1 2 3 4 5
მერანი-ტორპედო 0:3

  მერანის" ბოლოდროინდელი წარმატებიდან გამომდინარე, წესით, ამ წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი არ უნდა ჰყოლოდა, მაგრამ მოედანზე განვითარებულმა მოვლენებმა საპირისპიროში დაგვარწმუნა. 

მარტვილელთა დაბნეულ თამაშს ხელი, ალბათ, მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას წასვლამაც შეუწყო. ეს ინფორმაცია ფეხბურთელებისთვის შაბათს გახდა ცნობილი...

წინა მატჩისგან განსხვავებით, მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე იძულებული ცვლილება განხორციელდა - ტრავმირებული ლაშა კუჭუხიძის, გიორგი ლობჟანიძისა და გელა ხუბუას ნაცვლად, ძირითადში 18 წლის დებიუტანტი გიორგი გეგია ვიხილეთ. 

ასევე, უმაღლეს ლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარეს მიხეილ ქაჯაიამ და იმედა აშორტიამ, რომლებიც შეცვლაზე შევიდნენ.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მატჩის ბედიც თითქმის პირველივე ტაიმში გადაწყდა. "ტორპედოს" დაწინაურება საწყის წუთებშიც შეეძლო, მაგრამ თორნიკე კაპანაძის თავური ძელმა აისხლიტა. 

სტუმრებმა სწრაფი გოლი მაინც გაიტანეს - მარცხენა ფრთიდან დავით უბილავას მიერ ჩაწოდებულ ბურთს აქტიური კაპანაძე გამოეხმაურა და თავისიანები დააწინაურა.

ამ გოლმა იმერლებს ფრთები შეასხა. მათ ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს - ნიკა საბანაძის, მათე ცინცაძისა და კუხიანიძის დარტყმები ჯონი შეროზიამ უკუაგდო.

25-ე წუთზე "მერანს" ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი მიეცა - პაპუნა ფონიავას გადაცემის შემდეგ ბექა ციკოლია, ფაქტობრივად, ერთი-ერთზე გადიოდა მეკარესთან, თუმცა უკანასკნელ წამს მაქსიმე ქვილითაიამ კარგად ითამაშა დასწრებაზე.

ზუსტად სამ წუთში კი იმერლებმა კიდევ ერთი მომენტი მეორე გოლად აქციეს - მერაბ გიგაურის გადაცემას ზაზა ჭელიძემ შეაგება თავი და - 2:0. 

როგორც პირველი გოლის შემთხვევაში, აქაც შეიძლება ითქვას, რომ დაცვა ჩავარდა...

ამის შემდეგ თამაში საშუალო ტემპში გაგრძელდა. ბრძოლა, ძირითადად, მოედნის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობდა. 

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მასპინძლებმა მეორე ტაიმი გაცილებით უკეთ ჩაატარეს და იმედისმომცემი გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ აკაკი შულაიამ და ფონიავამ მომენტების გამოყენება ვერ შეძლეს.

იმის მიუხედავად, რომ "მერანი" გააქტიურდა, ქუთათურებმა მოწინააღმდეგე კონტრშეტევაზე დაიჭირეს და მესამედაც შეარხიეს მარტვილელთა კარის ბადე - ამჯერად გოლის ავტორად კუხიანიძე მოგვევლინა. თამაშიც აქ დამთავრდა.

ქუთაისელებმა კარგად იციან, თუ რამხელა გამძლეობა და მონდომება მართებთ საიმისოდ, რომ საჩემპიონო დავაში თბილისის "დინამოს" კონკურენცია გაუწიონ. 

საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს ახალგაზრდული კრებული, რომელიც მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია, მარცხის გემო რომ არ გაუსინჯავს.

"მერანს" კი, რა თქმა უნდა, ზედა ექვსეულში მოხვედრის შანსები არ დაუკარგავს და ამ მიზნის მიღწევას გუნდი ახლა უკვე ჟვანიას გარეშე, ახალ სამწვრთნელო შტაბთან ერთად შეეცდება.

 

 

მერანი – ტორპედო 0:3 

06.10 სამტრედია. ე. მანჯგალაძე. 800 მაყურებელი

მერანი: შეროზია, გეგეჭკორი, ფარულავა, ქარქუზაშვილი, გეგია, ფონიავა, ციკოლია, კერძევაძე, მელიავა (ქაჯაია, 64), შულაია (აშორტია, 77), ბაბუნაშვილი (კვანტალიანი, 54).

მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

ტორპედო: ქვილითაია, ცინცაძე, გიგაური, საბანაძე, კუხიანიძე, ფანცულაია, ხიდეშელი (ჭანტურია, 56), მთივლიშვილი (გაბაძე, 75), კაპანაძე (გოროზია, 66), ჭელიძე, უბილავა,

მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა

გოლები: კაპანაძე (9), ჭელიძე (28), კუხიანიძე (59)

გაფრთხილება: კერძევაძე (5), ხიდეშელი (83), გიგაური (84)

მთავარი მსაჯი: თ. გვანცელაძე

 



უკან

გათამაშების ცხრილი
გაგრა (გაგრა) 17 39
სიონი (ბოლნისი) 17 37
მერანი (მარტვილი) 17 30
გარეჯი (საგარეჯო) 17 26
მერანი (თბილისი) 17 24
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 17 22
შევარდენი (თბილისი) 17 21
დინამო (ზუგდიდი) 17 19
რუსთავი (რუსთავი) 17 15
ჩიხურა (საჩხერე) 17 5