1 2 3 4 5
რევაზ ჩელებაძე: 16-გუნდიანი ჩემპიონატი მასობრიობისა და რეგიონებში ფეხბურთელთა მოტივაციის გაზრდის წინაპირობაა!

  13 მარტს გაზეთ "ლელოს" ფურცლებზე გამოქვეყნდა ინტერვიუ ფეხბურთის ლეგენდა მურთაზ ხურცილავასთან. ის ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი და, ამავდროულად, ახლადშექმნილი ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიის წევრია (კომისიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრია - ბ.გ). ხურცილავა ახალი ინიციატივით გამოვიდა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების 16-მდე გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი ეს იდეა საჯარო განხილვის საგნად მალევე იქცა.


საგულისხმოა, რომ თექვსმეტგუნდიანი გათამაშების მომხრეთა შორისაა იმ გუნდების ხელმძღვანელები და მწვრთნელები, რომლებსაც უმაღლესიდან გავარდნა არ ემუქრებათ და ისინიც, ვისაც დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში საუკეთესოთა მარაქაში მოხვედრის პრობლემა არ აქვთ. ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი ქობულეთის "შუქურას" პრეზიდენტმა, სახელოვანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ გამოთქვა: 

"უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მურთაზ ხურცილავას, რომელმაც კლუბების ხელმძღვანელებს შესანიშნავი იდეა მოგვაწოდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მის მოსაზრებას საფეხბურთო სამყაროს აბსოლუტური უმრავლესობა ვიზიარებთ. ამ თემაზე ხშირად ვსაუბრობ ჩემს კოლეგებთან, ვეტერან ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან. მათი დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანია. ვის უნდა დავეკითხოთ, თუ არა ხურცილავას, ჩივაძეს, ძოძუაშვილს, გაბელიას, ჩელებაძეს. მარტივი აქსიომაა: 16-გუნდიანი ჩემპიონატი მასობრიობისა და რეგიონებში ფეხბურთელთა (და არამარტო მათი) მოტივაციიის გაზრდის წინაპირობაა. ვისაც დიდი ფეხბურთი არ უთამაშია და არ იცის, რა ხდება რაიონებში, მისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს. ბათუმის "დინამო", მარტვილის "მერანი", "ზუგდიდი" და "სამტრედია" უდიდესი საფეხბურთო ტრადიციის მქონე გუნდებია ამოუწურავი პოტენციალით. ფეხბურთი მასობრივი უნდა გავხადოთ და ხარისხიც თავისთავად მოვა. სხვაგვარად არაფერი გვეშველება!

- თქვენი გუნდი ქობულეთის "შუქურა" თუ არის მზად უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ?

- ბოლო პერიოდში ქობულეთისა და ბათუმის ფეხბურთის განვითარებისთვის ბევრი რამ გაკეთდა. ბედნიერი ვარ, აჭარის რეგიონს ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული ხელმძღვანელი რომ ჰყავს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური, ბატონი არჩილ ხაბაძე ყველანაირად გვერდში გვიდგას. მას ხშირად ნახავთ "შუქურასა" და "დინამოს" თამაშებზე.

პირველი ლიგის სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ქობულეთის "შუქურა", ფაქტობრივად, ფლეი-ოფშია. დიდი ალბათობით, საუკეთესოთა მარაქაში გუნდების რაოდენობის გაზრდის გარეშეც შევაღწევთ. თუმცა, ჩემთვის უმთავრესი არა მხოლოდ კონკრეტული რაიონისა თუ გუნდის წარმატებაა, არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთის. ამიტომაც ვუჭერ მხარს ლიგის გაფართოებას.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, გვაქვს კარგი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანი, სტადიონი დაახლოებით 4 000-მდე მაყურებელს იტევს, დაფინანსება სტაბილურია. დღესდღეობით ქობულეთის სტადიონი სრულად აკმაყოფილებს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების მოთხოვნებს. როგორც ვიცი, ანალოგიური სიტუაციაა ფოთში, სამტრედიაში. ბათუმის "დინამო" კი, სანამ საკუთარი სტადიონი არ ექნება, ჩვენთან ითამაშებს.

- იდეის განხორციელებას რამ შეიძლება შეუშალოს ხელი?

- ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება, უბრალოდ, დროის საკითხია.რაც ადრე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, მით უკეთესია.წინა წლებში გუნდების ფინანსურად "წელში გაუმართაობისა" და სტადიონების უქონლობის გამო რაოდენობის გაზრდა ვერ ხერხდებოდა. ახლა სხვა მდგომარეობაა, სახელმწიფო კომისია ქართულ ფეხბურთს 30 მილიონით ეხმარება. ეს კი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.

თავად განსაჯეთ: ახალი სისტემით ზედა და ქვედა ექვსეულებად დაყოფას ბოლო მოეღება და ეს ანარქიაც დასრულდება. დღეს ჩემპიონატში განუკითხაობაა და ამაში კლუბებს ვერც დაადანაშაულებ. აბა, შუა სეზონში მოტივაცია რომელი ქვეყნის ჩემპიონატში იკარგება. ამიტომ მიდის "მიცემ-მოცემა". 16-გუნდიანი ჩემპიონატი მართლაც იდეალურია. რატომ? მატჩების რაოდენობა ოპტიმალური იქნება (30), პლუს თასის თამაშები. კალენდარი წინასწარ დალაგდება, ეროვნული ნაკრების ინტერესებიც გათვალისწინებული იქნება და ქართული კლუბების ევროტურნირებზე მონაწილეობაც. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია გულშემატკივართა ინტერესებიც. აჭარაში ფეხბურთი თავდავიწყებით უყვართ, ჩვენს საშინაო თამაშებზე 2000 მაყურებელზე მეტი დადის. უმაღლეს ლიგაში რომ გადავალთ, კიდევ უფრო მეტი მოვა. აი, ასე უნდა გამოვაცოცხლოთ ფეხბურთი!

- თქვენი შემდგომი ნაბიჯი რა იქნება?

- კლუბების ხელმძღვანელები მოვამზადებთ ერთიან წერილს და ოფიციალურად მივმართავთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და აღმასკომის წევრებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს არგუმენტებს ფედერაციაში გულისყურით მოეკიდებიან, გაითვალისწინებენ და დადებით გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

P.S. აღნიშნულ მოსაზრებას სრულად იზიარებს და ინიციატივას მხარს უჭერს აჭარის რეგიონის კიდევ ერთი საფეხბურთო კლუბის, ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელი ოთარ ფედიჩკინი. მისი თქმით, სანამ ბათუმში სტადიონის მშენებლობა დაიწყება, გუნდი მზადაა, საშინაო მატჩები ქობულეთის "ჩელე არენაზე" გამართოს.

 


ბესიკ გვაზავა
საქართველოს რესპუბლიკა

20.03.2014

 

ინტერვიუ მურთაზ ხურცილავასთან, იხილეთ: http://sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/61783-murthaz-khurcilava-gundebis-raodenoba-unda-gaizardos.html



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 34 79
სამგურალი 34 66
არაგვი 34 61
ბახმარო 34 51
საბურთალო 2 34 45
ბორჯომი 34 39
ბეთლემი 34 37
კოლხეთი 34 37
მეშახტე 34 35
გორი 34 33