1 2 3 4 5
მერანი-ტორპედო 3:1 - ტორპედოს გაყინული წყალი გადაასხეს

  ...მატჩის დაწყებას წინ წუთიერი დუმილი უძღოდა. 50 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა მრავალი თაობის აღმზრდელი, ქუთაისის "ტორპედოს" საფეხბურთო სკოლის მწვრთნელი ბესიკ ბრეგაძე.

გუნდები თამაშის ეშხში ყოველგვარი დაზვერვის გარეშე შევიდნენ და თუ არ ჩავთვლით საწყის წუთებს, შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმის დიდ ნაწილს მერანელები აკონტროლებდნენ. 

მე-12 წუთზე ტაბატაძის პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა ფიფიამ სასწაულებრივ ააცილა მიზანს. ათიოდე წუთში მასპინძლებს შეეძლოთ გატანა, თუმცა გეგეჭკორის თავური სტუმართა კარის დარაჯმა მოიგერია. ამას ჩიმაკაძის გამოზომილი და ძლიერი დარტყმა მოჰყვა, რომელიც ბობღიაშვილმა რის ვაი-ვაგლახით მოიგერია. 

36-ე წუთზე მარტვილელთა შეტევა მარჯვენა ფრთიდან განვითარდა, გეგეჭკორმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, უწყინარ სიტუაციაში ბობღიაშვილმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რითიც ჩინებულად ისარგებლა ჩიმაკაძემ და თავისიანები დააწინაურა.

ქუთათურები შეტევაზე გადავიდნენ და რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც შექმნეს. თუმცა, კვერნაძის ორ "გასროლას" შედეგი არ მოჰყოლია.

გასახდელიდან გამოსულ ქუთათურებს წივი წყალი ფონიავამ გადაასხა - დაახლოებით 23-25 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით, ტურის ერთ-ერთი საუკეთესო გოლის გატანა მოახერხა. სხვათა შორის, ფონიავამ წინა სეზონშიც გამოიჩინა თავი "ტორპედოსთან" და მაშინაც მისი გოლი შესანიშნავი იყო.

რევაზ ძოძუაშვილის შეცვლებს (ტრავმირებული თოდუას ნაცვლად ტუღუში, ხოლო ინერტული ქებურიას ნაცვლად, ექსმერანელი ბაბუნაშვილი შეუშვა), როგორც ანგარიშიდან ჩანს, შედეგი არ მოჰყოლია. 

ამის შემდეგ, მარტვილელებმა თამაში კონტრშეტევებზე ააგეს. ისინი დროდადრო მწვავედ და აზრიანად უტევდნენ. და მაინც, აღსანიშნავია, ტუღუშისა და ჩიკვილაძის დარტყმები, რომელიც მეკარემ უკუაგდო.

52-ე წუთზე მერანელებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, დასარტყმელ პოზიციაზე გეგეჭკორი გავიდა, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა. 

მასპინძლებმა მეტოქის მდგომარეობით ისარგებლეს და იოლადაც გაუსწორდნენ. აქტიური ფლანგების საშუალებით ისინი იოლად პოულობდნენ ხარვეზებს "ტორპედოს" დაცვაში. სამსვლიანი კომბინაცია, რომელიც ციკოლიამ წამოიწყო, შულაიას გარღვევითა და ჩიკვილაძის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა - 3:0.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტუმრებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს - საჯარიმოდან გამოვარდნილ ბურთს კვერნაძემ დაამატა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 3:1.

მატჩის შემდეგ
შალვა ღონღაძე ("მერანი"): "პირველი ორი ტურის შემდეგ სწორი დასკვნები გამოვიტანეთ, კორექტივები შევიტანეთ შემადგენლობაში, შევცვალეთ სათამაშო სქემაც, რამაც შედეგი გამოიღო. თასზე დიდი ანგარიშით დავამარცხეთ ოზურგეთის "მერცხალი", დღესაც სამი ბურთის გატანა მოვახერხეთ. ვულოცავ ბიჭებს და გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას".

რევაზ ძოძუაშვილი ("ტორპედო"): "რამდენიმე რეალური მომენტი ვერ გამოვიყენეთ, გოლი კი ჩვენი მეკარის უხეშ შეცდომას მოჰყვა. თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ალბათ ბიჭებმა მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასეს, რის გამოც დავისაჯეთ კიდეც. ზედმეტი თავდაჯერებულობა დამღუპველია".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. III ტური
24.08. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
მერანი-ტორპედო 3:1
გოლები: 1:0 ჩიმაკაძე (36. გეგეჭკორის პასით), 2:0 ფონიავა (47), 3:0 ჩიმაკაძე (79. შულაიას პასით), 3:1 კვერნაძე (90+3)

მერანი (4-4-2): მამალაძე - მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, კიკნაველიძე - გეგეჭკორი, წყაროზია (66. ჯღამაია), ბოლქვაძე (73. ციკოლია), ფონიავა - ჩიმაკაძე, ციცხვაია (46. შულაია).
სათადარიგოები: ტურავა, წულაია, გეგია, წურწუმია
მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი

ტორპედო (4-4-2): ბობღიაშვილი - ტაბატაძე, თოდუა, აბრამიძე (46. ტუღუში), მახვილაძე - ჩაკვეტაძე, მარკოზაშვილი, ჩიკვილაძე (76. ბენაშვილი), ქებურია (46. ბაბუნაშვილი) - ფიფია, კვერნაძე.
სათადარიგოები: თებიძე, გელაშვილი, ელიავა, ჩადუნელი
მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი

გაფრთხილება: ჩაკვეტაძე (39), ციკოლია (89)

არბიტრი: ლ. კვარაცხელია

 

 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 29 67
სამგურალი 29 54
არაგვი 29 52
ბახმარო 29 45
საბურთალო 2 29 41
ბორჯომი 29 36
გორი 29 31
ბეთლემი 29 29
კოლხეთი 29 29
მეშახტე 29 28