1 2 3 4 5
«... შეიძლება ეს ყველაფერი ვინმეს მოეწონოს, გამოადგეს და მომბაძოს» - რატომ დაბრუნდა ფრიდონ ინჯია პოლიტიკაში

 

      - „პოლიტიკას არასოდეს დავშორებივარ... რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო მეტადაა დაკავშირებული ბიზნესი პოლიტიკასთან. რაც უფრო დიდია ბიზნესმენი, მით უფრო ყურადღების ცენტრშია პოლიტიკოსებისგან. თუ არ ხარ პოლიტიკოსი შენს საქმეში, ბიზნესში ყოფნა ძალიან გაგიჭირდება. სხვათა შორის, ის ყველგანაა: ოჯახში, სამსახურში, სამეზობლოში, სამეგობროში. ძალიან მაკვირვებს როცა ზოგიერთი ამბობს ხოლმე: „მე პოლიტიკაში არ ვერევიო!“. როგორ შეიძლება ქართველი კაცი პოლიტიკიდან შორს იდგეს, ხომ ყველა ვხედავთ, რა პირობებშიცაა ჩვენი მოსახლეობა?! ეს შეიძლება თქვას, მაგალითად, ბერლინის ან ფრაიბურგის მაცხოვრებელმა გერმანელმა, სადაც ყველაფერი დალაგებული, დაგეგმილი და გარანტირებულია. ღმერთმა ქნას, რომ ასეთი დრო დაგვიდგეს. ბოლო წლებში რომ არა ჩვენი ხალხის, საზოგადოების აქტიურობა, ახლაც ნაც-ხელისუფლება გვეყოლებოდა. დღეს ბიზნესი ზეწოლისგან და ზედმეტი კონტროლისგან საგრძნობლად თავისუფალია, მაგრამ არა ბოლომდე... ეს მე ვიცი.“ - ასე ხსნის ბიზნესმენი ფრიდონ ინჯია პოლიტიკაში დაბრუნების, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პოლიტიკურად გააქტიურების გადაწყვეტილებას.


მართალია, საკუთარი რაიონისთვის ბიზნესმენის ამპლუაშიც ბევრის გაკეთებას ახერხებს, მაგრამ ქვეყნისთვის უფრო მეტის კეთების ამბიცია მაინც აქვს. კენჭს მარტვილის მაჟორიტარად იყრის და მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, საკუთარ თანამებრძოლებთან ერთად, „ქვეყნის მოწესრიგებას“ აქტიურად ცდილობს. სრულიად საქართველოს გულშემატკივრობა მარტვილიდან დაიწყო და ეროვნულ, მართლმადიდებლურ ტრადიციებზე აღზრდილი საქართველოს დე-ფაქტო და დე-იურე საზღვრებში საკუთარი და ქვეყნის ღირსების დასაცავად დღემდე ყველა ცივილური მეთოდით იბრძვის. ბიზნესის გარდა, სპორტიც აინტერესებს და საკუთარი წვლილის შეტანას ამ სფეროში უკვე რვა წელია, აქტიურად ცდილობს.


იმის მიუხედავად, რომ რაიონის არაერთმა მარტვილელმა ფეხბურთელმა სახელი საქვეყნოდ გაითქვა, მარტვილს უმაღლეს ლიგაში გუნდი არასოდეს ჰყოლია. რაიონში ფეხბურთს პოზიტიური ძვრები 2006 წელს, ანუ მას შემდეგ დაეტყო, რაც „მერანს“ სათავეში ცნობილი ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი ფრიდონ ინჯია ჩაუდგა.


ფრიდონ ინჯია იმ მცირერიცხოვან ბიზნესმენთა შორისაა, ვინც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის საკუთარი ფულს დახარჯვას არ მორიდებია. ის უკვე 8 წელია, რაც მშობლიური რაიონის საფეხბურთო კლუბ “მერანს“ ხელმძღვანელობს. ამ ხნის მანძილზე გუნდმა თვალშისაცემი პროგრესი განიცადა, ჯერ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალს უწია, შემდეგ კი უმაღლეს ლიგაში საუკეთესოთა მარაქაში დაიმკვიდრა ადგილი. უახლოეს დღეებში, დიდი ალბათობით, 16-გუნდიანი ჩემპიონატი დამტკიცდება (როგორც ამბობენ, უკვე გადაწყვეტილია) და „მერანი“ კვლავ უმაღლეს ლიგაში ითამაშებს, რაშიც დიდი წვლილი ფრიდონ ინჯიას მიუძღვის. ვთქვათ ისიც, რომ უდიდესი საფეხბურთო ტრადიციების მქონე სამეგრელოს რეგიონში „მერანი“ ერთადერთი კლუბია, რომელსაც კერძო მეპატრონე ჰყავს. არადა, ძლიერი რეგიონი ხომ ჩვენი ფეხბურთის წინსვლის გარანტია.


ფრიდონ ინჯია: „მერანი“ ასეთი სახელწოდებით 1996 წელს ჩემი ინიციატივით შეიქმნა, რომელიც გამოდიოდა და თამაშობდა თბილისში. მას შემდეგ, როდესაც იძულებით მომიწია საქართველოს დატოვებამ, გუნდი დაიშალა. ეს სხვა ისტორიაა... 2006 წელს ჩემთან მოვიდნენ აფხაზეთიდან დევნილი ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, რათა მეპატრონა საფეხბურთო კლუბ „გაგრასთვის“, რაზეც თავი შევიკავე. გავიდა დრო და ჩემთან კვლავ მობრძანდენ მარტვილიდან, „სალხინოს“ ვეტერანი ფეხბურთელები, ბატონები: ემილ გალდავა, დაზმირ ვახანია და ასევე ყოფილი სპორტსმენი (მოკრივე) ბატონი ნუგზარ მონიავა, რომლებმაც მთხოვეს მიმეღო მონაწილეობა საფეხბურთო კლუბ „სალხინოს“ მართვაში, შესაბამისი წილების გადანაწილებით. იმ პერიოდში „სალხინო“ საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გამოდიოდა. სიმართლე გითხრათ, ვერ გავუძელი იმ ცდუნებას, რასაც ფეხბურთისადმი სიყვარული ჰქვია. საქართველოში, ამ მხრივ, მე და ჩემი ოჯახი გამონაკლისები არა ვართ. უმთავრესი კი ის იყო, რომ მინდოდა ჩემი ხალხისთვის მესიამოვნებინა, რომლებმაც არაერთხელ გამომიცხადეს ნდობა. პირველ რიგში, ‘’სალხინოს’’ შევუცვალეთ სახელი, დავარქვით „მერანი“, რაც საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა. უფრო მეტიც – ‘’მერანი’’ სამუდამოდ შევიდა საქართველოს ფეხბურთის, უმაღლესი ლიგის ისტორიაში. ეს იყო დიდი დღესასწაული რაიონში. დაუვიწყარია ბედნიერი წუთები, ისტორიულ მოვლენას თან რომ ახლდა. მაშინ ხომ, ფაქტობრივად, მთელი მარტვილი ზეიმობდა.


ამ პერიოდში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და რაც მთავარია, ადგილობრივ, ნორჩ ფეხბურთელებს მიეცათ საშუალება საკუთარი თვალით ენახათ დიდი ფეხბურთი, ახლოს გაეცნოთ თავიანთი კუმირები, რომლებიც სწორედ „მერანის“ შემადგენლობაში ირიცხებოდნენ. მომავალ თაობას გაუჩნდა სტიმული, ინტერესი დაკავებულიყვნენ ცხოვრების ჯანსაღი წესით. დასაქმდა 60-მდე ადამიანი და მრავალი სხვა. არ მინდა გამომრჩეს ჩვენი გულშემატკივრები, რომლებიც გულიანად გვქომაგობდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში. ზოგჯერ, მათი მხრიდან გადაჭარბებული ემოციები, რომელიც თამაშის მიმდინარეობისას არბიტრის მიერ, გარკვეული უსამართლო გადაწყვეტილებებით იყო განპირობებული, უსიამოვნებითაც მთავრდებოდა, როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვისაც. თუმცა, ესეც ფეხბურთის თანამდევი პროცესია... ისინი გულწრფელ მადლობას იმსახურებენ.


- როგორ შეაფასებდით კლუბის 3-წლიან მოღვაწეობას უმაღლეს ლიგაში?


-სადებიუტო სეზონში მე-7 ადგილზე გავედით, მეორე წელს მე-8-ზე, მესამე წელს- მხოლოდ ერთი თამაშით საკუთარ კედლებში მე-12, ბოლო ადგილზე. რა გითხრათ, როგორ ფიქრობთ, ჩვენ რომ „სახლში“ გვეთამაშა, განა სამ მატჩს ვერ მოვიგებდით, რომელიც საჭირო იყო ზედა ადგილების დასაკავებლად?! აქ კიდევ თავი იჩინა იმ გაუმართლებელმა სისტემამ, რასაც გუნდების ორ ჯგუფად დაყოფა ჰქვია, პირველი წრის შემდეგ რომ ხდებოდა ხოლმე.


თითოეული მარტვილელისთვის იმაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, რომ შენი საყვარელი გუნდი, რაიონი საუკეთესოთა შორისაა. ეს ფუფუნება ბევრ ტრადიციულ ქალაქს არ აქვს. თბილისს, ამ მილიონიან ქალაქს კი უმაღლესში მხოლოდ ერთი გუნდი ჰყავს.


- ცხადია, მარტვილის „მერანს“ რაიონში უამრავი ქომაგი ჰყავს, საინტერესოა, ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლება თუ ეხმარებოდაგუნდს?


- გამგეობაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის მზადყოფნას გამოხატავდნენ, გვერდში დადგომოდნენ მარტვილის „მერანს“. თუმცა, გაცილებით მეტი იყო საჭირო… ვთქვათ ისიც, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი დიდი ძალისხმევის შედეგად გადაწყდა, სახელმწიფო დაგვეხმაროს და დაგვიგოს ხარისხიანი, უეფას სტანდერტების საფეხბურთო მოედანი.


- როდის დაიწყება ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ითამაშებს თუ არა გუნდი ახალ სეზონში საკუთარ მოედანზე?


- ვფიქრობ, რომ ერთ–ორ კვირაში სამუშაოები დაიწყება. სავარაუდოდ, 15 აგვისტოსთვის გვექნება მოედანი. ეროვნული ჩემპიონატის თამაშები, ახალი სეზონიდან ახალ სტადიონზე უნდა დავიწყოთ. იმედია, უმაღლეს ლიგაში დავრჩებით. ერთი სიტყვით, უახლოეს მომავალში მარტვილს ექნება სპორტული კომპლექსი - ცენტრალური სტადიონი თავისი ინფრასტრუქტურით.


- როგორც ვიცით, გუნდში მიმდინარეობს ძირეული საკადრო ცვლილებები, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?


- ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება. ვეტერანები - მიდიან, ახალგაზრდები - მოდიან. უფრო კონკრეტულად, ცოტა მოგვიანებით.


- გადავინაცვლოთ ისევ პოლიტიკაში... როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება გამარჯვების შემთხვევაში?


- ეს იქნება საწინდარი, რომ უფრო აქტიურად ვიცხოვრო მარტვილში, შეძლებისამებრ გავაკეთო ის, რაც მომწონს, მიყვარს. წამოვიწყო ახალი საქმეები. საზოგადოების მხარდაჭერის შემთხვევაში, მექნება სტიმული, განვაგრძო ის საქმიანობა, რომელსაც აქ, თქვენთან ერთად ვაკეთებ. პრიორიტეტულია: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, სამუშაო ადგილები, ინფრასტრუქტურა, სასწავლებელი მოსწავლეებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით... ეს პროგრამის არასრული ჩამონათვალია. მინდა ჩემთან ურთიერთობით კმაყოფილი იყოს ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები. ავაშენო, შევქმნა, დავტოვო ლამაზი კვალი, მომეცეს უფრო მეტი საშუალება თანარაიონელებთან, ოდაბადესთან ურთიერთობისა. ვაჩვენო მათ, თუ როგორ ვცხოვრობ, როგორი ურთიერთობები მაქვს ოჯახთან, შვილებთან, შვილიშვილებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან. ამასთან, როგორ ვაკეთებ ბიზნესს, როგორ ვიცავ ქართულ ადათ–წესს, ჩემსა და ჩვენს ტრადიციებს. შეიძლება ეს ყველაფერი ვინმეს მოეწონოს, გამოადგეს და მომბაძოს. მეტად შევიყვაროთ ერთმანეთი. ძალა სიყვარულშია…

 

ბესიკ გვაზავა

წყარო: http://sazogadoeba.ge/index.php?post_id=1546



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0