1 2 3 4 5
ფრიდონ ინჯია: "მერანი" დასაჯეს და მე მსურს, მივიღო მტკიცებულებები
   
 მარტში ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყანაში მოქმედი ტოტალიზატორების მეპატრონეები გააფრთხილა, რომ უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე ფსონები არ მიეღოთ. 

ამავე დროს, შეიქმნა სფფ-ში საეჭვო მატჩების გამოძიებისა და ანალიზის ჯგუფი...


...ლოგიკურად, მასში მსაჯებიც უნდა მონაწილეობდნენ
ამ კუთხით საინტერესო მოსაზრება ჰქონდა ფრიდონ ინჯიას. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვაში" მარტვილის "მერანის" პრეზიდენტმა ახალი, დამოუკიდებელი კომისიის შექმნაც მოითხოვა, რომელიც მსაჯობაში არსებულ ვითარებას შეისწავლიდა. 

არგუმენტად კი ეს დაასახელა: 

"ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება (საეჭვო მატჩების გამოძიებისა და ანალიზის ჯგუფის შექმნის შესახებ - რედ.) დროული იყო. სასურველია, რომ ამ ჯგუფმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ითანამშრომლოს. სხვაგვარად, გარიგებული მატჩების გამოვლენა შეუძლებელი იქნება. ამავე დროს, საჭიროდ მიმაჩნია, რომ პარალელურ რეჟიმში ჩამოყალიბდეს ჯგუფი, რომელიც მსაჯების საქმიანობასაც გამოიკვლევს. ფეხბურთში ბევრი უცნაური მოვლენა თუ ხდება, ლოგიკურად, მასში მსაჯებიც უნდა მონაწილეობდნენ". 

ამ ინიციატივით, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე დაინტერესდა, რომელმაც ორიოდე დღის წინ განაცხადა, რომ ასეთი კომისიის შექმნა ნამდვილად იგეგმება.

თუმცა ეს ამბავი ინჯიასთვის უცნობია: 

"კარგია, თუ ეს იდეა გაიზიარეს, მაგრამ პირადად მე არაფერი მსმენია, რომ რამე შეცვლილიყოს. 

საერთოდ, ბევრი წესიერი მსაჯია, მაგრამ ბევრი ისეთი შემთხვევაც იყო, როცა მსაჯები ჩვენთან მატჩებისას შეცდნენ. ეს საკითხი მკაცრ კონტროლს ამიტომაც საჭიროებს". 


ინვესტორს სუფთა გარემო სჭირდება
ინჯია "ლელოსთან" ფეხბურთის ფედერაციის იურისტის, სპორტული სამართლიანობის ჯგუფის წევრის, კესო ჩხიკვაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის ამბობდა, რომ კლუბებმა თავად უნდა დაამტკიცონ, რომ უეფას ინფორმაციაში ხსენებული თამაში გარიგებული არ არის. 

"კარგია, რომ გარიგებული მატჩების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. ამას, უპირველესად, მე მივესალმები, რადგან ფეხბურთში ფულს ვდებ, კერძო ინვესტორს კი სუფთა გარემო სჭირდება. 

მაგრამ მტკიცებულებების გარეშე გუნდისთვის ბრალდების წაყენება და დასჯა გამართლებული ვერ იქნება. 

"მერანი" დასაჯეს და მე მსურს, მივიღო მტკიცებულებები. არადა, ამბობენ, რომ მას არ წარმოადგენენ და გამოძიება თავად უნდა ჩავატაროთ. მე კი მსურს დოკუმენტური მტკიცებულებები, ჩემს კლუბში ვინმე რამეს თუ აშავებდა", - ამბობს ინჯია.

"მერანის" პრეზიდენტი სახელმწიფო პროგრამის დამუშავების აუცილებლობაზე გველაპარაკა: 

"ბოლო დროს რამდენიმე საინტერესო მოსაზრება გამოითქვა და აშკარაა, რომ სახელმწიფოს ფეხბურთის განვითარების სურვილი გააჩნია, მაგრამ ფეხბურთის განვითარების პროგრამა დროულად უნდა დაიდოს და განხორციელდეს. 

მთავრობის დახმარების გარეშე ჩვენი ფეხბურთი საშუალო დონეზეც ვერ განვითარდება. ამ დროს, საქართველოში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა, რომელიც არსებულ გარემოში ვერ იზრდება". 


ახალი მოედანი ზაფხულში...
ინჯია ამბობს, რატომ არის დღეს ქართული ფეხბურთი ბიზნესისთვის წამგებიანი: 
"მარტვილის "მერანმა" უმაღლესი ლიგისკენ სვლა ნულიდან დაიწყო. ამ პერიოდში ერთი ფეხბურთელიც არ გაგვიყიდია, შემოსავალი არც ბილეთებიდან გვაქვს და არც სიმბოლიკის გაყიდვიდან, სატელევიზიო შემოსავლებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. 

რაც მთავარია, ბიზნესს ფეხბურთში ხელშეწყობა არ ჰქონდა და ახლა სწორედ ამის შეცვლა გვსურს. 

მე რომ სახელმწიფოს დახმარებაზე ვლაპარაკობ, ეს საწყის ეტაპზე უნდა მოხდეს, რათა კლუბები მოღონიერდნენ. ასე განვითარდება ინფრასტრუქტურა, პირობები და მერე კლუბმა მენეჯმენტი უნდა გააუმჯობესოს და კერძო რელსებზე გადართვის წინაპირობა შექმნას". 

ფრიდონ ინჯია უმაღლესი ლიგის 16 გუნდამდე გაზრდის ინიციატორი გახლავთ, თუმცა კლუბის მიტოვებას ამ იდეის განუხორციელებლობის შემთხვევაშიც არ აპირებს: 

"თუ ლიგა არ გაფართოვდა, ისევ პირველ ლიგაში მოგვიწევს თამაში, მაგრამ ეს ჩვენთვის პრობლემა არ არის. "მერანმა" არსებობა მე-2 ლიგაში დაიწყო და უმაღლესში გადავიდა. მაგრამ 16-გუნდიანი ლიგა საქართველოს ჰაერივით სჭირდება, მით უფრო, რომ მთავრობა გვეხმარება. 

წლევანდელი სეზონის ჩავარდნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ მარტვილში ერთი საშინაო შეხვედრაც ვერ ჩავატარეთ. არ გახსოვთ, ერთხელ მეტოქეს მცხეთაშიც კი "ვუმასპინძლეთ". ცხადია, ამან გუნდზე ძალზედ ცუდი გავლენა მოახდინა. რამდენი წელია, სხვადასხვა სტადიონის რეაბილიტაცია მოხერხდა და მათ რიცხვში მარტვილი არ ყოფილა, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა და იმედი მაქვს, ახალ მოედანს ზაფხულში დაგვიგებენ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0