლო მატჩში "მერანმა" "დილას" სამტრედიაში უმასპინძლა. ამის მიზეზი "ლელოს" მკითხველთათვის კარგადაა ცნობილი: მარტვილის მოედნის საფარი არცთუ სახარბიერო მდგომარეობაშია. სხვათა შორის, წინა ტურის საშინაო შეხვედრა "დილამ" "კოლხეთთან" სწორედ "ეროსი მანჯგალაძეზე" გამართა. ასე რომ, აღნიშნული არენა უცხო არც მათთვის უნდა ყოფილიყო. 

თამაშს ორივე გუნდისთვის, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. "მერანი" უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის და შესაბამისად, ქულათა მარაგის შევსებისათვის იბრძვის, უფრო ამბიციური გეგმები აქვთ შიდა ქართლელებს: მათ ქვეყნის ჩემპიონობა სწადიათ.

მატჩმა მოლოდინი სავსებით გაამართლა, დაძაბულობასთან ერთად იყო ლამაზი ეპიზოდები, გატანილი გოლები. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ხუთი გატანილი ბურთი ვიხილეთ, გუნდებმა თამაში 10-10 ფეხბურთელით დაასრულეს, დუბლი გაიფორმეს რომან ახალკაცმა და საბა ლომიამ

ახლა კი რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, საწყის წუთებში ნომინალურმა მასპინძლებმა აქტიურად შეუტიეს და შედეგიც მალევე მოიმკეს: მცველების შეცდომით ჩინებულად ისარგებლა საბა ლომიამ, რომელიც მეკარესთან მარტო დარჩა და ეფექტური გოლით დააწინაურა თავისიანები. ამას სამიოდე წუთში პაპუნა ფონიავას სახიფათო დარტყმა მოჰყვა. 

მოვლენების ასეთ განვითარებას სტუმრები არ ელოდნენ, თავდაპირველად მათ რიგებში დაბნეულობამ იჩინა თავი, თუმცა შემდგომ, მდგომარეობის გამოსწორება მოაეხერხეს და თამაშიც გათანაბრდა. ირაკლი მოდებაძის სუსტად დარტყმული ბურთი შემთხვევით ირაკლი კლიმიაშვილს მიუვიდა, რომლის გასროლილი ძელს მოხვდა. 

მე-17 წუთზე "დილას" ფეხბურთელებმა მაინც მოახერხეს წინასწორობის აღდგენა: მარჯვენა ფლანგიდან კახა ალადაშვილის მიერ ჩამოწოდებულ ბურთს რომან ახალკაცმა შეაგება თავი და 1:1. 

ამის შემდეგ, თამაში კიდევ უფრო გაიხსნა და გოლებმაც იმატა: 22-ე წუთზე მერანელები კიდევ ერთხელ და როგორც გაირკვა, უკანასკნელად დაწინაურდნენ: მარინ სკენდერის შეცდომით კარგად ისარგებლა იმაველომიამ, რომელმაც ბურთი მეტოქის კარში აუღელვებლად მოათავსა. აქვე ვთქვათ ისიც, რომ ახალგაზრდა თავდასხმელისათვის ეს მიმდინარე ჩემპიონატში გატანილი მე-13 ბურთია. ის ამჟამად, ბომბარდირთა დავაში, მხოლოდ დინამოელებს, ჩისკოსა და ჯაბა დვალს ჩამორჩება. 
მარტვილელთა სიხარულს ცივი შხაპი უმალვე გადაასხვა რომან ახალკაცმა, მან ამჯერად გიგა ბეჭვაიას გრძელი და მახვილგონივრული გადაცემა აქცია გოლად. ანგარიშში კორექტირების შეტანის შანსი ჰქონდათ: ირაკლი მოდებაძეს, გიორგი შაშიაშვილსა და გიორგი ონიანს. უფრო რეალური მომენტი ლაშა კუჭუხიძისგადაცემის შემდეგ ექსგორელ გივი ქარქუზაშვილს მიეცა, რომლის თავური მცირედით არაზუსტი გამოდგა. 

ზედ შესვენებამდე, მიჯრით მეხუთე ბურთიც ვიხილეთ: საკმაოდ საკამათო ეპიზოდში არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა წესების დარღვევა დააფიქსირა კიჭი მელიავაზე(მისი თქმით, ბურთი მცველს ხელზე მოხვა), რომელიც ყვითელი ბარათით, ხოლო გუნდი კი თერთმეტმეტრიანით დასაჯა. პენალტი გოლად ირაკლი მოდებაძემ აქცია.

მეორე ტაიმი პირველზე არანაკლებ საინტერესო გამოდგა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მეტი გატანილი ბურთი ვეღარ ვნახეთ. ამის მიუხედავად, მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა, ტემპიც მაღალი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ორმხრივი იერიშებით გაჯერებული თამაში წავიდა.  

გორელთაგან გამოსაყოფია, ჯერ მოდებაძის, ხოლო     მოგვიანებით კლიმიაშვილისდარტყმები. ანგარიშის გათანაბრება შეეძლო პაპუნა ფონიავას, თუმცა სკენდერს ვერ აჯობა. ბევრს მოძრაობდა და მცველებს მუდამ დაძაბულობაში ამყოფებდა ახლადშემოსულიმამუკა ტორონჯაძე

"მერანი" დიდ უპირატესობას ფლობდა, თამაშის სადავეებიც ხელთ ეპყრა, ერთი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ გოლი მწიფდებოდა, თუმცა სტუმართა მოულოდნელ და სწრაფ კონტრშეტევას გივი ქარქუზაშვილის მოედნიდან გაძევება მოჰყვა. ის ლეონარდოსთან ორთაბრძოლაში ბოლო იმედის ჯარიმისათვის დაისაჯა. 

"მერანის" იერიშები ამის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა არა იმ ინტენსივობით. ბოლოსკენ მოედნიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი გააძევეს: მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე, მოედნის ცენტრთან ახლოს გივი დიდავასა და ირაკლი კლიმიაშვილისორთაბრძოლა, ამ უკანასკნელის მეორე ყვითელი ბარათითა და შესაბამისად, გაძევებით დასრულდა. დიდავას კი სამედიცინო პერსონალის ჩარევა დასჭირდა.

თამაშიც აქ დასრულდა. საერთო ჯამში ვინც ამ შეხვედრას დაესწრო საქმე მოსაწყენად ნამდვილად არ ჰქონია. ეროვნული ჩემპიონატის კვალობაზე მართლაც, რომ საინტერესო სანახაობა შედგა. 

ზედა ექვსეულში ვერმოხვედრის მიუხედავად, "მერანი" უთუოდ იმსახურებს სპეციალისტთა მხრიდან სიმპათიებს და თუ უახლოეს მომავალში გუნდი გაძლიერდა, უკეთეს შედეგსაც აუცილებლად მოიმკის. "დილამ" კი ამ გამარჯვებით ისევ სამ ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა თბილისის "დინამოსთან". 


23.12. ეროსი მანჯგალაძე. 500 მაყურებელი
მერანი-დილა 2:3

გოლები: 1:0 ს.ლომია (7.ფონიავას პასით), 1:1 რ.ახალკაცი (17.ალადაშვილის პასით), 2:1 ს.ლომია (22), 2:2 რ.ახალკაცი (25.ბეჭვაიას პასით), 2:3 მოდებაძე (45+1 პენ)

მერანი: ჯ. შეროზია, ლ. გეგეჭკორი (65.მჭედლიშვილი), გ. ქარქუზაშვილი, ვ. იობაშვილი, კ. მელიავა, გ. დიდავა (კაპ.), ც. ბუკია, ნ. ნოზაძე (57.ტორონჯაძე), პ. ფონიავა, ს. ლომია, ლ. კუჭუხიძე.

სათადარიგო: გ. ბერია, გ. ამბროლაძე, რ. კიკალიშვილი, გ. გაბისონია, ბ. გელაჭეიშვილი.

მწვრთნელი:მალხაზ ჟვანია

დილა: მ. სკენდერი, ლ. სალუქვაძე (კაპ.), გ. ონიანი, გ. შაშიაშვილი (55.კახელიაშვილი), კ. ალადაშვილი, რ. ახალკაცი (83.ჟუნიორი), ი. მოდებაძე (75.გორელიშვილი), დ. კვირკველია, ი. კლიმიაშვილი, გ. ბეჭვაია, ლ. რამოსი.

სათადარიგო: ბ. შეყრილაძე, გ. აბურჯანია, გ. თომაშვილი, ლ. გვალია.

მწვრთნელი: გიორგი დარასელია.

გაფრთხილება: მელიავა (45+1), კლიმიაშვილი (53), შეროზია (76), ალადაშვილი (87)
გაძევება: ქარქუზაშვილი (76), კლიმიაშვილი (90+2)

არბიტრი: დ.ხარიტონაშვილი 

 

(თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 10 27
გაგრა (გაგრა) 11 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 11 17
მერანი (მარტვილი) 11 16
გარეჯი (საგარეჯო) 10 14
შევარდენი (თბილისი) 11 13
დინამო (ზუგდიდი) 10 13
მერანი (თბილისი) 10 9
რუსთავი (რუსთავი) 10 8
ჩიხურა (საჩხერე) 11 5