1 2 3 4 5
რას წერენ ჩვენზე...

06.04. ფოთი. „ფაზისი“

 კოლხეთი – მერანი 4:1 


 „კოლხეთი“: მიქაბერიძე, ფოფხაძე, ბოიომო, ცხვიტარია, გაბუნია, გოგონაია (ცხადაია, 59), ქებაძე, გვალია(კ), პ. დათუნაიშვილი (ციცხვაია, 58), პავლიაშვილი (წურწუმია, 46), ბ.ტუღუში.

 მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე


 „მერანი“: შენგელია, მელიავა, ჟვანია(კ), იობაშვილი, სუხიაშვილი, დიდავა (ამბროლაძე, 67), წოწორია (ვართაგავა, 49), ჩალაძე (კიკალიშვილი, 41), ე. გრიგალაშვილი, ტორონჯაძე, ტაპე.

 მწვრთნელი: არჩილ ჩხაბერიძე


 გოლი: 1:0 გვალია (21), 2:0 დათუნაიშვილი (32), 3:0 ცხვიტარია (38), 4:0 ქებაძე (75), 4:1 გრიგალაშვილი (76)


 გაფრთხილება: გოგონაია (14), წოწორია (47), გრიგალაშილი (54), ქებაძე (69)


 მსაჯები: ლევან კვარაცხელია



 „კოლხეთი“ აღარც ხუმრობს


 „დაკარგული არაფერია, ჩვენ ხუთეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ“, – განაცხადა პლეი ოფის სტარტზე, საშინაო მატჩში „ზესტაფონთან“ 0:4 წაგებული „კოლხეთის“ თავკაცმა. დავით მახარაძის ეს ოპტიმიზმი მაშინ გადამეტებულად გვეჩვენა, მაგრამ გადის დრო და სულ უფრო ვრწმუნდებით, რომ ზღვისპირელთა დამრიგებელს მართლა სწამდა, რასაც ამბობდა. ჩემპიონთან ფიასკოს შემდეგ, „კოლხეთმა“ ოთხ შეხვედრაში 8 ქულა მოიპოვა, რაც უშუალოდ პლეი ოფში საანგარიშო ტურისთვის მე-3 შედეგი იყო – უკეთესი მაჩვენებლები მხოლოდ „მეტალურგს“ (12 ქულა) და „ზესტაფონს“ (9 ქულა) ჰქონდათ.

 მორიგ შეხვედრაში, კოლხებს სატურნირო მდგომარეობის მეტად გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობა ეძლეოდათ, რადგანაც ყოველგვარი მოტივაციის გარეშე დარჩენილ „,მერანს“ ეთამაშებოდნენ. მართლაც რომ გაგვკვირვებია მარტვილელების, რომლებსაც გასული წლის 18 დეკემბერს „დინამოსთან“ ხმაურიანი გამარჯვების შემდეგ, ჩემპიონატში საერთოდ აღარ მოუგიათ, ხოლო პლეი ოფში ერთადერთი ქულა მიითვალეს (და ისიც „დინამოსთან“).

 მეტოქეებმა ძალიან ფრთხილად, დაბალ ტემპში დაიწყეს თამაში და მისი შემყურე, ვერავინ იფიქრებდა, რომ მატჩი ასეთი უხვგოლიანი გამოდგებოდა. ორივე გუნდი სადებიუტო თხუთმეტწუთეულის შემდეგ გამოცოცხლდა, ხოლო პირველი დარტყმა კარის მიმართულებით მარტვილელებმა განახორციელეს. მე–17 წუთზე, ტაპემ საჯარიმოს მარჯვენა კუთხიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ შორეულ ძელს ააცილა. 

 ზღვისპირელების პირველივე სახიფათო შეტევა კი იღბლიანი გამოდგა. ბექა ტუღუშმა მარჯვნიდან გაჭრა გიზო შენგელია კარის გასწვრივ, მცველებმა ჩათვლიმეს და ლაშა გვალიამ ახლოდან უპრობლემოდ გადაგზავნა ბურთი ბადეში.

 მერანელები გააქტიურდნენ და 28-ე წუთზე მათ ანგარიშის გათანაბრება მართებდათ. ელგუჯა გრიგალაშვილმა ზუსტი პასით მამუკა ტორონჯაძე გაიყვანა არდალიონ მიქაბერიძესთან პირისპირ, თუმც სტუმართა ფორვარდმა მეტად ხელსაყრელი შანსი ვერ გამოიყენა – კარს ააცილა.

 31-ე წუთზე, ლაშა ქებაძის ჩაწოდებულს სტუმართა საჯარიმოში ილია პავლიაშვილი გამოეხმაურა, მაღალ ნახტომში თავით დაარტყა კარისკენ, ოღონდ არაზუსტად. მალევე სიტუაცია გამეორდა. ქებაძემ ისევ მოახერხა კარისკენ სახიფათოდ ჩაწოდება, მცველებმა უყურადღებოდ დატოვეს პავლე დათუნაიშვილი და მასაც არ გასჭირვებია გატანა.

 რაც მართალია, მარტვილელებს არც მეორე გოლის შემდეგ ჩამოუშვიათ ხელები, მაგრამ არ უმართლებდათ. 36-ე წუთზე, გრიგალაშვილი, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და სახიფათოდაც დაარტყა კარისკენ, მაგრამ არაზუსტად. მასპინძლებს კი კვლავაც გაუღიმა ფორტუნამ. „მერანის“ მცველები მიუტევებლად შეცდნენ საკუთარ საჯარიმოში, პავლიაშვილმაც დრო იხელთა და ზუსტად ჩაუწოდა შეტევაში ჩართულ პაატა ცხვიტარიას, რომელმაც ახლოდან თავურით გაიტანა.

 მე-2 ტაიმში სტუმრები გაცილებით ფხიზლად იდგნენ დაცვაში და სერიოზული შეცდომები არც დაუშვიათ, რაც შეეხება მე-4 გოლს მათ კარში, თავი ქებაძემ გამოიჩინა, როდესაც საკმაოდ რთული მდგომარეობიდან ანაზდეული შორეული დარტყმით შეარხია მეტოქის კარის ბადე – 4:0. 

 ამ ანგარიშმა სულ ცოტა ხანს გაძლო. საპასუხო შეტევაში კარგად გაისარჯა სტუმართა რიგებში გამორჩეული გრიგალაშვილი. იგი სწრაფად დაუსხლტდა კოლხ მცველებს, მეკარეც მოატყუა და ერთი ბურთი გაქვითა. მატჩის უკანასკნელი 10 წუთი უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ. 82-ე წუთზე, გრიგალაშვილის პასის შემდეგ, ანზორ სუხიაშვილს შეეძლო გატანა. ორ წუთში გრიგალაშვილი თავად დარჩა მიქაბერიძესთან პირისპირ, მაგრამ ჯერ მეკარეს მოარტყა, მეორე დარტყმით ძელს, მერე კი ხარიხას გადააცილა. სულ ბოლოსკენ ვერც გიგა ამბროლაძემ ისარგებლა ბოძებული შანსით, მართალია, მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი, მაგრამ კარს ზემოთაც მოუვიდა.


 მატჩის შემდეგ

 არჩილ ჩხაბერიძე: „პლეი ოფისთვის სათანადოდ მომზადების საშუალება არ გვქონდა და შედეგებს ახლა ვიმკით. ამ მატჩისთვის მანწკავა გვაკლდა. ბევრი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ. „კოლხეთს“ კარგი სპეციალისტი უდგას სათავეში. გუნდი დამაჯერებლად თამაშობს და მომატებაც შეუძლია“.


 დავით მახარაძე: „ლამაზი გოლები გავიტანეთ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ, მაგრამ თამაშში ბევრი მინუსი გვქონდა, განსაკუთრებით მე-2 ტაიმში. მეტოქეს ბევრი საგოლე მომენტი შევაქმნევინეთ. ასე ყოველთვის არ გაგვიმართლებს“.

 

საინფორმაციო სააგენტო — WORLDSPORT.GE



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 33 76
სამგურალი 33 63
არაგვი 33 58
ბახმარო 33 51
საბურთალო 2 33 45
ბეთლემი 33 37
კოლხეთი 33 36
ბორჯომი 33 36
მეშახტე 33 35
გორი 33 32