1 2 3 4 5
"მერანი" 3-2 "დილა" - როცა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

    დღეს, მართლაც დაამტკიცა მარტვილის "მერანმა", რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის შენი მეტოქე და რამდენი წამი გაქვს ამ ბრძოლის მოსაგებად დარჩენილი. დიახ, დღეს, მარტვილის "მ. ხურცილავას" სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, მსაჯის მიერ კოპმენსირებულ ბოლო წამებზე, ფეხზე ამდგარი მარტვილელი გულშემატკივარი, რომელსაც ყოველთვის სჯერა საკუთარი გუნდის, აჩქარებული გულის ცემით ელოდებოდა მატჩის მიწურულს იმ ოქროს გოლს, რაც "მერანის" უმაღლეს ლიგაში დარჩენის საწინდარი უნდა გახდეს. შეხვედრის დამატებითი ბოლო წუთი იყო, როცა მამალაძემ ბურთი შეიყვანა თამაშში, საბოლოდ ჯიქიას მიუვიდა ბურთი, გამოცდილმა "მერანელმა", რომელმაც დიდი ენერგია დახარჯა დღეს თანაგუნდელებთან ერთად, საკუთარ თავზე აიღო თამაში, მცველს გასცდა და ზუსტი დარტყმით დიდი სიხარული მოუტანა მარტვილს.

 

 აღნიშნულ შეხვედრას კი საკადრო პრობლემებით შეხვდა ბადრი კვარაცხელიას გუნდი. ბესიკ ჩიმაკაძე ტრავმირებულია. გუნდის კაპიტანი სერგი ორბელაძე და გიორგი ციმაკურიძე დისკვალიფიცირებული, ამას დაემატა ტრავმამოშუშებული აკაკი წყაროზიას ტრავმა დღევანდელ მატჩშიც, რის გამოც 24-ე წუთზე შესაცვლელი გახდა "მერანელი". მიუხედავად ამ პრობლემებისა, "მერანის" მთავარი ამოცანა მხოლოდ გამარჯვება იყო, ჩვენს გუნდს წაგების უფლება არ ჰქონდა და ისეთ მრისხანე მეტოქესთან, როგორიც გორის "დილაა", დიდი ბრძოლის გადატანა, რომ მოუწევდა თავიდანვე ცხადი იყო.

 

 მატჩი კი მარტვილელებისთვის კარგად დაიწყო. "მერანმა" თავიდანვე მწვავედ შეუტია მეტოქეს და მე-6 წუთზე ჯაბა უგულავას კარგი პასით, "მერანის" საუკეთესო ლეგიონერს ბენჟამინ ტეიდს ახლო მანძილიდან სულ ცოტა დააკლდა გოლის გასატანად. მე-10 წუთზე კიჭი მელიავამ, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში, ფლანგზე მოსვენებას არ აძლევდა მეურვეებს და უმეტეს შემთხვევაში იერიშებში ერთვებოდა, ზუსტი გადაცემით უგულავა გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ლეგაშილმა ითამაშა დასწრებაზე კარგად და ხიფათიც განიმუხტა.

 

 სწრაფი გოლი მაინც გაიტანეს მასპინძლებმა, შეტევა მოედნის შუა ხაზიდან ბენჟამინ ტეიდმა წამოიწყო, რომელმაც ჯიქიას გადააწოდა ბურთი, გააზრებული კომბინაცია კი ჯაბა უგულავამ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა 1-0.

 

 პირველი გოლის გატანიდან ხუთი წუთიც არ იყო გასული, როცა კიჭი მელიავას გამოზომილი პასის შემდეგ, ჯაბა უგულავა შეიჭრა გორელთა საჯარიმოში, "მერანელი" წესების დარღვევით შეაჩერეს სტუმართა მცველებმა, მთავარმა არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა კი სრულიად სამართლიანად თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რაც ივანე ხაბელაშვილმა ზუსტი დარტყმით გოლად აქცია 2-0.

 

 პირველი ტაიმის დასწულებამდე წამები იყო დარჩენილი, როცა "მერანის" დაცვის ხაზის ჩავარდნით ისარგებლეს სტუმრებმა და ირაკლი ძარიამ მინიმუმამდე დაიყვანა ანგარიში 2-1.

 

 მეორე ნახევარში გუგა ფალავანდიშვილის მიერ "მერანის" კარში გატანილმა გოლმა, გუნდის მდგომარეობა რთული გახადა, წაგების შემთხვევაში "მერანი" ფაქტიურად ეთიშებოდა უმაღლეს ლიგას, სხვა გამოსავალი არ იყო, მარტვილელებმა გაორმაგებული ჟინით შეუტიეს მეტოქეს და თამაშის გადასარჩენად მთლიანად შეტევაში ჩაერთვნენ, გადამწყვეტი კი მსაჯის მიერ კომპენსირებული ბოლო წუთი აღმოჩნდა, როცა შოთა ჯიქიამ სასიცოცხლო მნიშვნელობის გოლი შეაგდო 3-2.

 

 პარალელულად, "გურიას" გარდა, უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლმა ორივე გუნდმა მოიგო, "ზუგდიდმა" ფოთის "კოლხეთს" სძლია 2-1, "საპოვნელამ" კი "ცხინვალი" დაამარცხა ანალოგიური ანგარიშით. საბოლოოდ, თუ ვინ დატოვებს უმაღლეს ლიგას, იმ ორი გუნდის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა, "მერანმა" კი დღევანდელი გამარჯვებით კიდევ უფრო გაზარდა დარჩენის შანსი. ბოლო ტურში "მერანი" ქობულეთში ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდება, შეხვედრა 22 მაისს გაიმართება.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0