1 2 3 4 5
მერანი-ზუგდიდი 2:1 - ინტრიგა შენარჩუნდა

ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში თუ სადმე დარჩა ინტრიგა, ქვედა ექვსეულის აუტსაიდერებს შორისაა. "ზუგდიდი" ბოლოდან მეორე ადგილზეა, "მერანი" კი ბოლოზე. ამიტომაც, ორივე გუნდისთვის თითოეულ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. 

ქუთაისში გამართული მეგრული დერბი, სხვა მიზეზებთან ერთად, იმითაც იყო გამორჩეული, რომ ერთმანეთს მწვრთნელის რანგში პირველად დაუპირისპირდნენ ყოფილი თანაგუნდელები - ზურაბ იონანიძე და გიორგი დარასელია.

მატჩის დებიუტი სტუმართა უპირატესობით აღინიშნა. ზუგდიდელებმა ბურთზე კონტროლი თავიდანვე დააწესეს და მეტოქის კართან რამდენიმე დასამახსოვრებელი იერიშიც მიიტანეს. 
გამოსაყოფია სიხარულიას მიერ შესრულებული "სტანდარტი", რომელიც მამალაძეს ხელიდან გაუვარდა, თუმცა მცველებმა სიტუაცია მყისიერად განმუხტეს.


გულხელდაკრეფილნი არც ნომინალური მასპინძლები ყოფილან. აღსანიშნავია კიჭი მელიავა, რომელიც ბევრს მოძრაობდა და თავისი გუნდის თითქმის ყველა შეტევაში მონაწილეობდა. ერთ-ერთ ეპიზოდში მან მარჯვენა ფრთიდან გამჭოლი პასი გააკეთა, თუმცა მის გადაცემას მერანელთაგან ვერავინ გამოეხმაურა. მარტვილელებმა გოლი მაინც გაიტანეს: ალექსი ბენაშვილმა საჯარიმოს გარედან ყუმბარისებურად დასცხო და ბურთი მეკარისგან მარჯვენა მაღალ კუთხეში "დააჭედა" - 1:0. 

ათიოდე წუთში ისევ მელიავამ აიღო თამაში თავის თავზე - რამდენიმე მცველს სოლო-რეიდით აუარა გვერდი და შესანიშნავი გადაცემით დავით ციცხვაია მოძებნა, თუმცა ამ უკანასკნელს ბურთი წინ გაექცა და შესაბამისად, ანგარიშის გაზრდის რეალური შანსიც დაკარგა.

მეორე ტაიმის დაწყებამდე გიორგი დარასელიამ ცვლილებებს მიმართა - ინერტული კობერიძისა და კალანდარიშვილის ნაცვლად, მოედანზე სამუშია და ახლო წარსულში ზუგდიდელთა მთავარი მწვრთნელი, ფეხბურთში დაბრუნებული კობა წიტაიშვილი შეიყვანა. მათი შემოსვლით სტუმრები შედარებით გააქტიურდნენ, თუმცა შეხვედრის გადასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 

მე-60 წუთზე პაპუნა ფონიავას გადაცემით კარგად ისარგებლა ლევან გეგეჭკორმა, რომელმაც მახვილი კუთხიდან საჯარიმოში შესვლა მოახერხა და თავისიანების უპირატესობა ორამდე გაზარდა. 

ანგარიში ალბათ, მალევე შეიცვლებოდა, რომ არა მამალაძის საუცხოო თამაში - მან სამუშიას ძლიერად დარტყმული უკუაგდო. სტუმრებმა პრესტიჟის გოლის გატანა მაინც მოახერხეს - ნიკოლოზ აფაქიძემ გუნდს მატჩის გადარჩენის შანსი დაუტოვა. დრო საკმარისზე მეტი იყო, თუმცა...

შეხვედრის მიწურულს "ზუგდიდის" ფეხბურთელები ქულის გადასარჩენად უიმედოდ მიაწყდნენ მერანელთა საჯარიმოს, თუმცა მათ იერიშებს სიმწვავე აშკარად აკლდა, თან დამაჯერებლად ირჯებოდა მარტვილელთა მეკარე ზურაბ მამალაძე, რომლის საიმედო თამაშმა გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოაპოვებინა. 

საბოლოოდ კი, ზურაბ იონანიძის "მერანმა" ამ გამარჯვებით უმაღლეს ლიგაში დარჩენის, მართალია მცირე, მაგრამ შანსი მაინც შეინარჩუნა.



მატჩის შემდეგ:


ზურაბ იონანიძე (მერანი): 
"მე და გიორგი დიდი ხანი ვთამაშობდით ერთად, მწვრთნელის რანგში კი პირველად დავუპირისპირდით ერთმანეთს. მოხარული ვარ, რომ ჩემმა გუნდმა გაიმარჯვა. დასანანია, სამეგრელოს რეგიონის ორივე გუნდს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის რომ უწევს ბრძოლა. შანსებს რაც შეეხება, კიდევ გვაქვს და აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ".

გიორგი დარასელია (ზუგდიდი): 
"ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ. გასაგებია, რომ დაძაბული მატჩი იყო, თუმცა ფეხბურთელებს მეტი მოეთხოვებათ. ისღა დაგვრჩენია, მომავალ შეხვედრებზე ვიფიქროთ და შეცდომების გამოსწორებაზე ვიმუშაოთ".




უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 16 37
გაგრა (გაგრა) 16 36
მერანი (მარტვილი) 16 27
მერანი (თბილისი) 16 23
გარეჯი (საგარეჯო) 16 23
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 16 22
შევარდენი (თბილისი) 16 20
დინამო (ზუგდიდი) 16 16
რუსთავი (რუსთავი) 16 15
ჩიხურა (საჩხერე) 16 5