1 2 3 4 5
ჭაბუკებმა გამარჯვებით დაიწყეს

  ჭაბუკთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის მატჩები გამართეს მარტვილის ასაკობრივმა გუნდებმა. სასიხარულოა, რომ ორივე ჭაბუკთა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და "მერანის" ნორჩმა ფეხბურთელებმა შედეგთან ერთად, სანახაობრივი, ლაღი ფეხბურთი შესთავაზეს ადგილობრივ გულშემატკივარს.

მეტოქე, მარტვილელებს სერიოზული გუნდი ჰყავდათ "ზუგდიდის" სახით. U17 გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელი, ახალგაზრდა სპეციალისტი - ცოტნე მონიავა გახლავთ, 2-0 დაამარცხა მოწინააღმდეგე.

შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და ორივე გუნდის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ჭაბუკმა ფეხბურთელებმა, გააზრებული, კომბინაციური ფეხბურთი ითამაშეს.

მე-6 წუთზე კარგი მომენტი შეუქმნეს თანაგუნდელებმა, სტუმრების მხრიდან გიგა გაბეჩავას, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ თამაზ ჟიშკარიანმა დროულად დატოვა კარი და დასწრებაზე აჯობა ზუგდიდელს.

ანგარიში მე-20 წუთზე გახსნეს მარტვილელებმა, "მერანის" ტანმაღალმა მცველმა მანუჩარ ანთიამ, რომელმაც ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, გრძელი, ზუსტი გადაცემით თეიმურაზ თოლორადვა გაიყვანა მიქავასთან პირისპირ, მიქავა გამოსვლაზე არადამაჯერებლად გამოვიდა, თეიმურაზ თოლორდავამ ერთი შეხებით თავზე გადაუგდო ბურთი "ზუგდიდის" კიპერს და თავისი გუნდი დააწინაურა 1-0.

სტუმრების კონტრიერიშები საკმაოდ სახიფათო იყო, მაგრამ "მერანის" დაცვის ხაზი და მეკარე უშეცდომოდ თამაშობდნენ. 

ტაიმის მიწურულს "მერანის" U17 გუნდს, მეორე გოლის გატანაც შეეძლო, ლუკავას ფლანგიდან ჩართვას და ჩინებულ გადაცემას, საჯარიმოში ლუკა შონია გამოეხმაურა, მაგრამ ახლო მანძილიდან მიზანმა უმტყუნა "მერანელს".

მეორე ნახევარში მონიავამ ცვლილებები განახორციელა და შეცვლაზე შემოსულა ტურენკომ აშკარად გაამართლა, გარდა იმისა, რომ აქტიურად შემოვიდა თამაშში ტურენკო, 75-ე წუთზე მეკარე ადვილად მოატყუა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი 2-0

ამრიგად, U17 გუნდმა, პირველ ტურში მოპოვებული სამი ქულით, ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო. ცოტნე მონიავას გუნდი შემდეგ შეხვედრას 7 სექტემბერს ფოთში გამართავს "კოლხეთის" ასაკობრივი გუნდის წინააღმდეგ.

ასევე წარმატებული სტარტი აქვს "მერანის" U15 გუნდს. ალიკა კალანდიას დამოძღვრილმა ფეხბურთელებმა ზუგდიდელი თანატოლები მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხეს.

შეხვედრის დაწყებისთანავე შეეძლოთ მარტვილელებს დაწინაურება, რადგან კვანტალიანის მოჭრილი პასით საჯაია აღმოჩნდა ხელსაყრელ ადგილას, მაგრამ საჯაიამ მცირე მანძილით გადააცილა კარს ბურთი.

მასპინძლებმა მაინც გაიტანეს სწრაფი გოლი. მე-8 წუთზე ჩვენი გუნდის მცველმა, მათე გაბელიამ თავის მეურვეს საკუთარ საჯარიმოში დააკარგვინა ბურთი, მერე კი მოწინააღმდეგე აიძულა მის წინააღმდეგ თამაშის წესები დაერღვია, რასაც მთავარი მსაჯის სასტევნი მოჰყვა. თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა შეასრულა უზადოდ. გაბელიამ მარჯვენა მაღალ კუთხეში მოათავსა ბურთი 1-0.

მეორე ნახევარში "მერანის" U15 გუნდს კიდევ რამდენიმე ეპიზოდი ჰქონდა უფრო სოლიდური გაეხადა რეზულტატი, ამასთანავე სტუმრებსაც შეეძლოთ გამათანაბრებელი გოლი გაეტანათ, მაგრამ საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა და შეხვედრა მარტვილელების გამარჯვებით 1-0 დასრულდა.

მეორე ტურის მატჩს, ალიკა კალანდიას გუნდიც სტუმრად ფოთში გამართავს "კოლხეთის" U15 გუნდის წინაარმდეგ 7 სექტემბერს.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 34 79
სამგურალი 34 66
არაგვი 34 61
ბახმარო 34 51
საბურთალო 2 34 45
ბორჯომი 34 39
ბეთლემი 34 37
კოლხეთი 34 37
მეშახტე 34 35
გორი 34 33