1 2 3 4 5
მერანი-ვიტ ჯორჯია 0:2 მარცხიანი სტარტი

წესით და რიგით, "მერანს" სეზონის პირველი მატჩი საკუთარ არენაზე უნდა ჩაეტარებინა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ეს ვერ მოხერხდა. მარტვილში ხელოვნურსაფარიანი მოედნის დაგება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს - სამუშაოები სექტემბრის ბოლოსთვის
დასრულდება.

"მერანმა", რომელმაც სეზონის წინ ძირეული ცვლილებები განიცადა, "ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრაში თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა. მთელი 90 წუთის განმავლობაში თამაში დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და თუ არ ჩავთვლით 18 წლის მათე კვირკვიას ინდივიდუალურ
ოსტატობას, დასაწერიც არაფერი იქნებოდა.

ფაქტობრივად, პირველივე სახიფათო მომენტი გოლით დაგვირგვინდა - კუთხურიდან გათამაშებული ბურთი, სტუმრებმა საჯარიმოში ჩაკიდეს, სადაც დასწრებაზე ითამაშა კვირკვიამ და მამალაძეს შანსი არ დაუტოვა.

სტუმრებმა მოედნის ცენტრის კონტროლი მოახერხეს. დავლაშეიშვილის დარტყმული ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ გეთიაშვილს მიუვიდა, თუმცა უკანასკნელმა მეკარეს ვერ აჯობა. 

ერთადერთი, რაც "მასპინძლებმა" შეძლეს, ბოლქვაძის "სტანდარტული" იყო, რომელიც ძელმა აისხლიტა. 

37-ე წუთზე მერანელებმა ბურთი მოედნის ცენტრის სიახლოვეს დაკარგეს, რითიც კარგად ისარგებლა კვირკვიამ, რომელმაც დაახლოებით 40 მეტრი ირბინა და საბოლოო დარტყმაც ტექნიკურად შეასრულა - 2:0.

მატჩიც, ფაქტობრივად, აქვე "დასრულდა". "მერანის" თამაშიდან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ თამაშს ვეღარ გადაარჩენდა.

ამის დასტური იყო მეორე ტაიმი, რომელიც ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ბრძოლა კი მეტ-ნაკლებად მაინც იყო. ერთ-ერთ სათამაშო
ეპიზოდში ფონიავა საკუთარ ნახევარზე წააქცია ლობჯანიძემ, რის გამოც ფეხბურთელებს შორის სიტუაცია დაიძაბა.

არბიტრი მალხაზ ბეუქლიშვილი იძულებული გახდა, სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ვიტელთა სათადარიგო მეკარე დანტე ჩალიგავა გაეძევებინა. კონფლიქტიც აქ ამოიწურა.

მარტვილელებს სხვაობის შემცირების ყველაზე კარგი შანსი 57-ე წუთზე მიეცათ - მარცხენა ფლანგიდან გეგიას მიერ ჩაწოდებულ ბურთს შეცვლაზე შესულმა შულაიამ შეუცვალა მიმართულება, თუმცა ექსმერანელმა მეკარე შეროზიამ დამაჯერებლად ითამაშა. მან გუნდი იმ ეპიზოდშიც გადაარჩინა, როცა ფონიავას საკმაოდ ძლიერად დარტყმული ბურთი გააქვავა ხელებში.

საბოლოოდ, "ვიტ ჯორჯიამ" დამსახურებული 3 ქულა მოიპოვა, "მერანს" კი ამ კონტინგენტითა და თამაშის ხარისხით 16-გუნდიან ჩემპიონატშიც კი ძალიან გაუჭირდება ადგილის შენარჩუნება.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. I ტური
10.08. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე.


მერანი-ვიტ ჯორჯია 0:2
გოლები: 0:1 კვირკვია (14. მაისურაძის პასით), 0:2 კვირკვია (37)

მერანი: მამალაძე, მელიავა, გეგეჭკორი, ლომაშვილი, გეგია, წყაროზია, ჯღამაია (46. ორბელაძე), კოშკაძე (55. შულაია), ბოლქვაძე (76. ციცხვაია), ფონიავა, ჩიმაკაძე.
სათადარიგოები: ხაინდრავა, წულაია, ქაჯაია, ციკოლია
მწვრთნელი: ვ. ლობასი

ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, მურუსიძე, დავლაშეიშვილი, მაისურაძე, დემეტრაშვილი (70. თათხაშვილი), კურდღელაშვილი (61. ღიბრაძე), კვირკვია (59. დადიანი), ლობჯანიძე.
სათადარიგოები: ჩალიგავა, ჩიტიშვილი, გახარია, კუხალეიშვილი
მწვრთნელი: ზ. ბერიძე

გაფრთხილება: კურდღელაშვილი (24), კოშკაძე (42), თათხაშვილი (72), შულაია (75)
გაძევება: ჩალიგავა (51)


არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი

 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 29 67
სამგურალი 29 54
არაგვი 29 52
ბახმარო 29 45
საბურთალო 2 29 41
ბორჯომი 29 36
გორი 29 31
ბეთლემი 29 29
კოლხეთი 29 29
მეშახტე 29 28