1 2 3 4 5
მურთაზ ხურცილავა - ფრაგმენტი ჩემი კარიერიდან

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, წარმოშობით მარტვილელი მურთაზ ხურცილავას მოგონებები განვლილ საფეხბურთო კარიერაზე დაიბეჭდა ყოველდღიური სპორტული გაზეთ "ლელოს" ფურცლებზე. უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ წერილს:

 

1966 წელს, ინგლისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხმა ქართველმა ითამაშა: მურთაზ ხურცილავამ, გიორგი სიჭინავამ, სლავა მეტრეველმა და ანზორ კავაზაშვილმა.

საბჭოთა კავშირის ნაკრებმა მაშინ მეოთხე ადგილი დაიკავა, ასეთი მაღალი შედეგისთვის არც მანამდე და არც მერე არ მიუღწევია.

წიგნებში, ცნობარებში და ინტერნეტში ბევრის ამოკითხვა შეიძლება, მაგრამ სულ სხვა არის, როცა უშუალოდ იმ ამბების მონაწილე გიყვება ამ ყველაფერს.

ალბიონზე ჩატარებულ მუნდიალზე მურთაზ ხურცილავა გვიყვება, მაშინდელი საბჭოთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი. ხურცილავას რეგალიების ჩამოთვლას ახლა არ შევუდგებით, ისიცაა, რომ ეს უფრო მათი საქმეა, ვინც ხურცილავას თამაშს მოესწრო.

ინგლისი -1966 კი მართლაც საოცარი ჩემპიონატი იყო თავისი სენსაციებით, ტოფიკ ბახრამოვის მიერ ჩათვლილი გოლით
, ჯეფ ჰერსტის ჰეთ თრიკით, ეუსებიოთი, ბობი ჩარლტონითა თუ ფრანც ბეკენბაუერით.

ჩვენთვის საამაყო უნდა იყოს, რომ ეს მუნდიალი ქართველმა ფეხბურთელებმაც გაამრავალფეროვნეს. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანეს მიხეილ მესხი, არადა ვინ იცის, რა სასწაულებს მოახდენდა იქ...

მაშ ასე - ინგლისი, 1966 წელი, მსოფლიოს მე-8 ჩემპიონატი...

* * *
მურთაზ ხურცილავა: საბჭოთა კავშირის ნაკრე ბს მაშინ ნიკოლაი მოროზოვი წვრთნიდა. ძალიან კარგი პიროვნება იყო, სპეციალისტიც ნორმალური გახლდათ. ყველა მწვრთნელი დაცვიდან იწყებს გუნდის აწყობას, ასე იყო მოროზოვიც, რომელიც დაცვას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა. 

საბჭოთა ნაკრების თავდასხმაში მაშინ ეს სამეული თამაშობდა - იგორ ჩისლენკო, ანატოლი ბანიშევსკი და ედუარდ მალოფეევი. ნახევარდაცვის ხაზს იოჟეფ საბო და ჟორა სიჭინავა ამაგრებდნენ. სამწუხაროდ, სიჭინავას დარი ფეხბურთელები ახლა აღარ არიან. 

ჟორას მოედანზე ყველაფერი შეეძლო, ბურთის შენარჩუნება არაჩვეულებრივად შეეძლო. იყო ხოლმე, როცა დრო უნდა მოგვეგო, თამაში, ასე ვთქვათ, უკვე გაკეთებული გვქონდა და ანგარიში უნდა შეგვენარჩუნებინა, მეტოქე კი ზეწოლას აძლიერებდა - ასეთ დროს თანაგუნდელები სიჭინავას ვეძებდით და ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ ბურთი როგორმე მისთვის მიგვეწოდებინა, ჟორა კი ბურთს არ დაკარგავდა და გუნდს ამოასუნთქებდა.

დიდებული მეკარე იყო ანზორ კავაზაშვილი. ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ის მოსკოვის "ტორპედოს" ფეხბურთელი იყო, უთამაშია მოსკოვის "სპარტაკშიც" და მის თანაგუნდელებს ჩემთვის არაეთხელ უთქვამთ, ერთმა კაცმა გაგვხადა ჩემპიონებიო - ანზორმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა ორივე გუნდში მოახერხა.

საბჭოთა კავშირის პირველი მეკარე კი იაშინი გახლდათ და მას ვერავინ ვერ შეედრება, ის სულ სხვა იყო, მას მეკარისთვის ყველა აუცილებელი თვისება ჰქონდა და სხვა ასეთი უნიკალური მეკარე მე არ მინახავს. ის დიდებულად კარნახობდა მცველებს და მერწმუნეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. იაშინი რწმენას უნერგავდა თანაგუნდელებს, თითქოს მეთორმეტე ფეხბურთელიც კი იყო გუნდში. იაშინი ზოგი მეკარისავით ტყუილუბრალოდ არასდროს არ გადახტებოდა ბურთზე, საერთოდაც, ნახტომს იშვიათად აკეთებდა, რადგან თამაშის წაკითხვა ზედმიწევნით კარგად შეეძლო. შესანიშნავი ალღო ჰქონდა.

ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატის წინ შეკრებაზე შვედეთში წავედით. მოგვიწია შვედეთის ნაკრებთან თამაში, სტადიონი
 გაივსო. ერთ-ერთმა შვედმა ძლიერად დაარტყა, რიკოშეტის შემდეგ ბურთმა მიმართულება მკვეთრად შეიცვალა, იაშინს ნახტომი უკვე დაწყებული ჰქონდა, მაგრამ რიკოშეტის შემდეგ რაღაცნაირად მოახერხა ჰაერში შემოტრიალება, საპირისპირო მხარეს გადახტომა და ბურთის მოგერიება. ამის მნახველი შვედი გულშემატკივრები ფეხზე წამოდგნენ და 2-3 წუთი ტაშს უკრავდნენ იაშინს. მეკარეს ასეთი რამე გაეკეთებონოს, მას შემდეგ მე არ მინახავს. იაშინი დიდებული პიროვნებაც იყო და ამაზე ცოტა ხანში გეტყვით.

ინგლისში პირველი მატჩი ჩრდილოეთ კორეასთან გვქონდა. ჯგუფში მეტოქეებად კიდევ იტალია და ჩილე გვყავდა. კორეელები რიგიანად თამაშობდნენ, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში იტალიას 1:0 მოუგეს და ჩვენთან ერთად შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. კორეას 3:0 მოვუგეთ, ორი გოლი
 მალოფეევმა გაიტანა, ერთიც- ბანიშევსკიმ. იაშინი შეუძლოდ იყო და კარში კავაზაშვილი იდგა, მე და სიჭინავაც მოედანზე ვიყავით.

კორეის შემდეგ იყო შეხვედრა იტალიასთან. იმ დროს ინგლისში სუხიშვილებს ჰქონდათ გასტროლები და მთელი დასით მოვიდნენ სტადიონზე
, ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილიც იქ იყვნენ. ისინიც თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მოსულიყვნენ სტადიონზე და როგორც კი მოთელვაზე გავიდნენ, ჩვენი გამხნევება დაიწყეს. 

ქართველები რომ მგულშემატკივრობდნენ, ამან ფსიქოლოგიურად ძალიან დადებითად იმოქმედა ჩემზე, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გამოდგა.

მოროზოვმა სანდრო მაცოლას მეურვეობა დამავალა. ამ იტალიელ თავდამსხმელზე ახალს ვერაფერს გეტყვით, ყველამ კარგად იცის, რა დონის ფორვარდი გახლდათ, ნაკლის დანახვა მის თამაშში შეუძლებელი იყო. მაცოლას ამოკეტვა მოვახერხე, სუხიშვილების ქომაგობითაც უფრო თამამად ვვრძნობდი თავს მოედანზე.

იტალიას პირწმინდად ვაჯობეთ და ისე მოვუგეთ 1:0. ქართველებიდან მხოლოდ მე ვითამაშე. იაშინი უკვე მომჯობინებული იყო და კარშიც ის იდგა. სიჭინავა კი ტრავმის გამო ვერ თამაშობდა. რაც შეეხება სლავას, მოროზოვმა ისევ არ ათამაშა. მწვრთნელი 
მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე უფრო ჩისლენკოს ანიჭებდა უპირატესობას. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ორივეს ვათამაშებდი. სლავა მეტრეველი გუნდში გყავდეს და არ ათამაშო - ეს უხერხული მომენტი იყო. ჩისლენკოც ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, იტალიური "კატენაჩო" მოარღვია და დიდებული გოლი გაიტანა. 

ჯგუფში ბოლო თამაში ჩილესთან გვქონდა. ორი მოგებით უკვე გასულები ვიყავით მეოთხედფინალში და მწვრთნელმა
 ჩილესთან დასვენების საშუალება მომცა, ჩისლენკოს ნაცვლად კი მეტრეველი ათამაშა. სლავას ჩაგდებული მატჩი მე არ მახსოვს და ჩილესთანაც მშვენივრად ითამაშა. სამხრეთამერიკელებს 2:1 მოვუგეთ, ორივე გოლი ვალერი პორკუიანმა გაიტანა.

მეოთხედფინალში უნგრეთი გველოდა. უნგრელებს მართლაც დიდებული გუნდი ჰყავდათ, ჯგუფში ტოსტაოს და გარინჩას ბრაზილიას 3:1-იც კი მოუგეს. ფერენც ბენე, ფლორიან ალბერტი...უნგრეთის ნაკრებში არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელი თამაშობდა.

თამაშის წინ მოროზოვმა ალბერტის წინააღმდეგ თამაში დამავალა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, თამაშის დღეს, დილით კი აღმოჩნდა, რომ მუხლი გასიებული მქონდა. 

საგონებელში ჩავარდი, სერიოზულად არ დავშავებულვარ და უცბად ასეთი ამბავი. აღმოჩნდა, რომ მუხლში სითხე მქონდა ჩამდგარი და რა თქმა უნდა, ჩემი უნგრეთთან თამაში გამოირიცხა. ტრავმირებული იყო სიჭინავაც. მოროზოვმა გაბედა და ვალერი ვორონინი ათამაშა, ვისაც მართლაც უნივერსალური თვისებები ჰქონდა. ვორონინმა უნგრეთთან ისე ითამაშა, რომ ყველა დაჩრდილა. 2:1 მოვიგეთ, გოლები ჩისლენკომ და პორკუიანმა გაიტანეს.

ნახევარფინალში გასვლა უკვე ძალიან დიდი მიღწევა იყო. მეტოქე ძალიან სერიოზული გვყავდა - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრები. მე და სიჭინავას ისევ გვაწუხებდა ტრავმა და ვერ ვითამაშეთ. 

საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ასეთ ძლიერ მეტოქეს თამაშით არაფერი არ დაუთმო. გერმანელთაგან გოლები ჰელმუტ ჰალერმა და ფრანც ბეკენბაუერმა გაიტანეს და 1:2 წავაგეთ, არადა, იაშინს ორივე ბურთის მოგერიება მართებდა. ბეკენბაუერმა საკმაოდ შორი მანძილიდან გაიტანა, გარე ტერფით მოჭრილი ბურთი დაარტყა. 

მერწმუნეთ, ჩვენი გუნდი გერმანელებთან უშანსოდ ნამდვილად არ იყო. ყველაფერი მაინც ჩისლენკოს გაძევებამ გადაწყვიტა, მას კარლ-ჰაინც შნელინგერი ეთამაშა უხეშად, ჩისლენკომ ეს ვერ აიტანა და მეტოქეს უხეშობაზე მოურიდებლად უპასუხა. ბეკენბაუერი, ოვერატი, ზეელერი, ემერიხი... ასეთებთან კიდევ კაცნაკლული რომ დარჩები, როგორღა უნდა მოიგო?! 

მესამე ადგილისთვის მატჩი პორტუგალიასთან გვქონდა. მოროზოვმა დაცვაში ალბერტ შესტერნიოვის ნაცვლად ალექს კორნეევი გაამწესა. მე და სიჭინავა გამოვჯანმრთელდით და მოედანზე ვიყავით. დისკვალიფიცირებული ჩისლენკოს მაგივრად კი სლავამ ითამაშა.

მწვრთნელმა ბოლო მომენტში პორტუგალიელთა ახმახი ფორვარდის, ჟოზე ტორესის ამოკეტვა დამავალა,არადა მანმადე მეუბნებოდა, ეუსებიოს წინააღმდეგ უნდა ითამაშოო და მეც ამისთვის ვემზადებოდი.

პირველი ტაიმი არც თუ დიდი ხნის დაწყებული იყო, ჩვენს საჯარიმოში რომ ჩააწოდეს ბურთი, ავხტი და უნებლიედ ხელზე მომხვდა ის. მე ასეთი ჩვევა მქონდა - როცა მაღალ ბურთზე ვხტებოდი, ხელებს ზევით ვწევდი და როგორც ჩანს, ამის ბრალი იყო ყველაფერი. მსაჯმა 11-მეტრიანი დანიშნა და ეუსებიომაც დააწინაურა პორტუგალია. 

საშინლად დავითრგუნე, საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი ყველაფერ ამას. შესვენებამდე ძლივს მივიტანე თავი. გუნდის კაპიტანმა იაშინმა გვერდზე გამიხმო და ცალკე დამელაპარაკა, მითხრა, ეს ვის არ მოსვლიაო, მოკლედ, ყველანაირად შეეცადა ჩემს გამხნევებას და ეს მართლაც მოახერხა. იაშინის სიტყვები ჩემთვის მწვრთნელის 
შეგონებებზე უფრო მეტი აღმოჩნდა. 

მეორე ტაიმშიც თავს უკვე მხნედ ვგრძობდი, რიხიანად შეუტიეთ პორტუგალიას. ეუსებიო უკან ხშირად იხევდა, სულ იმას ცდილობდა, ბურთი მიეღო და თამაშში ჩართული ყოფილიყო, მაგარი იყო, მარჯვენა ფეხით ძალიან ძლიერი დარტყმა ჰქონდა, კორნეევმა მის წინააღმდეგ მაინცდამაინც კარგად ვერ ითამაშა.

ანგარიში გავათანაბრეთ - გოლი
 სლავამ გაიტანა. ზოგიერთ ცნობარში ეს გოლი მალოფეევს მიაწერეს, მაგრამ მასე არ ყოფილა - მეტრეველმა რომ დაარტყა, მალოფეევმა ბურთზე ფეხი გაწია, თუმცა არ შეჰხებია. 

საბოლოოდ, პორტუგალიასთან 1:2 წავაგეთ და ბრინჯაოს მედლებს დავჯერდით. რომ არა ის პენალტი, ალბათ დავამარცხებდით მეტოქეს.

ჩემპიონი კი ინგლისი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიას ჩინებული გუნდი ჰყავდა და ბახრამოვმა ერთობ საკამათო გოლი
 ჩაუთვალა ინგლისს, ჩემპიონობას მაინც უფრო ტურნირის მასპინძლები იმსახურებდნენ. გორდონ ბენქსი, ბობი მური, ბობი ჩარლტონი, ჯეფ ჰერსტი... ეს მათი მოსაგები ჩემპიონატი იყო. 

გულდასაწყვეტია, მესხი რომ არ წაიყვანეს ამ მუნდიალზე, ეს მწვრთნელის
 შეცდომა იყო, მესხი უდაოდ დიდ სარგებლობას მოუტანდა ჩვენ გუნდს...



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 15 38
ბახმარო 16 29
არაგვი 15 28
სამგურალი 16 23
ბორჯომი 16 23
საბურთალო 2 15 22
კოლხეთი 16 21
გორი 16 14
ბეთლემი 16 12
მეშახტე 15 9