1 2 3 4 5
პრევიუ: „მერანი“ VS “დინამო“ ბთ

  23 აგვისტოს, მარტვილში, მ. ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე სრული ანშლაგია მოსალოდნელი. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში „მერანი“ ბათუმის  „დინამოს“ დაუპირისპირდება.

 

 გარდა იმისა, რომ „მერანი“ ორ ფრონტზე (პირველი ლიგის გათამაშება და თასი) აპირებს ბრძოლას, „დინამოს“ წინააღმდეგ თავისი „პირადი ანგარიშები“ აქვთ მარტვილელებს. საქმე იმაშია, რომ წინა სეზონში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში, “დინამოსთან“ გამარჯვების შემთხვევაში უმაღლეს ლიგაში ინარჩუნებდა ადგილს ჩვენი გუნდი, მაგრამ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, უმოტივაციო „დინამომ“ სპორტული პრინციპი დაიცვა და ბოლომდე იბრძოლა, ქობულეთში დაფიქსირებული ნულოვანი ფრე კი „მერანის“ პირველ ლიგაში დაქვეითების მიზეზი გახდა. ასე, რომ 23 აგვისტოს გასამართ მატჩში მასპინძელთა მოტივაციას ეს ფაქტიც აათმაგებს.

 

მერანი
მარტვილის „მერანს“ ახალი მთავარი მწვრთნელი და წინა სეზონისგან განსხვავებით, უფრო გაძლიერებული კონტიგენტი ჰყავს. ჩვენმა გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე 7 საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა, აქიდან 5 მოიგო, ორჯერ კი დამარცხდა. რაც შეეხება პირველი ლიგის გათამაშებას, „მერანმა“ პირველ ტურში, საკუთარ სტადიონზე, მოულოდნელი შედეგი ფრე დააფიქსირა „მეშახტესთან“, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა და მარტვილელი გულშემატკივარი იმედიანი თვალით უყურებს ახალ სეზონს. „დინამოსთან“ მატჩისთვის გიორგი მიქაძის გუნდი სრულ მზადყოფნაშია. ერთადერთი დანაკლისი, გამოცდილი მცველი გიორგი ციმაკურიძე იქნება, „მერანელი“ მცირე ტრავმის გამო, დიდი ალბათობით გამოტოვებს აღნიშნულ შეხვედრას.

 

 „დინამო“
„მერანს“ პირველივე ეტაპზე ძლიერი მეტოქე ერგო წილად. ბათუმის „დინამო“ არც წინა ჩემპიონატში იყო სუსტი, მაგრამ აჭარლებმა თითქმის შეცვალეს ძირითადი ბირთვი და რამდენიმე წამყვანი, გამოცდილი მოთამაშე მიიყვანეს გუნდში. „დინამოს“ რიგებში ორი მარტვილელი ფეხბურთელი ასპარეზობს, პაპუნა ფონიავა კონტრაქტით „დინამოს“ კუთვნილებაა, რაც შეეხება ლევან გეგეჭკორს, ის არენდით ირიცხება ბათუმის გუნდში. გარდა ექს-მერანელებისა, „დინამოში“ მივიდნენ დავით კვირკველია, ელგუჯა ლობჯანიძე, უკრაინელი მეკარე - ანატოლი ტიმოფეევი.. გარდამავალი ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში „დინამო“ „სამტრედიას“ დაუზავდა ქობულეთში 1-1, მეორე ტურში ფოთის „კოლხეთი“ დაამარცხა „პარკ არენაზე“ 5-0, მესამე ტურში კი გორის „დილას“ სძლია 3-1 და 7 ქულით სატურნირო ცხრილში გალიდერდა. „მერანის“ წინააღმდეგ, სტუმრების რიგებში, „დილასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო, გიორგი ქავთარაძე ვერ ითამაშებს. საეჭვოა ელგუჯა ლობჯანიძის მონაწილეობაც აღნიშნულ მატჩში, რომელმაც ტრავმა მიიღო წინა ტურის შეხვედრაში.

 

 ურთიერთშეხვედრები
„მერანი“ და „დინამო“ (ბთ) სულ 13-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ამ გუნდებს შორის დაპირისპირებაში ერთადერთი ფრე დაფიქსირდა 1-1. 7-ჯერ ჩვენმა მეტოქემ იმარჯვა, 5 შეხვედრა კი „მერანმა“ მოიგო. ბურთების შეფარდება 14:24 თან. დავით ყიფიანის სახელობის თასზე ეს გუნდები პირველად ხვდებიან ერთმანეთს.

 

 „დინამოს“ სავარაუდო შემადგენლობა „მერანთან“ მატჩში: ტიმოფეევი, კვირკველია, გოგიტიძე, ვარშანიძე, სუხიაშვილი, შონია (კაპ), ფონიავა, თარხნიშვილი, კვანტალიანი, მარიანოვიჩი, თევდორაძე.

 

 P.S. წელს დავით ყიფიანის თასის გათამაშებაც შეცვლილი ფორმატით ტარდება და მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა ერთ მატჩიან დაპირისპირებაში გაირკვევა.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0