1 2 3 4 5
"მერანი" VS "იმერეთი" - მატჩის წინათქმა

    გარდამავალი ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს საკუთარ კედლებში მარტვილის "მერანი". ჩვენი გუნდი 13 ნოემბერს ხონის "იმერეთს" უმასპინძლებს.

 

 გაგაცნობთ ჩვენს მეტოქეს, ურთიერთშეხვედრების ისტორიას და გუნდების მდგომარეობას.

 

ჩვენი მეტოქე

ხონის "იმერეთი" სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა. ხონელები 21 ქულით მე-4 ადგილზე იყვნენ, მაგრამ როგორც გუშინ გახდა ცნობილი, სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილეით, საფეხბურთო კლუბი ხონის „იმერეთი“ თფა-ს რაპორტის მიხედვით მხილებულ იქნა თბილისის „მარკ სტარსთან“ მატჩის შედეგზე მანიპულირებაში. მატჩის ანგარიში გაუქმდა, „იმერეთს“ პირველი ლიგის გათამაშებაში დააკლდა 6 ქულა და დაჯარიმდა 10 000 ლარით. აქიდან გამომდინარე, ხონელებს 12 ქულა აქვთ და მართალია პლეიოფში მოხვედრის შანსი რჩებათ, მაგრამ დარჩენილ ტურებში თუ ქულები დაკარგეს, შეიძლება პლეიოფს მიღმაც დარჩნენ, ასე რომ "მერანი" - "იმერეთის" მატჩს პრინციპულობა და ინტრიგა არ დააკლდება.

 

 "იმერეთმა" წინა ტურის შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა ზემოთ ხსენებული პლეიოფისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ ცხინვალის "ლიახვის" წინააღმდეგ და დიდი ანგარიშით 5-1 დაამარცხა მოწინააღმდეგე. გოლები მეტოქე გუნდის კარში როსტიაშვილმა, ჩაფიძემ, ჭკუასელმა და კაკალაძემ (2) გაიტანეს. სტუმართაგან კი ბუზალაძემ გამოიჩინა თავი.

 

 ხონელებმა ამ სეზონში სამი მწვრთნელი გამოცვალეს, თავიდან იყო კობა ჟორჟიკაშვილი, შემდეგ ხვიჩა ქასრაშვილი, რომელიც 34 წლის სპეციალისტმა დავით ბურკაძემ შეცვალა. "მეშახტესთან" სტუმრად 1-3 მარცხის შემდეგ კი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ბურკაძემაც დატოვა მთავარი მწვრთნელის პოსტი და "ლიახვთან" მატჩში გუნდი მისმა თანაშემწემ გერმანე გოგინავამ გაიყვანა.

 

ურთიერთშეხვედრები

"მერანის" და "იმერეთის" ურთიერთშეხვედრებს თუ გადავავლებთ თვალს, სრული უპირატესობა "მერანის" მხარესაა. სამი შეხვედრიდან სამივე დუელი "მერანმა" მოიგო. ამ გუნდების გზები პირველად 6 წლის წინ გადაიკვეთა, 2010 წლის 7 დეკემბერს "მერანმა" მისსავე სტადიონზე 2-1 დაამარცხა "იმერეთი". მომდევნო შეხვედრა 2011 წლის მაისში, მარტვილში გაიმართა, ეს მატჩიც "მერანმა" მოიგო 2-0. უკანასკნელი დაპირისპირება კი ამა წლის 27 სექტმებერს ხონში შედგა, "მერანმა" აკაკი შულაიას დუბლით და ლაშა ჩალაძის ბრწყინვალე გოლით 3-1 გაიმარჯვა, მასპინძელთაგან პრესტიჟის გოლი გამბიელმა ლეგიონერმა მარონგმა გაიტანა.

 

დანაკლისი

ლაშა ჩალაძის ჩინებული გოლი ვახსენეთ ამ გუნდების უკანასკნელ დაპირისპირებაში და ისიც ვთქვათ, რომ "მარკ სტარსთან" მიღებული ტრავმის გამო ჩალაძე ხვალინდელ მატჩს გამოტოვებს, კვლავ ვერ ეხმარებიან საკუთარ გუნდს რევაზ გეწაძე და ივანე ხაბელაშვილი.
რაც შეეხება დისკვალიფიკაციას, არცერთი გუნდის ფეხბურთელი არ გამოტოვებს დისკვალიფიკაციის გამო აღნიშნულ შეხვედრას.

 

 ამრიგად, "მურთაზ ხურცილავაზე" საინტერესო მატჩი უნდა შედგეს. "მერანი" - "იმერეთის" დაპირისპირება 13 ნოემბერს 14:00 საათზე დაიწყება.



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 10 27
გაგრა (გაგრა) 11 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 11 17
მერანი (მარტვილი) 11 16
გარეჯი (საგარეჯო) 10 14
შევარდენი (თბილისი) 11 13
დინამო (ზუგდიდი) 10 13
მერანი (თბილისი) 10 9
რუსთავი (რუსთავი) 10 8
ჩიხურა (საჩხერე) 11 5