1 2 3 4 5
ბოლო წუთის სინდრომი - „რუსთავი“ 1-0 „მერანი“

        დავით ყიფიანის სახელობის თასის მეთექვსმეტედფინალური მატჩი მარტვილის „მერანმა“ სტუმრად, რუსთავში გამართა. როგორც მოგეხსენებათ, სათასო დაპირისპირება ერთმატჩიანია და მერვედფინალის საგზურის მფლობელი დღევანდელ შეხვედრაში გამოვლინდა.

 

 მატჩი დაბალ ტემპში დაიწყო და პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა რეალური ეპიზოდი არცერთ გუნდს ჰქონია პირველ ტაიმში. რუსთავში, ისედაც საკადრო პრობლემებით ჩასულ გიორგი მიქაძეს (ტრავმირებულია გიორგი გეგია და ლაშა ჩალაძე), მცირე ტრავმების გამო ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია, 24-ე წუთზე ვანო კურდღელაშვილის ნაცვლად შოთა ჯიქია შევიდა მოედანზე. მეორე ტაიმში კი შულაიას ეუხეშნენ და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. როგორც საბოლოოდ გაირკვა, არცერთის ტრავმა არ აღმოჩნდა სერიოზული და მომდევნო მატჩში ორივე ფეხბურთელი დაეხმარება საკუთარ გუნდს.

 

 პირველი ხიფათი მასპინძლებმა შექმნეს. მე-5 წუთზე ლობჯანიძემ დაარტყა ერთი შეხებით ეფექტურად კულუას კარის მიმართულებით, მცირედით აცდა ბურთი კარს.
საპასუხო იერიში კურდღელაშვილმა წამოიწყო, მისი გადაცემის შემდეგ, ფლანგიდან სახიფათოდ აწვდიდა აკაკი შულაია, მაგრამ მცველებმა კუთხურზე მოიგერიეს ბურთი. კუთხურის ალამიდან მოწოდებული ბურთი საჯარიმოდან კი გამოიტანეს მასპინძლებმა, თუმცა კიჭი მელიავას მიუვიდა და „მერანელმაც“ ყუმბარისებურად გაისროლა, ბურთი ზემოდან გადაცდა მერლანის კარს.

 

 ტაიმის მიწურულს, სერგეი ტრეტიაკის კარგი გადაცემის შემდეგ, რევაზ ბარაბაძე იყო ხელსაყრელ ადგილას, მაგრამ „მერანის“ ტანმაღალი ფორვარდის დარტყმამ მიზანს არ უწია.

 

 მეორე ტაიმში ორივე გუნდის რიგებში განხორციელდა გარკვეული ცვლილებები, „მერანს“ ტრავმის მოშუშების შემდეგ, რევაზ გეწაძე დაუბრუნდა, რომელიც საკმაოდ აქტიურად ჩაერთო თამაშში, რუსთაველთაგან კი გუნდის მთავარი მეგოლე დათა სიჭინავა შევიდა მოედანზე.

 

 47-ე და 63-ე წუთზე ორი სახიფათო დარტყმა მოიგერია კულუამ, პირველ ეპიზოდში ქათამაძე ურტყამდა, შემდეგ კი გაფრინდაშვილს არ გაატანინა „მერანის“ კიპერმა.

 

 79-ე წუთზე ბარაბაძის პასით ტრეტიაკი დაემუქრა "რუსთავის" კარს, მეკარე დაეუფლა. მომდევნო ეპიზოდში კი შეცვლაზე შემოსული რევაზ გეწაძის ზუსტი გადაცემა ბარაბაძემ ვერ გამოიყენა.

 

 საბედისწერო აღმოჩნდა „მერანისთვის“ მსაჯის მიერ კომპენსირებული მეორე წუთი, სულ 3 წუთი დაამატა გიორგი ყრუაშვილმა ძირითად დროს და 92-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა „მერანელებმა“ საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან დაკარგეს ბურთი, დათა სიჭინავამ თანაგუნდელისგან მიიღო გადაცემა, კარგად გაისწორა და შორეული, უძლიერესი დარტყმით გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა 1-0.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 33 76
სამგურალი 33 63
არაგვი 33 58
ბახმარო 33 51
საბურთალო 2 33 45
ბეთლემი 33 37
კოლხეთი 33 36
ბორჯომი 33 36
მეშახტე 33 35
გორი 33 32