1 2 3 4 5
შეუჩერებელნი! „მერანმა“ „ჩხერიმელაც" არ დაინდო

 მარტვილის „მერანი“ მოწინააღმდეგე გუნდების „რბევას“ განაგრძობს, დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში საჩხერის „ჩიხურას“ 3-0 დამარცხების შემდეგ, პირველი ლიგის გათამაშების XIV ტურში, უფრო დიდი ანგარიშით და ნაკლები ძალების დახარჯვით, 4-0 გაანადგურეს მარტვილელებმა ხარაგაულის „ჩხერიმელა“.

 

 დღევანდელ დაპირისპირებაში ფავორიტი თავიდანვე ცნობილი იყო და მასპინძლები, რომ ღირსეულ სამ ქულას ჩაიწერდნენ აქტივში ეს ადვილად პროგნოზირებადი იყო.

 

 „მერანელებმა“ სწრაფ გოლზე გააკეთეს აქცენტი და თუ შეხვედრის მე-8 წუთზე იუბილარი ლაშა ჩალაძის შორეული დაარტყმა გამოდგა მცირედ არაზუსტი, სამ წუთში, იგივე ჩალაძემ ითამაშა ჩინებულად, რომლის ფლანგიდან გარღვევას და დიაგონალურ გადაცემას, ნიკოლოზ საბანაძის ზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა და ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა 1-0.

 

 საბანაძე ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რომ მარტვილელთა თავდამსხმელმა, რომელმაც დისკვალიფიკაციის გამო თასის ნახევარფინალი გამოტოვა, დღევანდელ შეხვედრაში გაილაღა და შეიძლება ითქვას „ორმაგი დუბლი“ გაიფორმა, ჩვენმა „ცხრიანმა“ ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

 22-წუთზე აკაკი შულაიას მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, სტუმრების საჯარიმოში ისევ საბანაძემ აჯობა ყველას და თავით მეორედ აიღო „ჩხერიმელას“ კარი 2-0.

 

 მართალია, სტუმართა კიპერმა ოთხი გოლი გაუშვა, მაგრამ იმდენად სუსტად გამოიყურებოდა "ჩხერიმელას“ დაცვის ხაზი, რომ არა მარიამიძის თავგანწირული თამაში, შეიძლებოდა უფრო გამანადგურებელი ანგარიშით წაეგოთ ხარაგაულელებს.

 

 ერთი ასეთი ეპიზოდი 33-ე წუთზე განხმუხტა მარიამიძემ, როცა ქანთარიას აჯობა და ნახტომში მოიგერია ბურთი, ერთ წუთში კი ნიკოლოზ საბანაძემ ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა მეურვე და საჯარიმოს მისადგომებიდან მოჭრილი, უძლიერესი დარტყმა განახორციელა მეტოქე გუნდის კარის მიმართულებით, ამჯერადაც შესანიშნავად ითამაშა კიპერმა და მუშტებით კუთხურზე მოიგერია ბურთი.

 

 მეორე ნახევარიც მარტვილელების კარნახით წარიმართა და ბურთის გაგორებასთან ერთად, პერიოდულად მწვავე იერიშებსაც ახორციელებდენ მასპინძლები.

 

 49-ე წუთზე აკაკი შულაია შეიჭრა სტუმართა საჯარიმოში და ჯიქიას გაუკეთა გადაცემა, შოთა ჯიქიას მარიამიძემ არ გაატანინა, 67-ე წუთზე კი ქანთარიას დარტყმულ ბურთს გადაეღობა "ჩხერიმელას" მეკარე.

 

 ტაიმის მიწურულს სტუმრებს დაღლა დაეტყოთ, ბედს შეურიგდნენ და უკვე იმ მცირე წინააღმდეგობასაც ვერ უწევდნენ მეტოქეს, რასაც მეტ-ნაკლებად პირველ ნახევარში ახერხებდნენ.

 

 83-ე წუთზე მარტვილელების მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ, ნიკოლოზ საბანაძეს თავადაც შეეძლო ახლო მანძილიდან დაერტყა და ჰეთ-თრიქი გაეფორმებინა, მაგრამ უფრო ხელსაყრელ ადგილას მყოფ ქანთარიას დაუგორა ბურთი და ქანთარიამ ახლო მანძილიდან 3-0 გახადა ანგარიში.

 

 შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, ანალოგიურად მოიქცა საბანაძე, როცა "ჩხერიმელას" საჯარიმოში, შეცვლაზე შემოსულ ჯიქიას "დაუთმო" ამჯერად ბურთი, ჯიქიამ კარში ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში 4-0 დააფიქსირა.

 

 ამ გამარჯვებით „მერანი“ „კოლხეთს“ დაეწია და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 ნოემბერს მცხეთაში გამართავს. მეტოქე თბილისის „მარკ სტარსი“ იქნება.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0