1 2 3 4 5
განახლებული გუნდი რეალური ამბიციებით - ინტერვიუ მალხაზ ჟვანიასთან

მარტვილის "მერანი" უმაღლეს ლიგაში მეორე სეზონს ატარებს. წინა სეზონში მალხაზ ჟვანიას გუნდმა სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა და საკმაოდ ღირსეული შედეგიც აჩვენა. 


ზაფხულში "მერანი" წამყვან ფეხბურთელთა დიდმა ნაწილმა დატოვა - ანზორ სუხიაშვილმა და თორნიკე კაკუშაძემ რუსთავის "მეტალურგს" მიაშურეს, ელგუჯა გრიგალაშვილიქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა,გიორგი მანწკავა კარიერას ბოლნისის "სიონში" აგრძელებს, კოტდივუარელიტაპე მუნინი კი ბედის საძიებლად ისრაელში წავიდა.

ახალწვეულთა სია დანაკარგის საპირწონე ნამდვილად არ არის, თუმცა "მერანისთვის" მცირე ბიუჯეტითა და ახალგაზრდული შემადგენლობით წარმატებისთვის ბრძოლა ჩვეული ამბავია. ამას კი, უპირველესად, "მერანის" სამწვრთნელო შტაბის მონდომება და კვალიფიკაცია განაპირობებს. 

ჩემპიონატის საწყის სამ ტურში მარტვილელებმა სამი ქულა მოიპოვეს და უკვე დაგვანახეს საიმისო პოტენციალი, რომ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოლონ.

"მერანის" მთავარ მწვრთნელ მალხაზ ჟვანიას მის გუნდში ბოლო დროს განვითარებულ ამბებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრეთ.

- ახალ სეზონს "მერანი" განახლებული გუნდით შეხვდა, რაც თქვენს ამოცანას ერთიორად გაართულებდა...
- რა თქმა უნდა, ნებისმიერი მწვრთნელისთვის ძალიან ძნელია გუნდიდან წასული წამყვანი ფეხბურთელების შეცვლა. ფაქტობრივად, სულ ახალი გუნდის ჩამოყალიბება გვიწევს. 

რთული პროცესია, მაგრამ ამავდროულად, საინტერესო. ახალწვეულები გუნდს ნელ-ნელა შეეგუებიან და "მერანი" კვლავ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

- რეორგანიზაციის ფონზე, საწყის სამ ტურში მოპოვებული სამი ქულა ურიგო შედეგი არ უნდა იყოს...
- გეთანხმებით. "ვიტ ჯორჯიასთან" ჩემმა გუნდმა ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენა და დამსახურებულად გაიმარჯვა. "მეტალურგთანაც" შეგვეძლო მინიმუმ არწაგება, მაგრამ რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ. 

ამას გარდა, მსაჯმა ჩვენს მიერ გატანილი ნაღდი გოლი გააუქმა. არადა, ვიდეოჩანაწერზე გარკვევით ჩანს, რომ იმ ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობა არ ყოფილა.

- არ აღმოაჩნდა "მერანს" იმის ფინანსური რესურსი, წამყვან ფეხბურთელთა თუნდაც ნაწილი რომ შეენარჩუნებინა?
- სამწუხაროდ, საამისო სახსრები არ გვაქვს. ამ ბიჭებმა ხელსაყრელი წინადადებები მიიღეს და მათთვის ხელი არ შეგვიშლია. ფინანსურ ასპექტთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს ტერიტორიულ ფაქტორს. მარტვილში ცხოვრებას ყველა ვერ ეგუება.

- ახალწვეულების მომზადების დონით კმაყოფილი ხართ?
- ნაწილმა უცებ აუღო ალღო ჩვენი გუნდის მოთხოვნებს და ძირითად შემადგენლობაში თამაშობს, ნაწილისგან კი იმედების გამართლებას ახლო მომავალში ველით. ფაქტია, რომ გუნდის თამაშის ხარისხი სასურველისგან ჯერ ძალიან შორსაა, მაგრამ მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ და გვჯერა, რომ მალე "მერანი" დღევანდელზე გაცილებით ძლიერი იქნება. 

მოუთმენლად ველით თავდამსხმელი ტორონჯაძის გამოჯანმრთელებას, რომელიც ვარჯიშს ჯერჯერობით ვერ ახერხებს. მისი დაბრუნება ჩვენს შეტევას სასიკეთოდ წაადგება.

- თუ საიდუმლო არ არის, რამდენია ამჟამად "მერანის" წლიური ბიუჯეტი?
- ზუსტად იმდენივე, რამდენიც წინა სეზონში - დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი წელიწადში. თუ არ ვცდები, უმაღლეს ლიგაში ყველაზე ხელმოკლე კლუბი ვართ, თუმცა მაინც ვახერხებთ არსებობასა და ჩვენი გეგმების განხორციელებას.

- გასხვისებულ ფეხბურთელებში "მერანს" კომპენსაცია არ მიუღია?
- სამწუხაროდ, მიზეზთა გამო ეს ვერ მოხერხდა, თორემ "მერანის" ბიუჯეტისთვის ეს დიდი შეღავათი იქნებოდა.

- უახლოეს დღეებში ახალწვეულების დამატებას კიდევ ხომ არ გეგმავთ?
- ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და იმედია, შემადგენლობის გაძლიერებას შევძლებთ.

- მარტვილის სტადიონს სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები ჰქონდა. ამ მხრივ უკეთესობა თუ გაქვთ?
- სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დაიგო 1800 ინდივიდუალური სკამი, მოწესრიგდა გასახდელები, საშხაპეები, სამსაჯო და სამედიცინო ოთახები. რაც შეეხება მოედნის საფარს, სამწუხაროდ, მისი შეცვლის საშუალება კლუბს არ აქვს, თუმცა მას შეძლებისდაგვარად ვუვლით და ვცდილობთ, ნორმალურ კონდიციებში მოვიყვანოთ.

- თუ შეძლებს ამ სეზონში "მერანი" იმაზე უფრო მაღალი მიზნისთვის ბრძოლას, ვიდრე უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა?
- ეს გამორიცხულია. ჩვენ კონკრეტული ამოცანა გვაქვს - უმაღლეს ლიგაში უნდა დავრჩეთ. თუმცა წინასწარ არ ვაპირებთ, აუტსაიდერის როლს შევეგუოთ და ნებისმიერ მატჩში წარმატებისთვის ვიბრძოლებთ.

- საკუთარი სამწვრთნელო მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ?
- რასაკვირველია, მომავალში უფრო მაღალ დონეზე მუშაობას ვისახავ მიზნად, მაგრამ მიმაჩნია, რომ "მერანში" საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს. კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან სრული ნდობით ვსარგებლობ, რაც ნებისმიერი მწვრთნელისთვის უდიდესი პრივილეგიაა. 

ვფიქრობ, "მერანისთვის" კიდევ შემიძლია სარგებლობის მოტანა, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 33 76
სამგურალი 33 63
არაგვი 33 58
ბახმარო 33 51
საბურთალო 2 33 45
ბეთლემი 33 37
კოლხეთი 33 36
ბორჯომი 33 36
მეშახტე 33 35
გორი 33 32