1 2 3 4 5
მარტვილის "მერანი" - შესაძლებლობის მაქსიმუმი

 

"მერანი" უკვე ჩამოყალიბდა უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ კლუბად. მოკრძალებული ფინანსური შესაძლებლობები მარტვილელებს მაღალი მიზნების დასახვის საშუალებას არ აძლევს და ამიტომაც მათი ერთადერთი საზრუნავი უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაა, რასაც "მერანმა" ამ სეზონშიც დამაჯერებლად გაართვა თავი.არაერთი ყოფითი თუ ინფრასტრუქტურული პრობლემის მიუხედავად, "მერანმა" მაინც შეძლო ქულათა იმ რაოდენობის დაგროვება, რამაც უმაღლეს ლიგაში დარჩენის საშუალება მისცა. 

ზემოთ ნახსენები სტაბილურობა კი თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ მიზერული ბიუჯეტის მიუხედავად, "მერანის" არსებობას საფრთხე არ დამუქრებია; წლებია, კლუბის ბირთვი მეტ-ნაკლებად უცვლელია და რაც ქართული რეალობისთვის ყველაზე უცხოა, ურყევია ნდობა სამწვრთნელო შტაბის მიმართ - მალხაზ ჟვანიამ და მისმა ასისტენტმაარჩილ ჩხაბერიძემ გუნდის წარმატებისთვის მართლაც დიდძალი სამუშაო გასწიეს და "მერანს" საკუთარი ხელწერაც შესძინეს.

გასული სეზონი "მერანისთვის" იოლი არ ყოფილა. მარტვილელები ზეექვსეულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ ერთი შეხედვით, გასავარდნად საქმე არ უნდა გახდომოდათ. ჟვანიას გუნდმა ჩემპიონატის მეორე ეტაპზე მთლად დამაჯერებლად ვერ ითამაშა, მაგრამ გადამწყვეტი მატჩებისთვის მობილიზება შეძლო და მიზანს დამსახურებულად მიაღწია. "მერანის" უფრო დიდ წარმატებად კი ის მიგვაჩნია, რომ მის შემადგენლობაში უკვე რეგულარულად მწიფდებიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც სამომავლოდ დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ. ასე, მაგალითად, "მერანიდან" "ტორპედოში" გადასული ელგუჯა გრიგალაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, ლევან გეგეჭკორი კი საქართველოს იმ 19-წლამდელთა ნაკრების წევრია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

საუკეთესო მატჩი
ჩემპიონატის პირველ ეტაპზე "მერანმა" მარტვილში "ტორპედოს" 3:0 მოუგო. ეს ჟვანიას გუნდის მიერ გასულ სეზონში ჩატარებული ყველაზე შთამბეჭდავი შეხვედრა იყო.

ყველაზე ცუდი მატჩი
მეორე ეტაპზე "მერანმა" ბათუმში ადგილობრივი "დინამოსგან" ექვსი უპასუხო გოლი გაუშვა. ასეთი მწარე მარცხი მარტვილელებს მანამდე არასდროს განეცადათ.

მეკარე
22 წლის ჯონი შეროზია მყარად ინარჩუნებს ადგილს "მერანის" სასტარტო შემადგენლობაში. სანამ ასაკი ხელს უწყობდა, მას საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც იძახებდნენ. 

შეროზიას ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ მაღალი კლასის მეკარედ ჩამოყალიბდეს.

დაცვა
18 წლის ლევან გეგეჭკორი ზემოთ ვახსენეთ. მის გარდა, "მერანის" დაცვის ხაზზე მთელი სეზონის განმავლობაში, უმეტესად, 24 წლის ვალერი იობაშვილს, 26 წლის გივი ქარქუზაშვილსა და 21 წლის კიჭი მელიავას ვხედავდით.

ნახევარდაცვა
37 წლის გივი დიდავა, სოლიდური საფეხბურთო ასაკის მიუხედავად, კვლავ რჩება მარტვილელთა ნახევარდაცვის ერთ-ერთ ლიდერად. მისი მაგალითი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდების მხარდამხარ გამოცდილი ვეტერანის თამაში გუნდზე დადებით ზემოქმედებას ახდენს. 

მის გარდა, შუა ხაზში სხვებზე ხშირად თამაშობდნენ პაპუნა ფონიავა (19 წლის), ცოტნე ბუკია (23 წლის) და ლაშა კუჭუხიძე (24 წლის).

თავდასხმა
საბა ლომია გასული სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა. 22 წლის თავდამსხმელზე, რომელიც "ზესტაფონის" კუთვნილებაა, "მერანში" განათხოვრებამ სასიკეთოდ იმოქმედა და 16 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში იგი მესამე ადგილზე გავიდა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ სეზონის მეორე ნახევარში ლომიამ პირად მონაგარს სამიოდე გოლი შესძინა. 

მარტვილელთა მეორე ძირითადი ფორვარდი 27 წლის მამუკა ტორონჯაძეა.

მარტვილის მერანის ყველა მატჩი
I ეტაპი
I ტური ზესტაფონი-მერანი 3:1
II ტური მერანი-ვიტ ჯორჯია 1:0
III ტური მეტალურგი-მერანი 1:0
IV ტური მერანი-ჩიხურა 1:0
V ტური ტორპედო-მერანი 4:0
VI ტური მერანი-სიონი 1:0
VII ტური დინამო (ბთ)-მერანი 4:0
VIII ტური მერანი-ზუგდიდი 1:2
IX ტური კოლხეთი-მერანი 0:1
X ტური მერანი-დინამო (თბ) 0:4
XI ტური დილა-მერანი 2:1
XII ტური მერანი-ზესტაფონი 0:3
XIII ტური ვიტ ჯორჯია-მერანი 0:0
XIV ტური მერანი-მეტალურგი 0:0
XV ტური ჩიხურა-მერანი 1:0
XVI ტური მერანი-ტორპედო 3:0
XVII ტური სიონი-მერანი 2:1
XVIII ტური მერანი-დინამო (ბთ) 3:1
XIX ტური ზუგდიდი-მერანი 3:2
XX ტური მერანი-კოლხეთი 4:0
XXI ტური დინამო (თბ)-მერანი 3:1
XXII ტური მერანი-დილა 2:3
I ეტაპი: 22 მატჩი, 7 მოგება, 2 ფრე, 13 მატჩი, ბურთები: 23-36

II ეტაპი
XXIII ტური მერანი-დინამო (ბთ) 0:1
XXIV ტური მეტალურგი-მერანი 1:1
XXV ტური მერანი-კოლხეთი 0:1
XXVI ტური მერანი-ვიტ ჯორჯია 2:0
XXVII ტური სიონი-მერანი 3:1
XXVIII ტური დინამო (ბთ)-მერანი 6:0
XXIX ტური მერანი-მეტალურგი 1:0
XXX ტური კოლხეთი-მერანი 1:2
XXXI ტური ვიტ ჯორჯია-მერანი 0:0
XXXII ტური მერანი-სიონი 1:2
II ეტაპი: 10 მატჩი, 3 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება, ბურთები: 8-15

სულ: 32 მატჩი, 10 მოგება, 4 ფრე, 18 წაგება, ბურთები: 31-51

გუნდი
მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია
მეკარეები:
 ჯონი შეროზია - 31 მატჩი, მიხეილ მუჯრიშვილი - 1 მატჩი;
მცველები: კიჭი მელიავა - 30 მატჩი, გივი ქარქუზაშვილი - 27 მატჩი, ვალერი იობაშვილი - 26 მატჩი, 2 გოლი, ლევან გეგეჭკორი - 23 მატჩი, გიგა ჟვანია - 14 მატჩი, გიორგი მჭედლიშვილი - 10 მატჩი, გელა ხუბუა - 9 მატჩი, ლაშა ღონღაძე - 8 მატჩი, 1 გოლი, ბორის გელაჭეიშვილი - 4 მატჩი, გიორგი გეგია - 2 მატჩი, რომან კიკალიშვილი - 1 მატჩი, თევდორე ლურსმანაშვილი - 1 მატჩი, ცოტნე მონიავა - 1 მატჩი;
ნახევარმცველები: გივი დიდავა - 30 მატჩი, 1 გოლი, პაპუნა ფონიავა - 29 მატჩი, 1 გოლი, ცოტნე ბუკია - 29 მატჩი, ლაშა კუჭუხიძე - 24 მატჩი, 1 გოლი, ნოდარ ნოზაძე - 22 მატჩი, 2 გოლი, გაგა გუგუნაშვილი - 2 მატჩი, ირაკლი მონიავა - 2 მატჩი, გიორგი გაბისონია - 1, ნიკა დარჯანია - 1 მატჩი;
თავდამსხმელები: საბა ლომია - 32 მატჩი, 16 გოლი, მამუკა ტორონჯაძე - 27 მატჩი, 3 გოლი, გიგა ამბროლაძე - 20 მატჩი, 2 გოლი, გიორგი რეხვიაშვილი - 12 მატჩი, 1 გოლი, კრის ბანება - 8 მატჩი, ბექა ჩხეტიანი - 6 მატჩი, ბერდია შარვაძე - 5 მატჩი, ბექა ზაქრაძე - 3 მატჩი, გიორგი მეგრელაძე - 1 მატჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0