1 2 3 4 5
წავაგეთ, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებთ!

      "მერანმა" ერთ-ერთი პრინციპული შეხვედრა წააგო საკუთარ სტადიონზე "საბურთალოსთან" და ამით გუნდის ამოცანა უფრო გართულდა, თუმცა უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი რეალურია და დარჩენილ ოთხ ტურში ქულათა მაქსიმუმი უნდა აიღოს ჩვენმა გუნდმა სასურველი მიზნის მისაღწევად.

 

 დღევანდელი თამაშის შედეგს და ანგარიშს კი მატჩის საწყისი წუთები ნამდვილად არ მოასწავებდა, მაგრამ თუ პირველ ტაიმში ასე თუ ისე გარდამავალი უპირატესობა იგრძნობოდა, მეორე ნახევარში აშკარად დაჯაბნეს სტუმრებმა მეტოქე და ეს ანგარიშზეც აისახა.

 

 შეხვედრის მე-8 წუთზე შოთა ჯიქიას პასის შემდეგ გიორგი ციმაკურიძეს შეეძლო თავური დარტყმით "მერანი" დაეწინაურებინა, მაგრამ "საბურთალოს" საჯარიმოში ბურთს ვერ შეწვდა "მერანელი", ორ წუთში კი ასპროცენტიანი მომენტი გაფლანგეს მასპინძლებმა. მართალია პირველ ეპიზოდში "საბურთალოს" კიპერმა ივარგა და ქურდაძემ ნიკოლოზ საბანაძეს არ გაატანინა, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფი ბესიკ ჩიმაკაძე ვალდებული იყო ახლო მანძილიდან გოლი შეეგდო.

 

 აღნიშნული ეპიზოდიდან 3 წუთიც არ იყო გასული, როცა დაუწერელი საფეხბურთო კანონი ამოქმედდა - "არ გაიტან-გაგიტანენ", ზურაბ მამალაძემ ხარაიშვილის შორეული, უძლიერესი დარტყმა კი უკუაგდო მუშტებით, მაგრამ "მერანის" მცველებმა კიპერი ვერ დააზღვიეს და დამატებაზე ირაკლი რუხაძე აღმოჩნდა ბურთთან ყველაზე ახლოს 0-1.

 

 მე-18 წუთზე ბესიკ ჩიმაკაძემ წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმის მიწურულს უფრო მწვავედ შეუტიეს მარტვილელებმა, მაგრამ ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა.

 

 58-ე წუთზე გურამ გოშთელიანმა წინ გაიყვანა თავისი გუნდი, "საბურთალოს" შემტევი, ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს მეკარესთან მარტო აღმოჩნდა და ადვილად გაიტანა. 4 წუთში იგივე გოშთელიანმა დუბლი გაიფორმა 1-3.

 

 "მერანელები" თამაშის გადარჩენასთან ყველაზე ახლოს 72-ე წუთზე იყვნენ, ფლანგზე კიჭი მელიავას აქტიურობის და კარგი ჩაწოდების შემდეგ ჩიმაკაძემ შეასრულა დუბლი და ანგარიშის სხვაობა მინიმუმადე შეამცირა 2-3, თუმცა ორ წუთში კიდევ ერთი კონტრიერიში გამოეპარათ მარტვილელებს და გიორგი ხარაიშვილმა ისევ ორბურთიანი გახადა სხვაობა 2-4.

 

 დარჩენილ დროში მასპინძლებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდნენ, "საბურთალოს" საპასუხო იერიშის დროს კი შეცვლაზე შემოსულმა რატი ცაწკრიალაშვილმა უძლიერესი დარტყმით სააბოლოო ანგარიში 2-5 დააფიქსირა.

 

 როგორც თავში ვახსენეთ, "მერანს" კვლავინდებურად რეალური შანსი აქვს უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ბრძოლა გააგრძელოს. ჩვენი გუნდი 18 ქულით კვლავ მე-14 პოზიციაზე რჩება და დარჩენილ მატჩებში წარმატებულად გამოსვლის შემთხვევაში, დასახული მიზნის მიღწევას შეძლებს.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 18 44
არაგვი 18 35
ბახმარო 18 32
სამგურალი 18 26
საბურთალო 2 18 25
ბორჯომი 18 23
კოლხეთი 18 21
გორი 18 18
მეშახტე 18 15
ბეთლემი 18 15