1 2 3 4 5
მარტვილში “ჩიხურას” ჩიხი დახვდა

 

"მერანი”(მარტვილი) - "ჩიხურა” (საჩხერე) 1:0 
მარტვილი. "ცენტრალური”. 02.09. 1500 მაყურებელი


"მერანი”:
 შეროზია, ჟვანია (კ), იობაშვილი, მჭედლიშვილი, ქარქოზაშვილი (მელიავა, 77), დიდავა, ფონიავა (ბუკია, 66), ამბროლაძე, ნოზაძე, ლომია, რეხვიაშვილი (ბ. ჩხეტიანი, 83).
მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია


"ჩიხურა”: სომხიშვილი (კ), ბერიანიძე, ლ. ჭელიძე, ქიმაძე, ნ. კვასხვაძე, დიღმელაშვილი (გ. ჩხეტიანი, 83), ლომაშვილი (ზაბახიძე, 69), ბაკურაძე, გოცირიძე, ოდიკაძე, დეკანოიძე (მუმლაძე, 72)
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე


გოლი: რეხვიაშვილი (35)


გაფრთხილება: დიდავა (39), დეკანოიძე (56), ამბროლაძე (59), ლომია (90+2), სომხიშვილი (90+2)


მსაჯები: ხვ. გაგნიძე, ი. უკლება, ი. მაჩიტიძე, გ. დოგრაშვილი

 

თამაში არცთუ მაღალ ტემპში დაიწყო და მთლიანობაშიც ასე გრძელდებოდა, ოღონდ ამით მას სიმძაფრე ერთი წუთითაც არ მოჰკლებია. მეტოქეები მოედნის გოჯსაც არ თმობდნენ უბრძოლველად, ხშირ შემთხვევაში კი, ხისტად თამაშობდნენ.
პირველი სახიფათო იერიში მასპინძლებმა განახორციელეს. მე-4 წუთზე, საჩხერელმა მცველებმა საკუთარი საჯარიმოს წინა ხაზთან ახლოს წააქციეს გიორგი რეხვიაშვილი, თუმც  სტანდარტული უხეიროდ გაათამაშეს.
ამის შემდეგ, კარგა ხანს მოედანზე საყურადღებო არაფერი მომხდარა, ბურთი უმთავრესად საჯარიმოებს შორის ტრიალებდა.
29-ე წუთზე, ისევ მარტვილელებმა გამოიღეს ხელი. პაპუნა ფონიავამ, დაახლოებით 18 მეტრიდან, გიორგი სომხიშვილისგან მარცხენა დაბალ კუთხეში სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ძელს მცირედით ააცილა. ზუსტად სამ წუთში, მესამე ცდიდან, მასპინძლებმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის კარში გოლიც გაიტანეს. რეხვიაშვილმა თითქმის იგივე პოზიციიდან დაარტყა კარისკენ, საიდანაც ფონიავამ, მაგრამ გიორგის დარტყმული უფრო ზუსტი და, რაც მთავარია, მეკარისათვის ვერაგი გამოდგა. სომხიშვილი თითქოს მზად იყო ასაღებად, როცა ბურთი მის წინ დაეცა, მიწიდან ავარდნილზე კი, მეკარემ რეაგირება ვეღარ მოასწრო – 1:0.
"მერანი” დაწინაურდა, მაგრამ ანგარიშის შენარჩუნებაზე არ გადასულა. სტუმარ-მასპინძელი მორიგეობით უტევდნენ, ოღონდ არცთუ მწვავედ და მეკარეებს, ფაქტობრივად, სამუშაო არ ჰქონიათ, თუ არ ჩავთვლით 43-ე წუთს, როცა ვაჟა ლომაშვილმა მარჯვნიდან შეუტია და მახვილი კუთხიდან სცადა მასპინძელთა კარის დალაშქვრა, მაგრამ ჟონი შეროზიამ ნახტომში მოიგერია ბურთი.
"ჩიხურა” მე-2 ტაიმის დასაწყისშივე შეეცადა თამაშის შემობრუნებას. ნიკო კვასხვაძემ შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა კარისკენ, მაგრამ მცირედით ააცილა ჩარჩოს. სამ წუთში,  მერანელები საკუთარ საჯარიმოს წინ ბესიკ დეკანოიძეს ეუხეშნენ. დავით ოდიკაძემ სახიფათოდ შეასრულა ჯარიმა, ბურთი `კედელს” კარგად შემოავლო, მაგრამ ძელს ოდნავ ააცილა.
საკმაო სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, სტუმრები ვერა და ვერ ახერხებდნენ მეტოქის სერიოზულად შევიწროებას. მარტვილელებმა კონტრშეტევებზე ააგეს თამაში და ზედიზედ ორჯერ გაუშვეს ხელიდან ანგარიშის გაზრდის შანსი. ჯერ იყო და, გიგა ამბროლაძემ "ჩიხურას” საჯარიმოში უპრობლემოდ შეაღწია, მაგრამ მეკარეს შორეულ კუთხეში არაზუსტად დაურტყა, მერე კი, რეხვიაშვილმა ჩინებულად გაუჭრა კარის გასწვრივ საბა ლომიას, რომელიც ახლოდან ერთი შეხებით ცდილობდა გატანას, თუმც მიზანმა უმტყუნა.
როგორც ვთქვით, საჩხერელები მარცხს არ ეგუებოდნენ და ბოლოსკენ დიდი ძალებით უტევდნენ, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი, არბიტრის მიერ წამატებულ დროს თუ არ ჩავთვლით, არ შეუქმნიათ. კომპენსირებულ დროში კი, მოხდა ის, რომ ლომიას და სომხიშვილს ნერვებმა უმტყუნა და მათ წაკინკლავებას გუნდური დავიდარაბა მოჰყვა.
ეს იყო და, ხვიჩა გაგნიძემ საფინალო ჩასტვინა...


სოსო ფრუიძე: "ამ თამაშის ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა, მაგრამ რა გაეწყობა... ძალიან დაძაბული მატჩი იყო. უფრო აქტიურად გვმართებდა თამაში. ერთადერთი შეცდომის გამო დავისაჯეთ”.


მალხაზ ჟვანია: "ძალიან ძლიერი, კარგად მომზადებული მეტოქე გვყავდა. ჩვენმა ბიჭებმა ბევრი იშრომეს, შესაშური ნებისყოფა გამოავლინეს და პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შევინარჩუნეთ. უზომოდ მადლიერი ვარ მთელი გუნდის”.

 

საინფორმაციო სააგენტო — WORLDSPORT.GE (იბეჭდება შემოკლებით, ავტორის ფოტო)

 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 33 76
სამგურალი 33 63
არაგვი 33 58
ბახმარო 33 51
საბურთალო 2 33 45
ბეთლემი 33 37
კოლხეთი 33 36
ბორჯომი 33 36
მეშახტე 33 35
გორი 33 32