1 2 3 4 5
ფრიდონ ინჯია: სახელმწიფოს მიდგომა ფეხბურთისადმი ისეთია, ბევრ ქვეყანას შეშურდება

     საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. ფეხბურთის განვითარების ფონდი მუშაობას თებერვლის ბოლოდან შეუდგება.

 

 გაზეთმა "ლელომ" პროგრამასთან დაკავშირებით აზრის გაზიარება ქართული საფეხბურთო საზოგადოების წარმომადგენლებს სთხოვა.

 ფრიდონ ინჯია, მარტვილის "მერანის" დამფუძნებელი:

 

- ფეხბურთის ფედერაციამ და ხელისუფლებამ ისეთი პროგრამა წარმოადგინეს, შეიძლება ითქვას, კერძო კლუბების მეპატრონეებს შრომა დაგვიფასეს. ნამდვილად მიღირდა, 9 წელი რომ მეცადა. ახლა ფეხბურთისადმი ხალისი დამიბრუნდა. ნამდვილად რევოლუციური პროგრამაა. სახელმწიფოს მიდგომა ისეთია, ბევრ ქვეყანას შეშურდება. ეს ფეხბურთისკენ ხალხს მოიზიდავს.

- ამ პროგრამის ამოქმედება ხელს შეგიწყობთ, "მერანში" ბიზნესწრეები რომ მიიზიდოთ?

 

 - რა თქმა უნდა, რადგან ახლა სტიმული მეც მაქვს და სხვა ბიზნესმენებსაც. ახლა ზუსტად იმის დროა, სახელმწიფო კლუბები კერძო მეპატრონეთა ხელში გადავიდეს. უმაღლესი ლიგის კლუბები, მინიმუმ, 2 მილიონ ლარს მიიღებენ - ზღაპარია და ამისთვის ფეხბურთში დარჩენა ნამდვილად ღირდა! 

 შარშან ფეხბურთზე ხელი ჩაქნეული მქონდა, მის მიტოვებას ვაპირებდი და ეს გადაწყვეტილება რომ არ მიეღოთ, ასეც ვიზამდი. 

- რეალურად, ახლა თქვენ მეტი ფულის დახარჯვა გიღირთ?

 

- რა თქმა უნდა! მე თუ ყოველწლიურად მილიონს ვხარჯავდი, ახლა სახელმწიფო მეხმარება და ბევრად უფრო წელგამართული ვარ. სიხარულით ცრემლები მომდის, რომ ქართული ფეხბურთის თანამდგომი ხალხი გამოჩნდა. 

ჩავარდნის მიუხედავადაც, ფეხბურთი საქართველოში მაინც სპორტის ნომერი პირველი სახეობაა, მაგრამ უყურადღებობის გამო უმძიმეს კრიზისში ჩავარდა. 

- 10-გუნდიან ჩემპიონატთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? მას ზოგიერთმა უკვე ქართული ფეხბურთის შოკური თერაპია უწოდა...

 

- ქულათა დაგროვების, პრემიალური და სტიმულირების სისტემებით, ესეც მისაღებია. მეტსაც გეტყვით, დამიჯერეთ, პირველ ლიგაში თამაშიც საინტერესო გახდება. 3, 4 ან 5 წელი იქნება გარდამავალი ეტაპი და შესაძლოა, კლუბები ისე მოძლიერდნენ, რომ 16-გუნდიანი ჩემპიონატი უკვე ყველასთვის მისაღები გახდეს.

 

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი (მარტვილი) 0 0
რუსთავი (რუსთავი) 0 0
სიონი (ბოლნისი) 0 0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0 0
სამგურალი (წყალტუბო) 0 0
დინამო (ზუგდიდი) 0 0
შუქურა (ქობულეთი) 0 0
შევარდენი (თბილისი) 0 0
გაგრა (გაგრა) 0 0
არაგვი (დუშეთი) 0 0