1 2 3 4 5
ბრძოლა, ჟინი და გამარჯვება - "მერანი" მეოთხედფინალშია!

      დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მერვედფინალში, მარტვილის "მერანსა" და გორის "დილას" შორის გამართული მატჩი - დრამატული, სანახაობრივი და ემოციებით დატვირთული გამოდგა. მართალია შეხვედრის 86-ე წუთამდე აკაკი წყაროზიას მიერ გატანილი გოლით 1-0 იგებდა "მერანი", მაგრამ მატჩის მიწურულს წიქარიძემ აღადგინა წონასწორობა და მეოთხედფინალისტის ვინაობა დამატებითი ტაიმების შემდეგ, თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერიით გამოვლინდა. პირველი დამატებითი ტაიმის მე-10 წუთიდან, 10 კაცით დარჩენილმა "მერანმა" ანგარიში შეინარჩუნა, პენალტების დუელში კი 4-3 აჯობა მეტოქეს!

 

 სანამ უშუალოდ მატჩზე გადავიდოდეთ, ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ "დილას" წინააღმდეგ, მცირე ტრავმების გამო, საკუთარ გუნდს რევაზ გეწაძე და ვაჟა ლომაშვილი ვერ დაეხმარნენ.

 

 თერთმეტმეტრიანებამდე კი დიდი ორთაბრძოლა გაიმართა მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე და მასპინძლებმა შეხვედრის დაწყებისთანავე მწვავედ შეუტიეს მრისხანე მეტოქეს.

 

 მე-6 წუთზე ნიკოლოზ საბანაძემ "მერანის" კონტრიერიში წამოიწყო და მეტოქე გუნდის საჯარიმოსკენ დიდი სისწრაფით დაიძრა, თამაშის წესების დარღვევით რომ არ შეეჩერებინათ გორელებს "მერანელი", ხიფათი გარდაუვალი ჩანდა.

 

 მე-13 წუთზე საბანაძემ "დილას" საჯარიმოში, ამჯერად ჩალაძეს დაუგორა ბურთი, ჩალაძის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

 

 25-ე წუთზე კუპატაძეს მოუწია თამაშში ჩართვა, გამცემლიძის ულიერესად გასროლილი ბურთი მუშტებით მოიგერია "მერანის" კიპერმა.

 

 26-ე წუთზე ისევ "მერანმა" განახორციელა შეტევა, გიორგი გეგიას გრძელი, ზუსტი გადაცემის შემდეგ, ბენჟამინ ტეიდმა საბანაძის მისამართით გააკეთა გადაცემა, საბანაძემ კარში კი დაარტყა, მაგრამ მეკარეს პოზიცია შერჩეული ჰქონდა და ადვილად დაეუფლა ბურთს.

 

 45+1 წუთზე ჩალაძის კარგი გადაცემით, გიორგი ციმაკურიძე დაემუქრა "დილას" კარს, მუჯრიშვილმა ნახტომში მოიგერია ბურთი.

 

 მიუხედავად იმისა, რომ სახიფათო ეპიზოდებით დახუნძლული იყო პირველი ნახევარი, ტაიმი გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა.

 

 ისევე როგორ პირველი ნახევარი, მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო "მერანმა". 51-ე წუთზე კიჭი მელიავამ მოაწოდა კუთხურიდან ბურთი, შეტევა გაგრძელდა, საბოლოოდ საჯარიმოს მისადგომებთან აკაკი წყაროზიამ მიიღო ბურთი. "მერანის" საყრდენმა ნახევარმცველმა უძლიერესი ზუსტი დარტყმით უშანსოდ დატოვა მუჯრიშვილი 1-0.

 

 გაშვებული გოლის შემდეგ, სტუმრები უფრო დიდი ძალებით გადავიდნენ შეტევაში, ამას შეცვლაზე აქტიურად შემოსულმა გიორგი ერისთავმაც შეუწყო ხელი, რომელიც სტუმართაგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო მოდებაძესთან ერთად.

 

 71-ე წუთზე გორელებმა საკმაოდ სახიფათო კომბინაცია გაითამაშეს და გოლის გატანის რეალურს საფრთხეს ქმნიდნენ, თუმცა ამ ეპიზოდში ანდრო გიორგაძემ თავით გამოიტანა ბურთი საჯარიმოდან და ხიფათიც განიმუხტა.

 

 შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთი იყო დარჩენილი, როცა თენგიზ წიქარიძემ ჩვენს საჯარიმოსთან მიიღო ბურთი, კარგად გაისწორა და ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა 1-1.

 

 მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე კი დავით კუპატაძემ ითამაშა ბრწყინვალედ. აღნიშნულ ეპიზოდში "დილას" გამოცდილმა თავდამსხმელმა ირაკლი მოდებაძემ მეურვე ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და დაბალ კუთხეში დაურტყა კუპატაძეს, "მერანის" კიპერმა შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და ნახტომში კუთხურზე მოიგერია ბურთი.

 

 დამატებითი ტაიმები ორმხრივი იერიშებით გაგრძელდა, თუმცა უფრო ფრხილად უტევდნენ გუნდები და ნაკლებად რისკავდნენ, პირველი დამატებითი ტაიმის მე-10 წუთზე გიორგი მიქაძის გუნდის ამოცანა გართულდა, აკაკი წყაროზიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მარტვილელების სანაქებოდ უნდა ითქვას რომ კაცნაკლულმა "მერანმა" თავდადებულად იბრძოლა და გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანი დარტყმების დანიშნვა გახდა საჭირო.

 

 პენალტების სერიას, "ნერვების ომს", ემოციურად ადევნებდნენ თვალს მარტვილელი და გორელი გულშემატკივარები და გამამხნევებელი შეძახილებით ამხნევებდნენ თავიანთ საყვარელ გუნდებს.

 

 პირველი, ბურთთან თენგიზ წიქარიძე მივიდა და ზუსტი დარტყმით წინ გაიყვანა "დილა" 1-0. "მერანის" მხრიდან პირველი დარტყმა ციმაკურიძემ შეასრულა, მუჯრიშვილმა მოიგერია. ცაცკრიალაშვილმა კიდევ უფრო სოლიდური გახადა "დილას" უპირატესობა 2-0, სერგი ორბელაძის ზუსტი დარტყმის შემდეგ შემცირდა სხვაობა 1-2, მოდებაძემ 1-3 გახადა ანგარიში, კიჭი მელიავამ ისევ მინიმუმადე შეამცირა სხვაობა 2-3, ერისთავმა არაზუსუტად დაარტყა. მასპინძლების მხრიდან შოთა ჯიქიამ უზადოდ შეასრულა პენალტი 3-3, ერისთავის მსგავსად ღონღაძის დარტყმაც არაზუსტი გამოდგა. საბოლოო, გადამწყვეტი დარტყმა ლაშა ჩალაძემ შეასრულა ჩინებულად 4-3.

 

 "მერანი" დ. ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალში გავიდა, სრულიად დამსახურებულად, რადგან თითოეულმა მარტვილელმა ფეხბურთელმა ყველაფერი გააკეთა საამისოდ, სული და გული დადო მოედანზე, ძლიერი მეტოქე დაამარცხა და ღირსეულად მოიპოვა მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება.

 

 თუ ვის შეხვდება "მერანი" მეოთხედფინალში, წილისყრის შედეგად გაირკვევა. მანამდე კი ჩვენი გუნდი 26 სექტემბერს პირველი ლიგის მატჩს გამართავს სტუმრად ხონში ადგილობრივი "იმერეთის" წინააღმდეგ.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0