1 2 3 4 5
მალხაზ ჟვანია: "დინამო" "მერანმა" დაამარცხა და არა მსაჯებმა

გასული ტურისა და მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე
შთამბეჭდავი მატჩი მარტვილში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "მერანმა" დრამატულ დაპირისპირებაში თბილისის "დინამოს"

2:1 სძლია. ამით დედაქალაქელთა სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, "მერანმა" კი "დინამო" "ვირტუალურ" სატურნირო ცხრილში სოლიდურად ჩამოიტოვა.

"მერანის" მთავარ მწვრთნელთან, მალხაზ ჟვანიასთან ინტერვიუში ეს მატჩიც გავიხსენეთ და სეზონის პირველი ნახევარიც შევაჯამეთ.

- იყო თუ არა "დინამოსთან" ჩატარებული მატჩი მიმდინარე სეზონში "მერანისთვის" საუკეთესო?
- ეს შეხვედრა ჩვენთვის უდავოდ საუკეთესო იყო წარმატების მნიშვნელობითაც და თამაშის ხარისხითაც. ამ მატჩში ჩვენი საუკეთესო თვისებების გამოვლენა შევძელით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

- არადა, "დინამოს" დაწინაურებისა და "მერანის" მიერ თერთმეტმეტრიანის გაცუდების შემდეგი მატჩის შემოტრიალება ურთულესი საქმე იყო.
- დიახ, ამ ორმა ეპიზოდმა მართლაც მძიმე მდგომარეობაში ჩავაგდო, მაგრამ ჩემმა ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ფეხბურთის კარგად თამაშთან ერთად ხასიათის სიმტკიცითაც გამოირჩევიან და გულშემატკივართა ენერგიული თანადგომით, ერთი შეხედვით, შეუძლებელი შეძლეს და მარტვილელებს დიდი ზეიმი აჩუქეს. ეს გამარჯვება ჩვენი შრომის დაგვირგვინება იყო, მაგრამ, სეზონი რომ დასრულდება, გვინდა, გასახსენებლად ამაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც გვქონდეს.

- მარტვილელ ქომაგებს "მერანის" წარმატებებში დიდი წვლილი რომ მიუძღვით, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ შინ ჯერ არ წაგიგიათ.
- ჩვენს საშინაო მატჩებს მინიმუმ ორი ათასი კაცი ესწრება, რაც საერთაშორისო მასშტაბებით მცირე რაოდენობაა, მაგრამ საქართველოსთვის ესეც კარგი შედეგია. ბუნებრივია, ჩვენს გამარჯვებებში ერთგულ გულშემატკივართა წვლილი ძალიან დიდია. მარტვილში განსაკუთრებული საფეხბურთო აურაა. ამ სტადიონზე თამაშიც კარგად გამოგვდის, რადგან იქვე ვვარჯიშობთ და ბიჭებმა მოედნის თითოეული კუთხე-კუნჭული იციან.

- "დინამოსთან" შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "მერანს" პენალტის გატანის სერიოზული პრობლემა აქვს.
- სამწუხაროდ, ასეა. მიმდინარე სეზონში ოთხი თერთმეტმეტრიანი შევასრულეთ და ოთხივე გავაცუდეთ. რუსთავში გიგა ჟვანიამ ვერ გაიტანა, მაგრამ მიზანს დამატებისას მიაღწია. მერე მან კიდევ ერთი პენალტი გააფუჭა. შემდეგ გიორგი მანწკავას მივანდეთ დარტყმა და მანაც ვერ გაიტანა, "დინამოსთან" კი გამოცდილმა გივი დიდავამ ვერ მიაღწია მიზანს. სანამ უკეთეს პენალტისტს არ ვიპოვით, მომავალში თერთმეტმეტრიანებს, ალბათ, ისევ ჟვანია დაარტყამს - თავიდან ხომ ის იყო დამრტყმელი. რასაკვირველია, ამ კომპონენტზე მეტი მუშაობა გვმართებს.

- "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ ნამატჩევს მსაჯობაზე პრეტენზია გამოთქვა.
- ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ჩვენ რომ მსაჯებთან გვაქვს პრეტენზიები, იმდენი შეიძლება ბევრს არ ჰქონდეს, მაგრამ საჯაროდ ამ თემაზე არ ვლაპარაკობთ. "მერანმა" ღირსეულად გაიმარჯვა და ძალიან ცუდია, თუ ვინმე ამას ეჭვქვეშ აყენებს. "დინამო" "მერანმა" დაამარცხა და არა - მსაჯებმა.

- სეზონის წინ თუ წარმოიდგენდით, რომ დღეს ასეთ სიმაღლეზე იქნებოდით?
- თავიდანვე ვიცოდით, რომ უმაღლეს ლიგაში სტატისტები არ ვიქნებოდით, მაგრამ ასეთ სწრაფ წარმატებასაც არ ველოდით. საკუთარი ძალების გვწამს, მაგრამ იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ მიღწეულს შენარჩუნება და განმტკიცება სჭირდება. ხუთშაბათს "ზესტაფონს" ვმასპინძლობთ და ვალდებულები ვართ, სასწრაფოდ გამოვიდეთ "დინამოს" დამარცხებით გამოწვეული ეიფორიიდან, თორემ ზედმეტი თავდაჯერებულობა ძვირად დაგვიჯდება.

- დიდთოვლობის შემდეგ მარტვილის სტადიონი როგორ მდგომარეობაშია?
- "დინამოსთან" მატჩის შემდეგ მოედანი კიდევ ერთხელ მოასწორეს და მასზე თამაში პრობლემას არ წარმოადგენს.

- რომელი ფეხბურთელების პროგრესს გამოარჩევდით?
- გუნდის წინსვლაში თითოეული მოთამაშის წვლილია, რადგან "მერანში" დიდი კონკურენციაა და ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსი ყველას აქვს. თუმცა გამოვყოფდი მეკარე შეროზიას, სუხიაშვილს, გრიგალაშვილს და ჩვენს გამოცდილ ფეხბურთელებს, დიდავასა და მანწკავას. აქ სისტემა გამართულია, ფეხბურთელები იზრდებიან და "მერანს" ბავშვობის ასაკიდან მოყოლებული ემსახურებიან. ვისარგებლებ შემთხვევით და გამოვყოფ არჩილ ჩხაბერიძის შრომას, რომელიც "მერანში" ჭაბუკთა და ბავშვთა გუნდების კურატორია.

- რომელი კომპონენტის გამოსწორებას საჭიროებს თქვენი გუნდი?
- როცა მეტოქე პრესინგს გვეთამაშება, ბურთზე კონტროლის დაწესება გვიჭირს. თუმცა შეუძლებელია, მოწინააღმდეგემ წნეხში 90 წუთის განმავლობაში მოგაქციოს და ჩვენც, უმეტესწილად, მეორე ტაიმში ვახერხებთ ხოლმე გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას.

- სეზონის ყველაზე დიდი იმედგაცრუება კი, ალბათ, თასზე იწვნიეთ.
- დიახ, თასის მეოთხედფინალში "გაგრას" ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ. თასიდან გამოვარდნა ჩვენთვის კარგი მაგალითი იქნება. ჩემმა ფეხბურთელებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს ძველი ჭეშმარიტება - თუ ბოლომდე არ დაიხარჯებიან, ვერავის მოუგებენ.

- ზამთრის გეგმებზე რას გვეტყვით?
- ამ თემაზე ვრცლად ახალი წლის შემდეგ ვისაუბროთ, მოკლედ კი იმის თქმა შემიძლია, რომ შემადგენლობის გაძლიერება და წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება გვჭირდება.

- უმაღლესი ლიგის მთავარ მწვრთნელთაგან თქვენ თანამდებობაზე ყველაზე დიდხანს მუშაობთ და სხვებივით წნეხში არ იმყოფებით...
- ამქვეყნად მუდმივი არაფერია და ცუდი შედეგებისთვის პასუხს მეც ვაგებ, თუმცაღა მოხარული ვარ, რომ შედეგებიც კარგი გვაქვს და კლუბის ხელმძღვანელობისგანაც დიდ ნდობას ვგრძნობ. მშვიდ გარემოში მუშაობა მწვრთნელს საკუთარი იდეების განხორციელებას უადვილებს.

უკვე მეოთხე სეზონია, "მერანის" მთავარი მწვრთნელი ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ ჩემი თავკაცობით კლუბი ყოველწლიურად წინ მიდის. ამაში წვლილი კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად მთელ სამწვრთნელო შტაბს მიუძღვის. თუ მომეცემა საშუალება, რომ ჩემი გამოცდილება მომავალშიც "მერანს" მოვახმარო, მზად ვარ, ეს მრავალი წლის განმავლობაში სიამოვნებით ვაკეთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0