1 2 3 4 5
”რა ხდება ”მერანში”?- ანუ შეიძლება თუ არა მარტვილში ფეხბურთი ჩაკვდეს..?”

 მართლაც, რა ხდება დღეს მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანში”? რატომ თქვა ფრიდონ ინჯიამ უარი მის დაფინანსებაზე? არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ მარტვილში ფეხბურთი ჩაკვდეს? - აი, კითხვები, რომელიც მარტვილელ გულშემატკივარს აწუხებს.

 

 მართალია, თქვა თუ არა უარი ”მერანის” დაფინანსებაზე ფრიდონ ინჯიამ, ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტის განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, მაგრამ ხომ გაგიგონიათ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და ფაქტია, რომ რაღაც ხდება..

 

 გაზეთ ”მარტვილის” რედაქციის აზრით, რაც უნდა მოხდეს, ბატონმა ფრიდონ ინჯიამ შეიძლება შეამციროს დაფინანსება, მაგრამ ის გუნდს უპატრონოდ არ დატოვებს, თუმცა რაიონის ადგილობრივი ხელისუფლება დიდი ხანია, თავისი უმოქმედობით თუ მოქმედებით, ამისკენ უბიძგებს მას.

 

 ყველამ ვიცით, რომ 2006 წლიდან დღემდე საფეხბურთო კლუბ ”მერანის” დაფინანსება და მისი წარმატებები ცნობილი ბიზნესმენისა და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ინჯიას დამსახურებაა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მარტო 2014-2015 წლებში ”მერანის” ბიუჯეტმა 1300000 ლარი შეადგინა. აქიდან გამომდინარე, დოკუმენტებში ჩაუხედავადც ცხადია თუ რამდენს დახარჯავდა ბიზნესმენი 9 წლის განმავლობაში. სწორედ ამ წლებში წარმოჩინდნენ მარტვილში ახალგაზრდა ფეხბურთელები: პაპუნა ფონიავა, ლევან გეგეჭკორი, კიჭი მელიავა, ელგუჯა გრიგალაშვილი, აკაკი შულაია და სხვები, რომლებიც სისტემატურად ხვდებიან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კლუბ ”მერანში” 60 -ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ამას დაუმატეთ უმაღლესი გუნდებისათვის აუცილებელი 4 ჭაბუკთა გუნდი, რომლის საწევრო გადასახადებს, ტრანსპორტისა და კვების ფულს კლუბის პრეზიდენტი ფრიდონ ინჯია იხდის.

 

 რას აკეთებს ამ დროს მარტვილის ადგილობრივი ხელისუფლება? თითქმის არაფერს. არადა რედაქციამ გადაამოწმა დასავლეთ საქართველოს საფეხბურთო გუნდების დაფინანსების წყარო და აღმოჩნდა, რომ ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხის, ხონის, ჩხოროწყუს, ფოთის, სამტრედიის, ლანჩხუთის და სხვა რაიონების გუნდები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ დროს კი მარტვილის ადგილობრივი ხელისუფლება თავის საფეხბურთო გუნდისათვის არაფერს იმეტებს. აქაო-და ”მერანი” კერძო კლუბია და მისმა მეპატრონემ დააფინანსოსო. არადა ამ კერძო კლუბის დაფინანსებით მისი პრეზიდენტი ხომ მთელი რაიონის საქმეს აკეთებს. ამასთან ხომ არსებობს არაერთი პრეცედენტი, იმისა, რომ სახელმწიფო და კერძო მესაკუთრე ერთდროულად აფინანსებს გუნდს. მაგალითისთვის ცნობილი ფეხბურთელისა და ამჟამად ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის მშობლიური რაიონის, სამტრედიის გახსენებაც კმარა. ასე უნდა ხდებოდეს სხვა რაიონებშიც. სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს კერძო სექტორს, წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგამდე მივალთ.

 

 დღეს, რომ ”მერანი” უმაღლეს ლიგაში თამაშობს ეს ხომ უდიდესი სიხარულის მომტანია ყველა მარტვილელისთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის. ამიტომაც არის, რომ გუნდს სტადიონზე მაყურებელი არასდროს აკლდება. ”მერანს” ათასობით მხურვალე გულშემატკივარი ჰყავს.. საინტერესოა რას ეტყვიან ამ ხალხს მარტვილის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები. თუ ფრიდონ ინჯია შეწყვეტს გუნდის დაფინანსებას, როგორ წარმოუდგენიათ მათ ფეხბურთის ხვალინდელი დღე მარტვილში? რას გააკეთებენ ისინი საკუთარი ჯიბიდან თუ ბიუჯეტიდან რაიონში ფეხბურთის შემდგომი განვითარებისთვის?

 

 -” ფრიდონ ინჯიამ ქართული ფეხბურთისთვის მართლაც ბევრი რამ გააკეთა, ბოლოს და ბოლოს მან მარტვილის გუნდი ისტორიაში პირველად უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა და რაიონს მშვენიერი სტადიონიც აჩუქა” -ამბობენ მარტვილელი გულშემატკივრები, რომელთაგან ყველა დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოსგან თუნდაც მცირეოდენი თანადგომის გამოჩენის შემთხვევაში ფრიდონ ინჯიასაც ექნება სტიმული მეტი ხალისით განაგრძოს ის საქმიანობა, რასაც 9 წელია მარტვილში უანგაროდ აკეთებს.

 

 და მაინც ყველას თავში უტრიალებს ერთი კითხვა: გაეცლება თუ არა ფრიდონ ინჯია ქართულ ფეხბურთს? - ვფიქრობთ, რომ არა..
თუმცა ვნახოთ რა იქნება...

 

 გაზეთ ”მარტვილის” რედაქცია



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 15 38
ბახმარო 16 29
არაგვი 15 28
სამგურალი 16 23
ბორჯომი 16 23
საბურთალო 2 15 22
კოლხეთი 16 21
გორი 16 14
ბეთლემი 16 12
მეშახტე 15 9