1 2 3 4 5
მერანში სერიოზული ცვლილებებია

 

 

ახლა უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მომავალ სეზონს მარტვილის „მერანი“ აბსოლუტურად განსხვავებული შემადგენლობით შეხვდება. როგორც იცით, გუნდის საკვანძო ფეხბურთელებმა: ანზორ სუხიაშვილმა, ელგუჯა გრიგალაშვილმა და გიორგი მანწკავამ „მერანი“ ჩემპიონატის დასრულებისთანავე დატოვეს. თუმცა ცვლილებები ამით არ დასრულებულა: რამდენიმე დღის წინ მარჯვენა მცველმა თორნიკე კაკუშაძემ რუსთავის „მეტალურგთან“ ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. კონტრაქტი დაუმთავრდათ ასევე გიგა ბოხუასა და გიზო შენგელიასაც.

 

ამის გარდა, გადაწყვეტილი ამბავია: მარტვილს დატოვებს ცენტრალური მცველი ვალერი იობაშვილი, მისით ფოთის „კოლხეთი“ და საჩხერის „ჩიხურაა“ დაინტერესებული,  დღედღეზე გაირკვევა გამოცდილი გივი დიდავას საკითხიც.

 

რაც შეეხება მარტვილელთა ახალწვეულებს, ამ საკითხზე კომენტარი „მერანის“ მთავარ მწვრთნელს მალხაზ ჟვანიას ვთხოვეთ:

 

„ძალიან ბევრ ფეხბურთელს კონტრაქტი დაუმთავრდა და შესაბამისად, უფრო ამბიციურ გუნდებში წასვლა არჩიეს. ჩვენ, ფაქტობრივად ახალი გუნდის შენებას ვიწყებთ, რაც რასაკვირველია, იოლი გასაკეთებელი ნამდვილად არ არის. მომავალი წლისათვის ახალგაზრდა ფეხბურთელებს დავეყრდნობით. მალე შემოგვიერთდებიან ახალწვეულები: ცოტნე ბუკია („კოლხეთი“ ხობი), ნოდარ ნოზაძე („დილა“), გიგა კვერენჩხილაძე („გურია“), საბა ლომია („ზესტაფონი“), გიორგი მჭედლიშვილი („ლოკომოტივი“). სავარაუდოდ, უახლოეს მოვავალში კიდევ დავიმატებთ ახალ ფეხბურთელებს. კლუბი უპირველესად ცენტრალური ნახევარმცველის ძიებაშია.“

 

„მერანი“ 25 ივნისს მარტვილში შეიკრიბება, შემდეგ კი 10- დღიან შეკრებას ურეკში გაივლის. კვლავ ღიად რჩება სტადიონის რეკონსტრუქციისა და მოედნის საფარის საკითხი.

 

 

ბესიკ გვაზავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 29 67
სამგურალი 29 54
არაგვი 29 52
ბახმარო 29 45
საბურთალო 2 29 41
ბორჯომი 29 36
გორი 29 31
ბეთლემი 29 29
კოლხეთი 29 29
მეშახტე 29 28