1 2 3 4 5
„მერანი“ VS “გურია - მატჩის წინათქმა

 ეროვნული ლიგა 2-ის, XVI ტური დღეს აიღებს სტარტს. „მცხეთა პარკზე“ საფეხბურთო კლუბი „ცხინვალი“ ნომინალური მასპინძლის სტატუსით წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს. ტურის სხვა შეხვედრები კი ხვალ გაიმართება. 2 ივნისს ითამაშებს თავის მატჩს მარტვილის „მერანი“. ჩვენი გუნდი საკუთარ კედლებში ლანჩხუთის „გურიას“ დაუპირისპირდება.

 

 მატჩამდე
„მერანი“ სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციას არ თმობს და წესით ასე უნდა ჩაამთავრონ მეორე წრეც ჭყონდიდელებმა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ერთპიროვნულ ლიდერს უახლოესი მდევრები მიუახლოვდნენ. ჩვენს გუნდს ქულების დაკარგვის უფლება არა აქვს და 2 ივნისს, გიორგი მიქაძის დამოძღვრილები მხოლოდ მოსაგებად გავლენ მოედანზე.

მდევრები ვახსენეთ და სწორედ უშუალო კონკურენტთან წააგო „მერანმა“ წინა ტურში რუსთავში. „ფოლადზე“ კაცნაკლულმა „მერანელებმა“ 88-ე წუთამდე შეინახეს კარი მშრალად, თუმცა ბოლო წუთებზე დათა სიჭინავას მიერ ზუსტად შესრულებულმა საჯარიმო დარტყმამ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა მასპინძლებს და ლიდერთან ქულათა სხვაობა 1 ქულამდე შეამცირეს.

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ლანჩხუთის „გურიამ“ სტუმრად, „გაგრასთან“ დიდი ანგარიშით (0-4) წაგებული მატჩის შემდეგ, ჰაერივით საჭირო ქულა მოიპოვა „ევ. შევარდნაძეზე“ „ცხინვალის“ წინააღმდეგ. მართალია თამაზ მაქაცარიას მიერ გატანილი გოლით იგებდნენ სტუმრები იმ შეხვედრას, მაგრამ 50-ე წუთზე ალექსანდრე ბენაშვილმა გაათანაბრა.

 

 დანაკლისი
მარტვილის „მერანის“ რიგებში დისკვალიფიკაციის გამო რევაზ გეწაძე და ირაკლი რუხაძე ვერ ითამაშებენ. ლანჩხუთელებს დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი არ ჰყავთ.

 

 ურთიერთშეხვედრები
ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, "მერანის" და "გურიას" გზები სულ 16-ჯერ გადაიკვეთა. ამ დაპირისპირებებიდან 7 მატჩში "მერანმა" იმარჯვა, 6-ჯერ "გურიამ" მოიპოვა გამარჯვება. 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ხსენებულ გუნდებს შორის ბოლო შეხვედრა, ამა წლის 13 აპრილს შედგა ლანჩხუთში და რევაზ ბარაბაძის და ვაჟა ლომაშვილის გოლებით 2-0 გაიმარჯვა "მერანმა".

 

 მსაჯთა ბრიგადა
ზემოთ აღნიშნულ მატჩს შემდეგი მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
მთავარი მსაჯი: ტარიელ რუხაია,
პირველი ასისტენტი: ა. ჟივიძე.
მეორე ასისტენტი: ბ. ჟვანია.
მეოთხე მსაჯი: ზვ. ტუღუში.

 

 და ბოლოს, 2 ივნისს რაც უფრო მეტი გულშემატკივარი მოვა „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე, მით უფრო გაუადვილდება ჩვენს გუნდს სასურველი მიზნის მიღწევა, ასე რომ 2 ივნისს მოდი სტადიონზე და უქომაგე შენს საყვარელ გუნდს!

 

 შეგახსენებთ, რომ "მერანი" - "გურიას" მატჩი "მურთაზ ხურცილავას" სახელობის ცენტრალურ სტადიონზე 2 ივნისს, 18:00 საათზე დაიწყება.



უკან

გათამაშების ცხრილი
რუსთავი 36 83
მერანი 36 80
სიონი 36 59
სამგურალი 36 53
გაგრა 36 53
ვიტ ჯორჯია 36 52
ცხინვალი 36 40
გურია 36 37
მეშახტე 36 27
ზუგდიდი 36 25