1 2 3 4 5
მერანი-გურია 1:2 გაზეთი ლელო: ღრმა კრისიზი და დიდი აღმასვლა

  უმაღლეს ლიგაში ყოფნისას მერანელები ყოველთვის დამაჯერებელ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ, ბევრი ხმაურიანი გამარჯვებაც მოუპოვებიათ, საკუთარი თამაშის სტილითა და მანერით სპეციალისტთა სიმპათიაც არაერთხელ დაუმსახურებიათ... თუმცა დღეს სხვა სიტუაციაა - გუნდი გავარდნის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია. თავად განსაჯეთ - სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული, "მერანმა" 7 მატჩი გამართა და შვიდივე(!) წააგო. აქედან, ზედიზედ 5 შეხვედრა - ახალი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით. 


ამის საპირისპიროდ, "გურია" საოცარ ბრძოლისუნარიანობას ავლენს. სეზონის დასაწყისშივე თითქოს აუტსაიდერობისთვის განწირული გუნდი ახლა უკვე რომან პოკორას თავკაცობით მყარად დამკვიდრდა მე-3 ადგილზე.

...პირველ ტაიმში "გურია" დიდ უპირატესობას არ ფლობდა. თამაშის ტემპიც არ იყო მაღალი, მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, იყო დაძაბული ფონი და ინტრიგა - ორივე გუნდი მოედანზე მოსაგებად იყო გასული.

პირველ 45 წუთში "მერანს" ერთი სახიფათო მომენტიც არ შეუქმნია. მართალია, ბურთს მასპინძელი აკონტროლებდა, მაგრამ საჯარიმოსთან მიახლოება და კარისკენ დარტყმა უჭირდა. ეს, რასაკვირველია, სტუმართა მცველების დამსახურებაც იყო - ისინი მეტოქის შემტევებს სივრცეს უზღუდავდნენ. 

არც გურულები მიდიოდნენ წინ თავქუდმოგლეჯილები. საწყის წუთებში ერთადერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი ვიხილეთ - ქარქუზაშვილის შეცდომის შედეგად, ბურთი ისიანს მიუვიდა, მაგრამ მისი დარტყმული შეროზიამ გააუვნებელყო.

37-ე წუთზე კოშკაძის ინდივიდუალური ოსტატობა გოლით დაგვირგვინდა - მარცხენა ფლანგზე რამდენიმე მცველს გასცდა და თითქოს ჩაწოდებას აპირებდა, თუმცა დაინახა კარიდან გამოსული შეროზია და ბურთი თავზე გადაუგდო - 0:1.

შესვენების შემდეგ მოედანზე სიტუაცია რადიკალურად არ შეცვლილა. მასპინძლები დაბნეულები ჩანდნენ, რასაც იმავე კოშკაძის კიდევ ერთი გოლი მოჰყვა - "დინამოს" ექსკაპიტანმა მცველების უხეირო თამაშით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულმა თავისიანების უპირატესობა ორამდე გაზარდა. სხვათა შორის, ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო მიმდინარე სეზონში.

ცოტა ხანში მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, ინერტული ბაბუნაშვილის ნაცვლად, მოედანზე კვანტალიანი შეუშვა. ამ უკანასკნელს რამდენიმე წუთში შეეძლო სხვაობის შემცირება, თუმცა მეკარესთან მარტო დარჩენილმა მიზანს მცირე მანძილით ააცილა. 

"მერანმა" მაინც გაიტანა - მელიავას დიაგონალური გადაცემის შემდეგ კუჭუხიძე დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა - 1:2. მასპინძლებს თამაშის გადასარჩენად დრო საკმარისად ჰქონდათ, თუმცა გადაცემებში ხშირად სცოდავდნენ... 

და მაინც, გაბუნიას გადაცემას თავით მიმართულება შეუცვალა შულაიამ, თუმცა ბობღიაშვილმა საუცხოოდ ითამაშა. შანსი გურულებსაც ჰქონდათ - შენგელიას უძლიერესი დარტყმა შეროზიამ უკუაგდო.

თამაშის ბოლოსკენ რეალური მომენტები აღარ ყოფილა. გურულები ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდნენ, "მერანს" კი მეტისთვის ძალები აღარ ჰყოფნიდა. ტრიბუნაზე შეკრებილი მარტვილელი ფანები გუნდის მორიგი მარცხითა და თამაშის ხარისხით უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ. ამას გარდა, არბიტრ ლაშა სილაგავას რამდენიმე "საეჭვო" გადაწყვეტილებასაც ედავებოდნენ...


 

 



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 18 34
ვიტ ჯორჯია 18 31
გაგრა 18 29
ნ. დინამო 18 28
თელავი 18 27
ცხინვალი 18 24
შევარდენი 1906 18 21
მერანი 18 18
სამგურალი 18 18
შუქურა 18 16