1 2 3 4 5
მერანი-შუქურა ?:? - კიდევ ერთი ჩაშლილი მატჩი (2:2-ზე შეწყდა)

 

არბიტრის მიერ კომპენსირებული (4 წუთი) დროის ბოლო წუთი მიმდინარეობდა, ანგარიში 2:2 იყო, როცა სტადიონის ჯებირებს ფანების მთელი "არმია" გადმოახტა და მოედანზე შეიჭრა. "ტორპედო"-"დინამოს" მატჩისგან განსხვავებით, მარტვილელ გულშემატკივართა მოედანზე შეჭრის მიზეზი, მათი აზრით, არბიტრის ტენდენციურობა იყო. საქმე ისაა, რომ დამატებული დროის უკანასკნელ წუთზე "შუქურას" კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა. "მერანის" ყველა ფეხბურთელი, მეკარე ზურაბ მამალაძის ჩათვლით, მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა. შოთა ბაბუნაშვილის ჩაწოდებას არეულობა მოჰყვა, ჯემალ გაბუნიამ ბურთს ქუსლით შეუცვალა მიმართულება და... გაიტანა. გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, რასაც მარტვილელთა მხრიდან მყისიერი რეაქცია მოჰყვა. 

მსაჯთა ბრიგადა განრისხებული გულშემატკივრებისგან პოლიციელებმა იხსნეს და ექსცესების თავიდან აცილების მიზნით მოედნიდან გაიყვანეს.

შესაძლოა, მარტვილელებს მსაჯების მიმართ უკმაყოფილების მიზეზი ნამდვილად ჰქონდათ, მაგრამ ამგვარ საქციელს გამართლება არ აქვს. ამით ხომ თავად "მერანი" და ქართული ფეხბურთის იმიჯი ზარალდება?!

ერთი სიტყვით, თამაში შეწყდა... არადა, მატჩის დასრულებამდე მხოლოდ ერთი წუთი იყო დარჩენილი...

ინციდენტამდე...
ამ უსიამოვნო ფაქტამდე თამაში თანაბარ ბრძოლაში, დაძაბულად მიმდინარეობდა. გუნდები ერთმანეთის სუსტი წერტილების ძიებაში იყვნენ. 

პირველი სახიფათო ეპიზოდი მერანელებმა პირველივე წუთზე შექმნეს - ფონიავას გადაცემის შემდეგ ბაბუნაშვილი აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაზე, თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა. 

ამის შემდეგ, კარგა ხანს ბურთი, ძირითადად, მოედნის ცენტრის სიახლოვეს ტრიალებდა. ფეხბურთელები დუნედ მოქმედებდნენ და მეტ-ნაკლებად დასამახსოვრებელი მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა. 

მოლოდინისამებრ, სტუმრებმა თამაში კონტრშეტევებზე ააწყვეს და საწადელს მალევე მიაღწიეს - "მერანის" მცველთა უხეირო თამაშით მშვენივრად ისარგებლა ხუჭუამ, რომელმაც შესანიშნავი გადაცემით მიხეილ კაკალაძე მოძებნა, ამ უკანასკნელის დარტყმა კი მამალაძისთვის აუღებელი გამოდგა - 0:1.

მასპინძლები გოლმა არ დააბნია და ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც შექმნეს. განსაკუთრებით აშორტია აქტიურობდა. მას ორჯერ შეეძლო გატანა, თუმცა ორივეჯერ სტუმართა მეკარემ იყოჩაღა. მარტვილელებმა ანგარიში ტაიმის ბოლოს გაათანაბრეს: ბაბუნაშვილის ჩაწოდებულ ჯარიმას ციცხვაია გამოეხმაურა - 1:1.

მეორე ნახევარი საშუალო ტემპში გაგრძელდა. მარტვილელი გულშემატკივრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ "მერანი" თამაშში გარდატეხას შეიტანდა და მოიგებდა, თუმცა - ამაოდ. არადა, 63-ე წუთისთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. მასპინძლებმა სწრაფი შეტევა გოლად აქციეს - ფონიავამ მარცხენა ფლანგზე გაილაღა და ძლიერი დარტყმით თეიმურაზ კაკალაძეს შანსი არ დაუტოვა.

მერანელთა სიხარულმა დიდხანს ვერ გასტანა. ზუსტად ათ წუთში, გაბუნიასა და ჭკუასელის ორთაბრძოლისას, სტუმართა შემტევი ნახევარმცველი წაიქცა და 11-მეტრიანი ჩელებაძემ უზადოდ შეასრულა - 2:2.

დარჩენილ 17 წუთში მასპინძლები ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ "შუქურას" ფეხბურთელებს საჯარიმოს მისადგომები საიმედოდ ჰქონდათ გადაკეტილი. ხოლო, თუ რა მოხდა ბოლო წუთზე, უკვე იცით...

ინციდენტის შემდეგ
თამაში ჩაშლილად გამოცხადდა. მატჩის დირექტორმა ლევან რამიშვილმა "ლელოსთან" ასეთი კომენტარი გააკეთა: 

"მიმდინარეობდა არბიტრის მიერ დამატებული მე-4 წუთი, როცა "შუქურას" კარის სიახლოვეს საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. ეპიზოდი გატანილი გოლით დასრულდა, თუმცა გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და, შესაბამისად, გოლიც გაუქმდა. თუ რამდენად ობიექტური იყო ეს გადაწყვეტილება, ვიდეოფირის ნახვის შემდეგ გავარკვევთ. ფაქტია, რომ ამას მაყურებელთა აგრესია მოჰყვა - ისინი მოედანზე შეიჭრნენ და, ფაქტობრივად, თამაშის დასრულება შეუძლებელი გახდა. 

დღევანდელ შეხვედრას სადისციპლინო კომისია უახლოეს დღეებში განიხილავს და რეგლამენტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაატარებს. ალბათ, "მერანს" ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვლება. ასევე, იქნება ფინანსური სანქციებიც... 

ფანკლუბებთან სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი. გულშემატკივრებს სტადიონზე მოქცევის კულტურა არ აქვთ. უმრავლესობა თამაშზე მხოლოდ საგინებლად და საჩხუბრად დადის, ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებთ... 

რაც შეეხება უსაფრთხოებას, სტადიონზე დაახლოებით 20-30 პოლიციელი იყო. ისინი გუნდების ქომაგთა სექტორებს კი აკონტროლებდნენ, თუმცა უსიამოვნო ფაქტი თავიდან მაინც ვერ ავიცილეთ".

ბესიკ შეროზია ("შუქურას" მწვრთნელი): 


"ამ თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებოდით. ვიცოდით, რომ დაძაბული შეხვედრა გველოდა. გამარჯვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. 

ჩემი ფეხბურთელების თამაშითა და შედეგით კმაყოფილი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს თავდადებისთვის, გულშემატკივრებს კი - მხურვალე ქომაგობისთვის. ჩვენ მთლიანი ორგანიზმი ვართ, პრიორიტეტი უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაა, თუმცა არც თასზე შევირცხვენთ თავს... 

"მერანის" მიერ გატანილ გოლზე ვერაფერს ვიტყვი, შორიდან ამის დანახვა რთულია. ფაქტი, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა. ეს პირველი შემთხვევა არაა და სამწუხაროა, რომ სტადიონებზე ასეთი რამ ხდება".

ზურაბ იონანიძე ("მერანის" მწვრთნელი): 


"ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა 2:2 არ იყო ის ანგარიში, რაც ნახევარფინალში გაგვიყვანდა... 
მსაჯობა? ეს ცალკე თემაა. გოლი გავიტანეთ და არ ჩაგვითვალეს, პენალტი არ მოგვცეს, პირიქით - ჩვენს კარში დანიშნეს... მეტი რაღა უნდა გაეკეთებინათ?! ასეთი მსაჯობის პირობებში თამაში შეუძლებელია. ჩვენ წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. მერწმუნეთ, ეს ქართულ ფეხბურთს არ წაადგება"!


 

 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 34 79
სამგურალი 34 66
არაგვი 34 61
ბახმარო 34 51
საბურთალო 2 34 45
ბორჯომი 34 39
ბეთლემი 34 37
კოლხეთი 34 37
მეშახტე 34 35
გორი 34 33