1 2 3 4 5
"მერანის" საჭირო გამარჯვება - "მერანი" - "გურია" 2-0

    დღეს, მარტვილში, ეროვნული ლიგა 2-ის, მორიგი ტურის მატჩი გაიმართა. ჩვენმა გუნდმა ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და სერგეი ტრეტიაკის და შოთა ჯიქიას გოლებით 2-0 დაამარცხა მეტოქე.

 

 სატურნირო ცხრილში იმდენად დაძაბული სიტუაციაა, ერთპიროვნულ ლიდერს ქულების დაკარგვის უფლება არა აქვს და "მერანმა" საჭირო სამი ქულა მოიპოვა.

 

 უკვე რამდენიმე ტურია, გიორგი მიქაძე ოპტიმალურ შემადგენლობას ვერ უყრის თავს. დღევანდელ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო, რევაზ გეწაძემ და ირაკლი რუხაძემ ვერ ითამაშეს. კვლავ ტრავმირებულია გუნდის კაპიტანი სერგი ორბელაძე.

 

 გია გურულის გუნდმა კი როგორც მოსალოდნელი იყო მეორე ნომრად არჩია თამაში, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ მხოლოდ დაცვაზე ფიქრობდნენ სტუმრები, რადგან გურულები საკმაოდ სახიფათო კონტრიერიშებსაც ახორციელებდნენ. თამაში კი "მერანს" მიჰყავდა.

 

 პირველი ხიფათი აკაკი შულაიას აქტიურობას მოჰყვა. "მერანელი" ფლანგიდან შევიდა კარგად "გურიას" საჯარიმოში, კიჭი მელიავასთან გაითამაშა კედელი და უძლიერესად გაისროლა, მეკარემ კუთხურზე მოიგერია ბურთი. კუთხურიდან ჯიქიამ ჩამოაწოდა ბურთი და ისევ შულაია ურტყამდა თავით, თუმცა ამჯერად არაზუსტად.

 

 31-ე წუთზე "ექს-მერანელმა" ნოდარ კიკნაველიძემ დაჰკრა ძლიერ ჩვენი კარის მიმართულებით, თუმცა არაზუსტად. ტაიმის მიწურულს კი აშკარა გოლისგან იხსნა "გურია" ირაკლი ხვედელიძემ. კიჭი მელიავას გადაცემის შემდეგ, რთული პოზიციიდან დაარტყა რევაზ ბარაბაძემ თავით, სტუმართა კიპერმა კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.

 

 მეორე ნახევარში უფრო მოტივირებულნი გამოვიდნენ "მერანელები" და შედეგმაც არ დააყოვნა. 48-ე წუთზე ვაჟა ლომაშვილის მიერ კარში დარტყმული ბურთი, საბოლოოდ სერგეი ტრეტიაკს მიუვიდა და "მერანის" მთავარმა მეგოლემაც ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა, საკუთარ აქტივში კი მეათე გოლი ჩაიწერა.

 

 10 წუთში შოთა ჯიქიამ კიდევ უფრო სოლიდური გახადა ანგარიში, პირველი გოლის ავტორის სერგეი ტრეტიაკის გადაცემის შემდეგ, ჯიქიამ მეტოქე გუნდის საჯარიმოს მისადგომებთან კარგად გაისწორა ბურთი და მოჭრილი, ზუსტი დარტყმით "გურიას" კარის ბადე შეარხია 2-0.

 

 სტუმრებს, ტაიმის მიწურულს ერთი ბურთის გაქვითვა შეეძლოთ, მაგრამ კულუამ არ გაატანინა გურულებს, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში უშეცდომო იყო და დამაჯერებლად იცავდა "მერანის" კარს.

 

 ამრიგად, მატჩი "მერანის" გამარჯვებით 2-0 დასრულდა. ჩვენი გუნდი კვლავ ლიდერობს ეროვნულ ლიგა 2-ს. მარტვილელები მეორე წრის დასრულებამდე კიდევ ორ შეხვედრას გამართავენ. 16 ივნისს "მერანი" წყალტუბოს "სამგურალს" დაუპირისპირდება, 21 ივნისს კი "ზუგდიდს" უმასპინძლებს და მეორე წრე მეგრული დერბით დასრულდება.



უკან

გათამაშების ცხრილი
რუსთავი 36 83
მერანი 36 80
სიონი 36 59
სამგურალი 36 53
გაგრა 36 53
ვიტ ჯორჯია 36 52
ცხინვალი 36 40
გურია 36 37
მეშახტე 36 27
ზუგდიდი 36 25