1 2 3 4 5
მუნინი ტაპე მარტვილს დაემშვიდობა

 

დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მარტვილის „მერანმა“ ახალი სეზონისათვის მზადება დაიწყო. „ლელო“ უკვე წერდა გუნდში მიმდინარე ძირეული ცვლილებების შესახებ. შეგახსენებთ, რომ „მერანი“ დატოვეს საკვანძო ფეხბურთელებმა: ანზორ სუხიაშვილმა, თორნიკე კაკუშაძემ (ორივე „მეტალურგი“), ელგუჯა გრიგალაშვილმა („ტორპედო“), ვალერი იობაშვილმა, ლაშა ჩალაძემ (ორივე „კოლხეთი“) , გიორგი მანწკავამ, გიგა ბოხუამ, გიზო შენგელიამ, ოთარ ტორაძემ.

 

გარდა ამისა, გადაწყვეტილი ამბავია, რომ „მერანს“ დატოვებს ერთადერთი ლეგიონერი, კოტდივუარელი  მუნინი ტაპე, რომელიც გასულ სეზონში გუნდის მთავარი მეგოლე გახლდათ (7 გოლი). სავარაუდოდ, ტაპე კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. არადა ორი წლის წინათ გუნდში ექვსი კოტდიუარელი ირიცხებოდა.

 

ცვლილებები შეეხო სამწვრთნელო შტაბსაც: არჩილ ჩხაბერიძე, რომელიც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, ამიერიდან სელექციონერად იმუშავებს. „მერანს“ კვლავ მალხაზ ჟვანია მოამზადებს, მას დაეხმარებიან: პაატა ლუსმანაშვილი, ბაგრატ ხელაია და მამუკა მდინარაძე.

 

„მერანის“ შემადგენლობაში მომხდარ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმების შესახებ კომენტარი გუნდის მთავარ მწვრთნელს მალხაზ ჟვანია ვთხოვეთ:

 

„მოთამაშეთა დიდ ნაწილს კონტრაქტი დაუსრულდა და სხვა კლუბში გადასვლა არჩიეს. ეს არცაა გასაკვირი, ნებისმიერი ფეხბურთელის მიზანი ხომ უფრო ძლიერ და ამბიციურ გუნდში თამაშია. ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე აქცენტს ადგილობრივებზე გავაკეთებთ, დავიმატეთ რამდენიმე კარგი ფეხბურთელიც: ცოტნე ბუკია („კოლხეთი“ ხობი), ნოდარ ნოზაძე („დილა“), გიგა კვერენჩხილაძე („გურია“), საბა ლომია („ზესტაფონი“), გიორგი მჭედლიშვილი („ლოკომოტივი“), გიორგი ბერაია („სპარტაკი“), დემურ სამსეიშვილი („გურია“).

 

ჯერჯერობით „მერანთან“ ერთად ვარჯიშობს გიგა გაბისონია, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და ბოლო დროს იქაურ პირველ ლიგაში ასპარეზობდა. მისი მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა. სეზონის დაწყებამდე ჯერ დიდი დროა და გამორიცხული არაა კიდევ დავიმატოთ ახალი ფეხბურთელები“.

 

„მერანი“ უახლოეს საკონტროლო შეხვედრას 9 ივლისს საჩხერის „ჩიხურასთან“ გამართავს, 24 ივლისიდან კი გუნდი ურეკში გაემგზავრება და მოსამზადებელ ეტაპსაც იქ გაივლის.

 

ბესიკ გვაზავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 32 67
ვიტ ჯორჯია 32 56
გაგრა 32 21
ნ. დინამო 32 50
თელავი 32 44
შევარდენი 1906 32 43
მერანი 32 33
სამგურალი 32 32
შუქურა 32 32
ცხინვალი 32 29