დასაფასებელია, როცა დამარცხებულიც კი თავაწეული ტოვებ მოედანს, როცა ყველა ხედავს გუნდის ღირსებას და თავდადებას..
დიახ, ასე იყო. „მერანმა“ თავისი მწირი რესურსით მაქსიმუმი დადო.. მეგრული გუნდის ახალგაზრდა, 27 წლის მწვრთნელმა ჯერ გუნდი 3 ტურით ადრე გაიყვანა პლეიოფში, შემდეგ კი დიდი თავსატეხი გაუჩინა თავის ვიზავის, რადგან ჯერ მარტვილში დაამარცხა ქუთაისის „ტორპედო“ 2:0 დამაჯერებლად, სტუმრად კი სულ რაღაც 3 წუთი აშორებდა სანუკვარ მიზანს. ცოტნე მონიავაზე ისიც ვთქვათ, დებიუტანტ სპეციალისტს გარჯა დაუფასდა და საპლეიოფო მატჩების წინ ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 წრის საუკეთესო მწვრთნელად სწორედ ის დასახელდა.
ახლა კი ქუთაისს დავუბრუნდეთ..
ძნელია ენით აღწერო ის, რაც ხდებოდა „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე, საოცარი საფეხბურთო ატმოსფერო და ქომაგობა, რამაც კიდევ უფრო აუმაღლა მოტივაცია მასპინძლებს. თავის მხრივ, უხვად იყვნენ „მერანის“ ერთგული ქომაგებიც და ჭყონდიდურ გუნდს არანაკლები მოტივაცია და ჟინი ჰქონდა, ამის საფუძველს მათ პირველი მატჩის შედეგიც აძლევდა.
„მერანი“, ზემოთ ხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, რომ მეორე ნომრად ითამაშებდა ეს ძნელად პროგნოზირებადი არ იყო. გუნდს 2:0 ჰქონდა მოგებული სახლში და კონტრ-იერიშზე თუ ერთ შანსს მაინც გამოიყენებდნენ ჭყონდიდელები (სტუმრად გატანილი გოლის გათვალისწინებით) „ტორპედოს“ ამოცანა კიდევ უფრო გართულდებოდა.
„ტორპედომ“ იმდენად დიდი ძალებით შეუტია მეტოქეს საწყისი წუთებიდანვე, რომ „მერანს“ იმაზე მეტად მოუწია ზურგის გამაგრება, როგორც ეს ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა სტუმრების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ როგორც პირველ მატჩში, ქუთაისში ჩატარებულ პირველ ტაიმშიც უშეცდომოდ ითამაშეს და კარი მშრალად შეინახეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სახიფათოდ უტევდა მოწინააღმდეგე და ძირითადად ისინი ფლობდნენ ბურთს.
65-ე წუთამდე „მერანის“ გეგმის მიხედვით მიდიოდა ყველაფერი. ცოტნე მონიავას დავალებას ზედმიწევნით ასრულებდნენ „მერანელები“ და მეტოქე კიდევ უფრო ანერვიულდა. 65-ე წუთზე კი საკამათო თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა „მერანის“ კარში, ჭყონდიდელების პროტესტი უსაფუძვლო არ იყო, ერთი შეხედვით სჩანდა, რომ საჯარიმოს ხაზზთან იყო დარღვევა და არა საჯარიმოში, იყო ის ვერსიაც რომ ხელით თამაშზე დაინიშნა პენალტი, თუმცა ამ შემთხვევაშიც ძნელია დათანხმება..
მოკლედ, „ტორპედომ“ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გახსნა ანგარიში. მათე ცინცაძემ მისგან მარცხენა დაბალ კუთხეში დაარტყა ზუსტად, ბეგაშვილმა კუთხე გამოიცნო, თუმცა ბოლომდე ვერ მისწვდა ბურთს.
72-ე წუთზე კიდევ ერთხელ გააპროტესტეს არბიტრის მოქმედება სტუმრებმა, ვასილ გოგოლიძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ისე სჩანდა რომ ბურთმა გადაკვეთა კარის ხაზი.
ზოგადად, საქართველოში რაც უფრო მალე დაინერგება „VAR“-ის სისტემა, მით უფრო ნაკლები იქნება ასეთი გაურკვეველი ეპიზოდები, ცხადია აღნიშნულ მატჩში „მერანისთვის“ ასეთი მომენტები სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო.
მეორე ნახევარში „მერანმა“ კონტრიერიშებზე დაიჭირა მეტოქე და იმ შანსებიდან, ერთი მაინც რომ გამოეყენებინა, შეეძლო ყველაფერი დაესრულებინა, თუმცა ორჯერ სილამ ვერ გამოიყენა იდეალური მომენტი, განსაკუთრებით დასანანი იყო 90+5 წუთზე ახლო მანძილიდან გოლის გატანის შესაძლებლობა, სადაც მუდიმუმ ითამაშა საიმედოდ, მანამდე კი დათა წულაიას თავური დარტყმა მოიგერია კუთხურზე შოვნაძემ.
ცოტნე მონიავას გაწრთვნილ გუნდს სამი წუთი და კომპენსირებული დრო აშორებდა საფეხბურთო ელიტას, როცა ზემოთ ხსენებულმა მუდიმუმ თავური დარტყმით ორამდე გაზარდა ანგარიში. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა.
პირველი დამატებითი ტაიმის მიწურულს თორნიკე ახვლედიანმა ამ შეხვედრაში ბოლო გოლი გაიტანა, რომელმაც „ტორპედოს“ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.
.. ამრიგად, ორი მატჩის ჯამში 3:2 გაიმარჯვა „ტორპედომ“ და ეროვნულ ლიგაში დარჩა, „მერანმა“ კი ღირსეული თამაშით დაასრულა წლევანდელი ასპარეზობა. ჭყონდიდელები ეროვნული ლიგის საგზურისთვის 2022 წელს იბრძოლებენ.
გარეჯი (საგარეჯო) | 16 | 39 | |
კოლხეთი 1913 (ფოთი) | 16 | 28 | |
კოლხეთი (ხობი) | 16 | 27 | |
სპაერი (თბილისი) | 16 | 27 | |
სიონი (ბოლნისი) | 16 | 26 | |
დინამო 2 (თბილისი) | 16 | 25 | |
![]() |
მერანი (მარტვილი) | 16 | 16 |
ვიტ ჯორჯია (თბილისი) | 16 | 15 | |
მერანი (თბილისი) | 16 | 12 | |
ლოკომოტივი (თბილისი) | 16 | 9 |