1 2 3 4 5
დევიზ დარჯანია - მივიწყებული ბომბარდირი

 

  ...ბიჭო, ვოვა! სად არის დევიზი? - დავით ყიფიანმა და ვლადიმერ გუცაევმა გახედ-გამოხედვა ვერ მოასწრეს, დევიზ დარჯანია მათთან შესახვედრად რომ მირბოდა. თითქოს "ყიფოს" გულისთქმა გაიგოო, დიდი ხნის უნახავი მეგობრისკენ გაეშურა და გადაეხვია. მარტვილელმა ქომაგებმაც გულით გაიხარეს - მოედანზე ხომ ორი უსაყვარლესი ფეხბურთელი - დავით ყიფიანი და დევიზ დარჯანია იხილეს. 

ამხანაგური მატჩი, ადგილობრივი "სალხინოსა" და "დინამოს" შორის, თბილისელთა გამარჯვებით - 3:2 დასრულდა. მასპინძელთაგან დარჯანიამ დუბლი შეასრულა, დინამოელთაგან კი გოლები ქორიძემ, ჩელებაძემ და დარასელიამ გაიტანეს. 

ეს 1976 წელს მოხდა. უკვე მაშინ დევიზ დარჯანიას ქართულ ფეხბურთში თავისი ნიშა ჰქონდა...

საფეხბურთო კარიერა
დევიზ დარჯანია 1953 წლის 15 აპრილს, გეგეჭკორის (ახლანდელი მარტვილის) რაიონის სოფელ ონოღიაში დაიბადა. მე-10 კლასში იყო, საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოთამაშე "სალხინოში" ბიჭიკო შალელაშვილმა რომ მიიწვია. 1978 წელს მარტვილელებმა კიშინიოვში "ოქროს თავთავის" თასი მოიპოვეს და ამ წარმატებაში დევიზმა ლომის წილი დაიდო.

1975 წელს მიხეილ იაკუშინის "დინამოში" მოხვდა, თუმცა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ვერ იქცა...

მის კარიერაში ძირითადი და გარდამტეხი 1981 წელი გამოდგა. სწორედ ქუთაისის "ტორპედოში" გაიფურჩქნა მისი ნიჭი - გულშემატკივართა სიყვარული და აღიარება მოიპოვა. საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის 38 მატჩში დარჯანიამ 19 გოლი გაიტანა. 

1982 წელს რიონისპირელები, დევიზის კაპიტნობით, საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგას დაუბრუნდნენ...

სამწვრთნელო კარიერა
1984 წელს დარჯანიამ წყალტუბოს მიაშურა, სადაც რამდენიმე წელიწადში ფეხბურთს დაანება კიდეც თავი. 

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ჩაიბარა "წყალტუბო" და მასთან ერთად ორჯერ (1985, 1986) იზეიმა საქართველოს ჩემპიონობა. მერე მშობლიური მარტვილის "სალხინოს" ედგა სათავეში...

ბარემ მარტვილიდან დაგერტყა...
უფროსი თაობის წარმომადგენლებს ახლაც ახსოვთ დარჯანიას მიერ გატანილი ეფექტური გოლები. ის ყოველთვის შეუპოვრობითა და შედეგიანობით გამოირჩეოდა - როგორც საშინაო, ისე გასვლით შეხვედრებში. 

მოედანზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა თამაშის ხედვით და ოსტატური გადაცემებით, აღარაფერს ვამბობთ ბომბარდირულ ნიჭზე. გოლის იშვიათი ალღო ჰქონდა...

ერთხელ, მურთაზ ხურცილავას ინიციატივითა და ხელშეწყობით, სამტრედიას მოსკოვის "დინამო" ეწვია. ვალერი გაზაევმა და მისმა თანაგუნდელებმა მასპინძლებთან ვერაფერი გააწყვეს. ამხანაგური მატჩის ბედი ვლადიმირ პილგუის კარში ზუსტი, ყუმბარისებური დარტყმით დარჯანიას მიერ გატანილმა ულამაზესმა გოლმა გადაწყვიტა.

ამ გოლის შემდეგ დაუძახეს ტრიბუნიდან - ბარემ მარტვილიდან დაგერტყა, რას მოდიოდი, ბიძიაო (ამ გოლის ფოტო მოიპოვება, მაგრამ სამწუხაროდ, ძლიერ დაზიანებულია და ვერ ვაქვეყნებთ)?!

მოულოდნელი გმირობა
...იყო ასეთი ეპიზოდიც: ქუთაისის "ტორპედოს" უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად პრინციპული მატჩი ჰქონდა. ქუთათურებს თამაში არ წაუვიდათ. ერთ-ერთ მომენტში, დევიზ დარჯანიამ ხელსაყრელი პოზიციიდან იმდენად არაზუსტად და ძლიერად დაარტყა, ბურთი ლამის ტრიბუნებს გადასცდა. 

ამ ეპიზოდის გამო აღშფოთებულმა ქომაგებმა "თბილი" სიტყვებით შეამკეს კაპიტანი, თუმცა...

ბოლო წამებზე გუნდს სწორედ დარჯანიამ უშველა - გადამწყვეტი გოლი გაიტანა მეტოქის კარში. აღტაცებული სტადიონი ამჯერად "დარჯანია-დარჯანიას" სკანდირებდა. 

ასე იქცა ანტიგმირი გმირად. ასეთი ამაღელვებელი ეპიზოდი მრავლად ყოფილა მის საფეხბურთო ცხოვრებაში...

ქართული სუფრა
დევიზი ბევრ ცნობილ ფეხბურთელთან მეგობრობდა, მათ შორის - საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეგოლე მერაბ მეგრელაძესთან, ფირუზ კანთელაძესთან... განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა მას სწორედ კანთელაძესთან აკავშირებდა...

გადმოცემით ვიცით, რომ დევიზის ოჯახში მეგობრებს გვარიანად მოულხენიათ. დამშვიდობებისას, სოფლის ჭასთან მისულ ფირუზს დევიზისთვის ღვინის მოტანა უთხოვია. რა თქმა უნდა, მასპინძელმა თხოვნა შეუსრულა. პირთამდე ღვინით სავსე ვედრო სტუმარს რამდენიმე წუთში, ორი ამოსუნთქვით დაუცლია...

როცა ეს ამბავი ბატონ დევიზს გავახსენეთ, გაეღიმა და დაამატა: კანთელაძეს ვერავინ ათრობდა და სპეციალურად, რომელიმე თბილისელ მილიციელს, მასსავით კარგად მსმელს, ურეკავდა, რათა სუფრასთან მისთვის პარტნიორობა გაეწიაო...

ვის ახსოვს დარჯანია?
დევიზ დარჯანია ახლა მძიმე მდგომარეობაშია - დიდი ხანია ავადმყოფობს, გადაადგილება უჭირს. 

კარგი იქნება, თუ ფეხბურთის ფედერაცია, ყოფილი თანაგუნდელები, მეგობრები, ვეტერანები, თუნდაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გვერდში დაუდგებიან ღირსეულ პიროვნებასა და შესანიშნავ ფეხბურთელს. 

ასეთი ხალხი მიტოვებული არ უნდა იყოს...


"ლელო"



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 23 53
არაგვი 23 45
ბახმარო 23 39
სამგურალი 23 38
ბორჯომი 23 32
საბურთალო 2 23 31
გორი 23 24
ბეთლემი 23 23
კოლხეთი 23 22
მეშახტე 23 19