1 2 3 4 5
ჯონი შეროზია: ნუ გაიკვირვებთ, თუ გაგაკვირვებთ

 

ბევრისთვის მოულოდნელად, დებიუტანტი "მერანი" ჩემპიონატის ცხრილში მე-5 ადგილზე დამკვიდრდა, გუნდის წარმატებაში კი დიდი წვლილი შეაქვს მარტვილელთა 21 წლის მეკარე ჯონი შეროზიას, რომელიც სტაბილური თამაშით გამოირჩევა.

 

- სად დაიწყო თქვენი საფეხბურთო კარიერა, როგორ მოხვდით "მერანში"?

- თამაში სენაკის რაიონის სოფელ უშაფათის საფეხბურთო კლუბ "ეგრისში" დავიწყე, ვმონაწილეობდით რეგიონულ ლიგაში. "მერანში" 2007 წლიდან ვარ, შარშან კი თანაგუნდელებთან ერთად პირველი ლიგიდან უმაღლესში გადმოსვლით გავიხარე.

 

- ლიგის დებიუტანტი "მერანი" სასიამოვნოდ აოცებს სპეციალისტებს, რისი წყალობით შეძელით ასეთი შედეგის მიღწევა?

- კლუბში საქმიანი ატმოსფეროა, გვყავს კარგი მწვრთნელები, ფეხბურთელები მოედანზეც და ცხოვრებაშიც ერთი გუნდი ვართ, რაც მთავარია, მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ და ვეცდებით, უკეთესი პოზიციებისთვის ვიბრძოლოთ.

 

- წილისყრამ საქართველოს თასის მეოთხედფინალში "გაგრა" გარგუნათ. ვინ მიგაჩნიათ წყვილის ფავორიტად?

- ტურიდან ტურამდე ვამტკიცებთ, რომ ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. მართალია, "გაგრა" თასის მფლობელია, მაგრამ, ჩემი აზრით, ორმატჩიან დუელში საბოლოოდ ჩვენ გავიმარჯვებთ. ორი წლის წინანდელი შედეგის გაუმჯობესებასა და ფინალში თამაშს ვგეგმავთ, მერე კი ვნახოთ...

 

- ეროვნულ ჩემპიონატში "მერანის" საუკეთესო მატჩად რომელს მიიჩნევთ?

- დაუვიწყარია გამარჯვება ისეთ სახელოვან კლუბთან, როგორიც ქუთაისის "ტორპედოა," პრინციპულ დერბიში დავამარცხეთ ზუგდიდის "ბაია", რითაც დიდი სიხარული მივანიჭეთ მარტვილელ ქომაგებს, ჯერჯერობით ეს ორი მატჩი ჩემს კარიერაშიც საუკეთესოა.

 

- კლუბების ფინანსური მდგომარეობა ჩვენში აქტუალური საკითხია. 

- ბევრი გუნდისგან განსხვავებით, ჩვენთან ფინანსური საკითხები მოწესრიგებულია. ხელფასებსაც დროულად ვიღებთ და პრემიებიც გვაქვს. მოკლედ, ყველაფერი 

 

ნორმალურადაა.

 

- რამდენწლიანი კონტრაქტი გაკავშირებთ გუნდთან?

- კონტრაქტი წლის ბოლოს მიმთავრდება, მაგრამ მინდა, "მერანში" დავრჩე, აქ უფრო სრულად წარმოვაჩენ ჩემს პოტენციალს.

 

- სოსო ჭედიამ უკვე მეორედ გამოგიძახათ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში.

- ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნება და მიზანია, გამონაკლისი, რასაკვირველია, არც მე ვარ და ამიტომ გამახარა ნაკრებში მიწვევამ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მწვრთნელს იმედები გავუმართლო.

 

 

 

ბესიკ გვაზავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 

 

 

 



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0