1 2 3 4 5
მარტვილის "მერანის" უმთავრესი პრობლემა სტადიონია

 

სეზონის დასკვნით ნაწილში აქა-იქ ვრცელდებოდა ხმები, რომ "მერანის" ფინანსური მდგომარეობა გაუარესებული იყო და არც იმას გამორიცხავდნენ, მარტვილურ კლუბს მომავალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში აღარ ეთამაშა.

მოარულ ხმებზე კომენტარი "მერანის" მთავარ მწვრთნელს მალხაზ ჟვანიასვთხოვეთ, რომელმაც მოვლენათა მსგავსი განვითარება გამორიცხა: 

"დიდი ბიუჯეტი არც გასულ სეზონში გვქონდა, მაგრამ არსებობას ვახერხებდით. დაზუსტებით შემიძლიათ გითხრათ, რომ მომავალ სეზონშიც ანალოგიური დაფინანსება გვექნება და უმაღლეს ლიგაში აუცილებლად ვიასპარეზებთ".

ჟვანიას კლუბის სატრანსფერო სიახლეებზე დავეკითხეთ. უკვე იცით, რომ "მერანის" ლიდერი ელგუჯა გრიგალაშვილი კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს,ანზორ სუხიაშვილმა კი რუსთავის "მეტალურგს" მიაშურა. 

ახალი ამბავი ის არის, რომ მარტვილელთა გამოცდილი ნახევარმცველი გიორგი მანწკავა სომხეთში იმყოფება და სავარაუდოდ, კარიერას იქვე, "მიკაში" გააგრძელებს.

ჟვანიამ გვითხრა, რომ კლუბმა შეთანხმებას მიაღწია სხვა წამყვან ფეხბურთელებთან და ისინი "მერანში" დარჩებიან. 99-პროცენტიანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტვილიდან არ წავლენ თორნიკე კაკუშაძე, გიგა ჟვანია, ვალერი იობაშვილი, გივი დიდავა და მეკარე ჯონი შეროზია.

რაც შეეხება "მერანის" უმთავრეს პრობლემას - მარტვილის სტადიონის რეაბილიტაციის საკითხი ჯერ კიდევ ღიადაა. კლუბის ხელმძღვანელობა ამ პრობლემის დასაძლევად რაიონის მუნიციპალიტეტთანაც გადის კონსულტაციას და თავადაც ცდილობს საამისო სახსრების გამოძებნას. 

იმედია, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება და მარტვილში თამაში აღარც "მერანის" მეტოქეებისთვის იქნება უსიამოვნო და აღარც - თვით "მერანისთვის".

მომავალი სეზონისთვის სამზადისზე საუბარი კი ჯერ ადრეა. უახლოეს დღეებში მხოლოდ ევროთასებზე მოასპარეზე ქართული კლუბები შეიკრიბებიან.

 

 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 30 70
სამგურალი 30 57
არაგვი 30 52
ბახმარო 30 45
საბურთალო 2 30 41
ბორჯომი 30 36
ბეთლემი 30 32
კოლხეთი 30 32
გორი 30 31
მეშახტე 30 31