1 2 3 4 5
ფრე სტუმრად ”ვიტ ჯორჯიასთან”

მეორე წრის პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა, სტუმრად ”ვიტ ჯორჯიასთან” გამართა. ვეტერინარებს სატურნირო ცხრილში სახარბიელოდ არა აქვთ საქმე და დღევანდელ დაპირისპირებაში ”მერანელებს” დიდი წინააღმდეგობა, რომ დახვდებოდათ ცხადი იყო, თან ”მერანს” სხვადასხვა მიზეზის გამო; კიჭი მელიავა, ლევან გეგეჭკორი და ახალწვეული გოგა ფიფია ვერ დაეხმარნენ.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მარტვილის ”მერანის” შემადგენლობაში ოთხ ახალგზარდა ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოთხივემ კარგად გაართვა თავი მწვრთნელის მიერ მიცემულ დავალებას. ირაკლი ციცხვაიამ, ვაჟა ქიქავამ, დავით პეტავამ და ევგენი კუშნირმა მწვრთნელის და გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურეს.მატჩს ასევე დაესწრნენ ფრიდონ ინჯია, დომენტი სიჭინავა და ალექსანდრე ჩივაძე.შეხვედრა კი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და ”მცხეთა პარკზე” მოსულმა მცირერიცხოვანმა გულშემატკივარმა ოთხ გატანილ გოლთან ერთად, სანახაობრივი ფეხბურთიც იხილა.პირველი სახიფათო მომეტი მასპინძლებმა შექმნეს, კახაბრიშვილი მეკარე მამალაძესთან პირისპირ აღმოჩნდა, ხიფათამდე თითქოსდა მცველებსა და კიპერს შორის შეუთანხმებელ თამაშს ჰქონდა ადგილი, თუმცა საბოლოოდ მშვიდობიანად დასრულდა ყველაფერი და პაპუნა ფონიავამ გამოიტანა ბურთი სჯარიმოდან.საპასუხო იერიში, მერანელმა ნოდარ კიკნაველიძემ განახორციელა, მან ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა ფლანგზე ორი მეურვე და შეროზიას არცთუ ისე ახლო მანძილიდან დაურტყა,მასპინძელთა მეკარე დამაჯერებლად დაეუფლა ბურთს.მართალია კიკნაველიძის პირველ ჩართვას შეტევაში შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ 34 -ე წუთზე სწორედ მის მიერ მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა ”მერანის” პირველი გოლი, საჯარიმოში ყველას გიგა წურწუმიამ დაასწრო და ანგარიშიც გაიხსნა 0-1.მეორე ტაიმში ”ვიტ ჯორჯიას” უკან დასახევი გზა არ ჰქონდა და გაორმაგებული ენერგიით გადავიდა შეტევაზე, ”მერანმა” კი ანგარიშიდან გამომდინარე უფრო დაცვიდან დაიწყო თამაში და 3 წუთიან მონაკვეთში ”ვიტ-ჯორჯიამ” ორი გოლის გატანა შესძლო, 64-ე წუთზე პირველი გოლი გაიტანა კურდღელაშვილმა და ანგარიში გაათანაბრა, 67-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.”მერანელთა” სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ გაშვებულმა სწრაფმა გოლებმა გუნდი არ გატეხა და თამაშის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლეს მარტვილელებმა, უკრაინელმა სპეციალისტმა ვლადიმირ ლობასმა, ახალგაზრდებსაც მისცა შანსი, როგორც თავში ვახსენე და მათაც თავიანთი სიტყვა თქვეს. განსაკუთრებით ლომის წვლილი მიუძღვის მეორე გოლში დებიუტანტ დავით პეტავას. პეტავამ მოედნის შუაგულში მიიღო ბურთი 84-ე წუთზე და ტექნიუკურად ორი ”ვიტ ჯორჯიელი” ჩამოიცილა, შემდეგ კი ფლანგზე ასევე დებიუტანტი ირაკლი ციცხვაია მოძენა, ციცხვაიამ მასპინძელთა საჯარიმოში მყოფ წყაროზიას გაუკეთა გადაცემა, რომელმაც ნახტომში, ეფექტურად ჩინებული გოლი გაიტანა მეტოქე გუნდის კარში 2-2. დარჩენილ დროში მატჩის საბოლოო ანგარიში არ შეცვლილა და საინტერესო, დრამატული შეხვედრა ფრე 2-2 მორჩა.

 

ვლადიმირ ლობასი: ”პირველი ნახევარი თანაბარი თამაში იყო, ჩვენს გუნდს ყვითელი ბარათების და სხვა მიზეზების გამო, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, მაგრამ ამას მიზეზად არ ვამბობ, მიუხედავად ყველაფრისა გუნდმა იბრძოლა. სამწუხაროდ მეორე ტაიმში იყო შეცდომები და 2 წუთიან მონაკვეთში ორი გოლი მივიღეთ. თუმცა საბოლოოდ ნაწილობრივ მაინც გამოსწორდა სიტუაცია, რადგან ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ.
- დებიუტანტებზე რას იტყვით? 
- ახალგზარდები არიან, დღეს პირველად ითამაშეს უმაღლეს ლიგაში და ნორმალურად შევაფასებდი მათ გამოსვლას, ყველაფერი მათ ხელშია, სამომავლოდ როგორ ითამაშებენ. დღევანდელ შეხვედრაზე იმას დავამატებდი, რომ ამ თამაშის სცენარი ისე განვითარდა, რომ მოგებაც შეგვეძლო და წაგების საფრთხის წინაშეც ვიდექით, საბოლოოდ ფრედ დასრულდა. ახლა კი მომავალ მატჩზე ვფიქრობთ და მომდევნო შეხვედრისთვის მოვემზადებით.”

 

”მცხეთა პარკი”. 22 თებერვალი. 14:00.

”ვიტ ჯორჯია” (თბილისი) - ”მერანი” (მარტვილი) 2-2 (0-1)

”მერანი”: მამალაძე, ირაკლი ციცხვაია, ორბელაძე (პეტავა, 68), ლომაშვილი, კიკნაველიძე, ქიქავა, წყაროზია, ფონიავა (კუშნირი, 73), შულაია, წურწუმია, ლომია (დავით ციცხვაია, 73).

სათადარიგოები: ბეგაშვილი, შანგუა, მარგველაშვილი, რუხაია.

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი.

გოლები: 0-1 წურწუმია (34), 1-1, 2-1 კურდღელაშვილი (64, 67), 2-2 წყაროზია (84)

გაფრთხილება:ღიბრაძე (36), თათხაშვილი (28), წურწუმია (49), ი. ციცხვაია (69)

მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

 

 

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 1 მარტს, განახლებულ მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე გამართავს ცხინვალის ”სპარტაკის” წინააღმდეგ, დიდი ხნის პაუზის შემდეგ ისევ დაუბრუნდება საკუთარ არენას მარტვილის ”მერანი” და გვჯერა იმის, რომ მარტვილელი გულშემატკივარი ტრადიციუალდ მრავალრიცხოვანი მოვა სტადიონზე და სამი ქულის მოპოვებასაც შევძლებთ. ”მერანი” -”სპარტაკის” შეხვედრა 1 მარტს 14:00 საათზე გაიმართება.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0