1 2 3 4 5
ბერძნები, ნიგერიელი და გადარჩენის შანსი - "ლელოს" ინტერვიუ მარტვილის "მერანის" დირექტორთან

 საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი მარტვილის "მერანი" ზამთრის შესვენებისას მნიშვნელოვნად ძლიერდება. გუშინ "ლელომ" ბადრი კვარაცხელიას გუნდის ოთხი ახალწვეულის ვინაობა შეიტყო. "მერანის" დირექტორ ელდარ ბაკურიას სწორედ ამ თემებზე ვესაუბრეთ: "სეზონის პირველი ნახევრის შეფასებისას არ უნდა დაგვავიწყდეს ის, თუ რა ფინანსური ვითარება იყო კლუბში საქართველოს ჩემპიონატის დასაწყისში, - ამბობს ბაკურია. - ამიტომაც გადავწყვიტეთ, ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის მიგვეცა თავის გამოჩენის შანსი. ახლა ბოლო ადგილზე კი ვართ, მაგრამ კონკურენტებს დიდად არ ჩამოვრჩებით".

 

 ბაკურიას ვკითხეთ ისიც, თუ როდიდან იწყებს "მერანი" მზადებას სეზონის განახლებისთვის: "სამზადისი 4 იანვრიდან დაიწყება. ჯერ ადგილზე ვივარჯიშებთ, მერე კი თურქულ შეკრებაზე გავემგზავრებით, სავარაუდოდ - სიდეში. შეკრების ორგანიზატორები ცოტა ხანში გამოგვიგზავნიან იმ მეტოქეთა ჩამონათვალს, რომლებთანაც ამხანაგურ მატჩებს გავმართავთ. აქვე გეტყვით, რომ გუნდიდან წასვლის სურვილი ჯერ არც ერთ ფეხბურთელს არ გამოუთქვამს". გადავიდეთ მთავარზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "მერანი" სერიოზულად გაძლიერდება. აი, რას ამბობს კლუბის დირექტორი: "უკვე იცით, რომ ბესიკ ჩიმაკაძის ამბავი გადაწყვეტილია. ამას გარდა, "მერანში" ითამაშებენ გამოცდილი თავდამსხმელი შოთა ჯიქია და ხონის "იმერეთის" ნიგერიელი ლეგიონერი ბენჯამინ ტეიდი. გულშემატკივარს ის "გაგრიდანაც" უნდა ახსოვდეს. და კიდევ: უახლოეს მომავალში ველოდებით ორ ბერძენ ლეგიონერს. ვფიქრობთ, მათი დამატებით "მერანი" კიდევ უფრო გაძლიერდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გუნდის შემადგენლობა კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს... რაც შეეხებათ ბერძნებს, ფილიპოს პაპაგელიდისი მცველია. მას გამოცდილება ნამდვილად არ აკლია. თავის დროზე, საბერძნეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "კავალას" შემადგენლობაში უთამაშია. ნათამაშები აქვს ასევე საბერძნეთის პირველ და მეორე ლიგებშიც... მეორე ახალწვეულიც მცველია - 25 წლის გეორგიოს ცილიდისი. მას საბერძნეთის პირველ და მეორე ლიგებში აქვს ნათამაშები. უახლოესი 6 თვის განმავლობაში დავაკვირდებით ბერძნების თამაშს და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბოლომდე გაამართლებენ ჩვენს იმედებს, მათთან კონტრაქტი აუცილებლად გაგრძელდება".

 

 რადგან გაძლიერებაზეა ლაპარაკი, ბაკურიას ვკითხეთ, ეხმარება თუ არა "მერანს" ქალაქის ხელმძღვანელობა: "არა, ისევ და ისევ ჩვენი ძალისხმევით ხდება ეს ყველაფერი. გვინდა, რომ "მერანმა" უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს, რომ მარტვილში ფეხბურთი არ მოკვდეს და რომ ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღოს. ასევე, იმედი გვაქვს, რომ ქართულ ფეხბურთში კერძო მესაკუთრის წილი მნიშვნელოვნად გაიზრდება და იქნება სახელმწიფოს დახმარებაც".

 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 26 59
გაგრა (გაგრა) 26 58
მერანი (მარტვილი) 26 43
გარეჯი (საგარეჯო) 26 42
მერანი (თბილისი) 26 38
დინამო (ზუგდიდი) 26 29
შევარდენი (თბილისი) 25 28
რუსთავი (რუსთავი) 26 27
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 26 27
ჩიხურა (საჩხერე) 25 6