1 2 3 4 5
„მერანმა“ თასზე „მარკ სტარსი“ არ დაინდო!

       დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალური მატჩი მარტვილის „მერანმა“ დუშეთში, „მარკ სტარსის“ წინააღმდეგ გამართა და 4:2 დაამარცხა მეტოქე.

  ანატოლი პისკოვეცის გუნდმა საქართველოს თასის მერვედფინალი ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე გაინაღდა. მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, (კიჭი მელიავა და ნიკა მგელაძე მცირე ტრავმების გამო ვერ დაეხმარნენ საკუთარ გუნდს) „მერანი“ დიდ უპირატესობას ფლობდა მთელი მატჩის განმავლობაში და კიდევ უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლო გამარჯვება.

 

 ანგარიში მე-12 წუთზე ნიკოლოზ ხინთიბიძემ გახსნა, „მერანის“ „ცხრიანი“ ბენჟამინ ტეიდმა მოამარაგა საგოლე გადაცემით, რომელმაც ახლო მანძილიდან გაუტანა ტყეშელაშვილს. 27-ე წუთზე ისევ ხინთიბიძე აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, „მერანელმა“ ფლანგიდან წამოიწყო შეტევა, სიჩქარეში დაჯაბნა ვიზავი და „მარკ სტარსის“ საჯარიმოში შესულმა დუბლი გაიფორმა.

 

 მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როცა „მერანის“ ცენტრალურმა მცველმა ვაჟა ფაცაციამ სადებიუტო გოლი გაიტანა მარტვილელთა რიგებში. აღნიშნულ ეპიზოდში გამოცდილმა დავით ბოლქვაძემ მოაწოდა კუთხური კარგად, ფაცაციამ კი აუღებელი თავური დარტყმით მესამედ აიღო მასპინძელთა კარი.

 

 მე-60 წუთზე ირაკლი კლიმიაშვილის ჯერიც დადგა, „მერანელმა“ მოწინააღმდეგე გუნდის მცველის დიაგონალური გადაცემა ჩაჭრა „მარკ სტარსის“ საჯარიმოს მისადგომებთან და ერთი შეხებით მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი.

 

 74-ე წუთზე, მასპინძელთაგან, მათე სიჭინავამ საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად - 1:4. შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი ერეკლე ლებანიძემ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2:4.

 

 ამ გამარჯვებით „მერანმა“ 1/16 ფინალის ბარიერი იოლად გადალახა. თუ ვის შეხვდება ჩვენი გუნდი მერვედფინალში წილისყრის შედეგად გაირკვევა.



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 27 55
ვიტ ჯორჯია 27 43
გაგრა 27 43
ნ. დინამო 27 42
თელავი 27 42
შევარდენი 1906 27 35
ცხინვალი 27 29
მერანი 27 28
შუქურა 27 27
სამგურალი 27 25