1 2 3 4 5
გიორგი მიქაძე: „ჩვენი მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.

    მარტვილის „მერანი“ უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ  „მერანის“ მესვეურებმა ხელი არ ჩაიქნიეს და გუნდის შემადგენლობის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნეს და რამდენიმე, საკმაოდ ცნობილი და სახელოვანი ფეხბურთელი დაიმატეს. „მერანი“ გარდამავალი ჩემპიონატისთვის ემზადება და ე.წ. „თეთრ ჯგუფის“ გუნდებს შორის ერთ-ერთ ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ. გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - გიორგი მიქაძე. ახალგაზრდა სპეციალისტი თავის დროზე „ზესტაფონის“ მთავარი მწვრთნელი გახლდათ, შემდეგ საქართველოს ასკობრივ ნაკრებებში მუშაობდა, დღეს კი „მერანის“ მთავარი დამრიგებელია.  „ლელო“  სწორედ გიორგი მიქაძეს დაუკავშირდა და მისგან შევიტყვეთ ის სიახლეები,  რაც მარტვილის გუნდში ხდება.

 

_ თქვენ უკვე ჩაატარეთ ერთი ამხანაგური მატჩი “მერანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე (მერანი 4-1 კოლხეთი). ჯერ ადრეა სრულყოფილ სურათზე საუბარი, მაგრამ გარკვეული შეხედულება გექნებათ გუნდზე.

 

_  ეს შეხვედრა ამხანაგური იყო, მიუხედავად ამისა, გამარჯვება მაინც გვინდოდა, სხვა ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ, პირველი მატჩი იყო ადგილობრივი გულშემატკვრების წინაშე და წარმატებული სტარტი ყოველთვის სასიამოვნოა. ძირითადად კი ეს იყო სავარჯიშო ხასიათის თამაში, სადაც მინდოდა ყველას მიეღო მონაწილეობა, იყო რამოდენიმე ფეხბურთელი, ვისაც ვაკვირდებოდით. უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, იყო კარგი ეპიზოდებიც, ჯერ შორს ვართ ოპტიმალური ფორმისგან, მაგრამ ამ ეტაპზე ვიტყოდი, რომ დამაკმაყოფილებელი იყო ჩემი ფეხბურთელების გამოსვლა. შევეცდებით შემდეგ თამაშებში უფრო მეტი პრინციპულობა ჩავრთოთ, უფრო მეტად დავამუშაოთ ტაქტიკური მონახაზები, შემდეგ მატჩებზე უფრო მეტად გამოიკვეთება ჩვენი გუნდის სახე. მომდევნო ამხანაგური მატჩი 16 ივლისს გვაქვს მარტვილში ხარაგაულის „ჩხერიმელასთან“, 22 ივილსს  კი წყალტუბოში „სამგურალს“ შევხდებით.

 

_ ახალწვეულებზე რას გვეტყვით და ხომ არ აპირებთ კიდევ  ფეხბურთელების დამატებას?

 

_ საკმაოდ კარგი კონტიგენტი გვყავს, რაც შეეხება ახალწვეულებს, დავიმატეთ რევაზ გეწაძე (შუქურა), ლაშა ჩალაძე (შუქურა), ზვიად ქანთარია (ლოკომოტივი), დავით კუპატაძე (ჩიხურა), აკაკი შულაია და ვაჟა ლომაშვილიც დაუბრუნდნენ გუნდს, რომლებიც მანამდე განათხოვრებით ბოლნისის „სიონში“ და  ცხინვალის „ლიახვში“ აპსარეზობდნენ. ძირითადი ბირთვი შეკრულია, თუმცა თუ გამოჩნდა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და გუნდისთვის საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავთ, რომ  დავიმატოთ. მარტო ჩვენს სურვილზეც არ არის დამოკიდებული, ფინანსური მხარეც არის. ასე, რომ, როგორც თავში ვახსენეთ ამ ეტაპზე საკმაოდ კარგი კონტიგენტი გვყავს და ვემზადებით ხარისხიანად და მომავლის იმედით.

 

_ რა იქნება  “მერანის“ მთავარი მიზანი?

 

_ ჩვენი მთავარი მიზანი მოცემულ მომენტში  პრო-2 ლიგაში მოხვედრა იქნება, საიდანაც, მერე უმაღლეს ლიგაში დასაბრუნელბლად ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. აქიდან გამომდინარე შევეცდებით, რომ ამ ჯგუფში რაც შეიძლება მაღალი ადგილები დავიკავოთ. კონკრეტულად, როგორ მოვხდებით პრო-2 ლიგაში ამას დრო და თამაშები გვანახებს.  დარწმუნებული ვარ, არ დაგვჭირდება პლეიოფი და  ისე შევძლებთ სასურველ ჯგუფში მოხვედრას, ამას გადამეტებულად და თავდაჯერებით არ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ამის რესურსი  და კარგად მომზადების შემთხვევაში შეგვიძლია ამ ბარიერის გადალახვა.

 

_ ზოგადად, როგორი პირობებია მარტვილში?

 

_ გუნდის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად გვიწყობს ხელს, რომ გუნდმა სრულფასოვანი მომზადება გაიაროს და კარგ გარემოში მოემზადოს, რაც ძალიან გვახარებს. რადგან თუ წარმატების მიღწევა გვინდა ეს აუციელებელია. „მერანს“ ახალი სეზონისთვის, ახალი ეკიპირება ექნება, გერმანული „ადიდასის“ ფირმის. უახლოეს დღეებში გაირკვევა შეკრების სახითხიც. ზოგადად მარტვილში კარგი აურაა და ეს ყველაფერი გუნდისთვის დადებითად იმოქმედებს.

 

_რას პირდებით მარტვილელ გულშემატკივარს?

 

 

_მარტვილელ გულშემატკივარს ვპირდები ხარისხიან ფეხბურთს, რა თქმა უნდა შედეგთან ერთად. მჯერა, რომ მათ გავახარებთ. აქვე მინდა ავღნიშნო ისიც, რომ მიუხედავად მისა, რომ ამხანაგური მატჩი, იყო საკმაოდ მრავლად იყვნენ ტრიბუნებზე მარტვილელი გულშემატკივრები ხობის „კოლხეთთან“ მატჩის დროს და ეს მახარებს, იმიტომ, რომ ფეხბურთი და გულშემატკივარი განუყოფელი ნაწილია და ფეხბურთელებისთვისაც დიდი სტიმულია მათი გვერდში დგომა. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ერთად უმაღლეს ლიგაში.

სპორტული გამოცემა ლელო



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 26 59
გაგრა (გაგრა) 26 58
მერანი (მარტვილი) 26 43
გარეჯი (საგარეჯო) 26 42
მერანი (თბილისი) 26 38
დინამო (ზუგდიდი) 26 29
შევარდენი (თბილისი) 25 28
რუსთავი (რუსთავი) 26 27
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 26 27
ჩიხურა (საჩხერე) 25 6