1 2 3 4 5
ალექს პაპადოპულოსი: “მთავარია ბევრი შრომა და წარმატება აუცილებლად მოვა”

  მარტვილის “მერანის” რიგებში ბერძენი ფეხბურთელი ალექსანდროს პაპადოპულოსი თამაშობს. ალექსი სწორედ მაშინ შემოუერთდა მარტვილის გუნდს, როცა “მერანელებს” პრობლემები ჰქონდათ. სხვადასხვა მიზეზების გამო ძირეულად შეცვლილ “მერანს” ცუდი სტარტი ჰქონდა მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში, თუმცა ბოლო ტურის მატჩში “გურიასთან” მარტვილელებმა სამ ქულასთან ერთად, გამარჯვების მუხტი და განწყობა დაიბრუნეს, რაშიც თავისი წვლილი პაპადოპულოსმაც შეიტანა. (მის მიერ ჩაწოდებული ბურთი ჩაჭრა “გურიას” ფეხბურთელმა საკუთარ კარში). თუ როგორ მოხვდა პაპადოპულისი “მერანში” და რას ფიქრობს ზოგადად ქართულ ფეხბურთსა და საქართველოზე, ამ კითხვებით თავად ბერძენ ფეხბურთელს მივმართეთ:

 

— ალექს, გულშემატკივარს აინტერესებს ალბათ, თუ როგორ მოხვდი “მერანში” და მანამდე სად მოღვაწეობდით.
— საბერძნეთიდან ვარ და საბერძნეთის ეროვნული ჩემპიონატის პირველი და მეორე ლიგის გუნდებში ვთამაშობდი. “მერანში” ჩემი მოხვედრა ოჯახურმა მდგომარეობამ განაპირობა. მშობლები გარდამეცვალა ადრეულ ასაკში.

 

— ლანჩხუთის “გურიასთან” გამარჯვება და თქვენი კარგი თამაში, მშობლების ხსოვნას მიუძღვენით, შეგიძლიათ გვითხრათ რა დაემართათ მათ?
— დედას სიმსივნე ჰქონდა, 5 წელი იტანჯებოდა და ძალიან დიდი თანხა დავხარჯე მის გადასარჩენად, მაგრამ მაინც ვერ შევძელი, გულის პრობლემები აწუხებდა მამაჩემსაც და ორივე დავკარგე. ძალიან მძიმე სტრესი იყო ეს ჩემთვის. ყველაფერზე ამიცრუვდა გული, მათ შორის ფეხბურთზეც. ჩემს ქვეყანაში გაჩერებაც არ მინდოდა, იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს. შემდეგ მარტვილის “მერანზე” გავიგე შემთხვევით და მეგობრებმაც მირჩიეს, რომ მეცადა ფეხბურთში დაბრუნება და ამით სხვა რამეზე გადამეტანა ჩემი ტკივილი. აქ თბილად მიმიღეს, ვარჯიშები დავიწყე და იმედია, მალე შევალ ოპტიმალურ ფორმაში.

 

— დიდი ხანი არაა, რაც მარტვილში ხართ, მაგრამ გარკვეული წარმოდგენა გექნებათ “მერანზე”. რას იტყვით მარტვილის გუნდზე?
— ძალიან ლამაზი რაიონია მარტვილი, თავისი ადგილმდებარეობით. როგორ შეიძლება, არ მოგწონდეს აქაური ჰაერი და გარემო. რაც შეეხება თვითონ გუნდს, აქ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი არის და მათ შეუძლიათ დიდი ფეხბურთი ითამაშონ, ოღონდ, ამისთვის აუცილებელია ძალიან ბევრი შრომა, წარმატების მთავარი მოთხოვნაა შრომა.

— როგორ ფიქრობთ, შეძლებს “მერანი” უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას?
— რთული სტარტი ჰქონდა გუნდს, მაგრამ ყველაფერი წინაა, ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ “მერანი” უმაღლეს ლიგაში დარჩეს. ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.

 

— და ბოლოს, რამდენ ხანს აპირებთ “მერანში” დარჩენას და რას ეტყოდით “მერანის” გულშემატკივარს?
— რამდენ ხანს დავრჩები, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა სანამ აქ ვიქნები, “მერანისთვის” დავიხარჯები 100 პროცენტით, იმიტომ, რომ ეს ჩემი გუნდია დღეს. რაც შეეხება გულშემატკივარს, მე ვგრძნობ მათ მხარდაჭერას, ტაშს და ეს უფრო მეტს სტიმულს მაძლევს. მიხარია, რომ ასეთი დამოკიდებულება არის მარტვილში ფეხბურთის მიმართ. მათ ერთადერთს ვეტყვი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ “მერანის” წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო და ისინი გავახარო.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი (მარტვილი) 0 0
ჩიხურა (საჩხერე) 0 0
გაგრა (გაგრა) 0 0
სიონი (ბოლნისი) 0 0
რუსთავი (რუსთავი) 0 0
დინამო (ზუგდიდი) 0 0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0 0
შევარდენი (თბილისი) 0 0
გარეჯი (საგარეჯო) 0 0
მერანი (თბილისი) 0 0