1 2 3 4 5
მეორე წრე დასრულდა! ეროვნულ ლიგა 2-ს ღირსეული ლიდერი ჰყავს - მარტვილის „მერანი“!

 ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრე მეგრული დერბით დასრულდა. მარტვილში, ჭყონდიდელებმა 5 უპასუხო გოლი გაუტანეს ს. კ. „ზუგდიდს“, კუთვნილი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში და ერთთვიან შესვენებაზე ერთპიროვნული ლიდერის სტატუსით გავიდნენ!

 

 მეგრულ დუელში აშკარა ფავორიტი „მერანი“ გახლდათ და მასპინძლებს დღევანდელ შეხვედრაში დასაწინაურებლად 6 წუთი ეყოთ. შეტევა ჩვენი გუნდის განაპირა მცველმა, კიჭი მელიავამ წამოიწყო, რომლის პასის შემდეგ, ფლანგზე აკაკი შულაიამ ერთი მცველი მარტივად ჩამოიშორა და გამჭოლი გადაცემა გააკეთა“ზუგდიდის“ საჯარიმოში, სადაც ლაშა ჩალაძემ იაქტიურა. საბოლოოდ, მეკარის ბაქანთან უმეთვალყურეოდ დარჩენილ „მერანის“ ერთ-ერთ გოლეადორს, სერგეი ტრეტიაკს მიუვიდა ბურთი, რომელმაც ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში-1:0.

 

 გოლის გატანიდან 5 წუთში, ტრეტიაკი დუბლის გაფორმებასთან ახლოს იყო. შოთა ჯიქიას კარგი პასით „მერანელი“ მეკარესთან პირისპირ გავიდა და ტექნიკურადაც დაარტყა, ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს. მოგვიანებით ვაჟა ლომაშვილის მოჭრილი, უძლიერესი დარტყმის შემდეგ ჩაუქროლა ბურთმა ჯომიდავას კარის ხარიხას.
30-ე წუთზე სტუმართა მცველების არადამაჯერებელი თამაშით აკაკი შულაიამ ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტი დარტყმით ორამდე გაზარდა ანგარიშის სხვაობა.

 

 ტაიმის მიწურულს კი პირველი გოლის მსგავსი კომბინაცია გაითამაშეს მარტვილელებმა. შეტევა კვლავ მელიავამ წამოიწყო, ამჯერადაც აკაკი შულაიამ გააკეთა საჯარიმოში კარგი გადაცემა, ლამაზი კომბინაცია კი რევაზ ბარაბაძემ დააგვირგვინა ერთი შეხებით, ყუმბარისებური დარტყმით-3:0.
სტუმრებს ორი მეტ-ნაკლებად სახიფათო ეპიზოდი ჰქონდათ, თუმცა ჯერ კუკავას, შემდეგ კი დათა ქირიას დარტყმული ბურთი გაანეიტრალა გიორგი კულუამ.

 

 მეორე ნახევარში ორივე გუნდის მწვრთნელებმა ცვლილებებს მიმართეს და შეიძლება ითქვას, მასპინძელთაგან შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა აშკარად გაუმართლეს მწვრთნელს იმედები, რადგან ირაკლი რუხაძე საკმაოდ აქტიურად შემოვიდა თამაშში და გოლიც გაიტანა, ვანო კურდღელაშვილმა საგოლე გადაცემა მიითვალა, ჩვენი გუნდის ახალწვეული - რაფაელ ჩუკურა კი უშეცდომო გახლდათ.

 

 70-ე წუთზე ირაკლი რუხაძემ ოთხამდე გაზარდა ანგარიში. თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე კი, კიდევ ერთი დამუშავებული კომბინაციის შემდეგ გაიტანეს გოლი „მერანელებმა“. რევაზ ბარაბაძემ ვანო კურდღელაშვილთან გაითამაშა კედელი, რომელმაც იდელაური პასი გაუკეთა „მერანის“ „ცხრიანს“, ბარაბაძემ ახლო მანძილიდან შანსი არ დაუტოვა მეტოქე გუნდის კიპერს-5:0.

 

 როგორ ავღნიშნეთ, ამ მატჩით მეორე წრე დასრულდა. ისევე როგორც, პირველ წრეში, ჩვენი გუნდი ამჯერადაც ერთპიროვნული ლიდერია ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 42 ქულით. „მერანი“ მეორე ადგილზე მყოფ „რუსთავს“ 3 ქულით, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფ „გაგრას“ 6 ქულით უსწრებს.

 

 დღეიდან, ეროვნულ ჩემპიონატში ერთთვიანი პაუზაა გამოცხადებული. მესამე წრე კი 21 ივლისს განახლდება. 22 ივლისს „მერანი“ მარტვილში ს.კ. „გაგრას“ უმასპინძლებს.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 30 70
სამგურალი 30 57
არაგვი 30 52
ბახმარო 30 45
საბურთალო 2 30 41
ბორჯომი 30 36
ბეთლემი 30 32
კოლხეთი 30 32
გორი 30 31
მეშახტე 30 31