1 2 3 4 5
კიდევ ერთი აღიარება_წლის სიმბოლურში გიგა ჟვანია და ელგუჯა გრიგალაშვილი მოხვდა

ავად თუ კარგად, ქართული სეზონი დასრულდა და მისი შეჯამების დროც დადგა. 

ჩემპიონატმა და თასის გათამაშებამ საკმაოდ მოგვიტანა უარყოფითი ემოციები, მაგრამ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ფეხბურთელთა და მწვრთნელთა შრომა დავაფასოთ. 

ტრადიციულად, "ლელო" სეზონის ნომინანტებს ასახელებს და იმედი გვაქვს, ჩვენი მოსაზრება გულშემატკივართა დიდი ნაწილის პოზიციას დაემთხვევა. 

საუკეთესო მწვრთნელი
გიორგი ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი)
"ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი მოულოდნელად გახდა. სეზონის დასაწყისში გადამდგარი გია გეგუჩაძის ნაცვლად კლუბის ხელმძღვანელობამ არჩევანი ახალგაზრდა სპეციალისტზე შეაჩერა და არც შემცდარა. 

"ზესტაფონს" ჰქონდა გარკვეული ჩავარდნები, მაგრამ მთლიანობაში ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა საკმაოდ შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა და საქართველოს ჩემპიონობაც შეინარჩუნა. 

მისი სახით ქართულ ფეხბურთს საინტერესო და მზარდი მწვრთნელი შეემატა და იმაში, რომ საუკეთესო მწვრთნელად ჩემპიონის თავკაცი დავასახელეთ, გასაკვირი არაფერი უნდა იყოს. 

საუკეთესო თავდამსხმელი, საუკეთესო ფეხბურთელი
ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
წლებია, "ზესტაფონის" თავდასხმა მის გარეშე წარმოუდგენელია, ხოლო მას შემდეგ, რაც გუნდიდან ნიკოლოზ გელაშვილი წავიდა, დვალი საქართველოს ჩემპიონისთვის ორმაგად მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა. 

ჯაბამ გულშემატკივართა მოლოდინი ასი პროცენტით გაამართლა, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა და პუბლიკა კვლავაც მოხიბლა თავისი შეუპოვარი ხასიათითა და გულიანი თამაშით. 

"ლელომ" დვალი მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელად კი არა, საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა და ვფიქრობთ, ამ გადაწყვეტილებაში, ალბათ, არავინ შემოგვედავება.

საუკეთესო მეკარე 
ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო)
"ტორპედოს" ძირითად შემადგენლობაში ადგილი თავდაუზოგავი შრომით მოიპოვა და იშვიათი გამონაკლისების გარდა, სტაბილურად და საიმედოდ თამაშობს. 

მიგინეიშვილს თავისი გუნდის წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის. 

მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრების ორ მეკარეზე, გიორგი ლორიასა და როინ კვასხვაძეზე წინ დავაყენეთ. 

საუკეთესო მცველი 
გივი კვარაცხელია (მეტალურგი)
გამოცდილი მცველი "მეტალურგის" ნამდვილი ლიდერია და საკუთარ სიტყვას მხოლოდ უკანა ხაზში კი არა, მთელ მოედანზე ამბობს. 

მთელი სეზონი სტაბილურად ჩაატარა, განსაკუთრებით მაღალ დონეზე კი პრინციპულ მატჩებში თამაშობდა. 

როგორც ხედავთ, "ლელოს" ნომინაციაში მოხვედრილი ერთადერთი მეტალურგელია.

საუკეთესო ნახევარმცველი
თორნიკე გორგიაშვილი (ზესტაფონი)
მას შემდეგ, რაც "ზესტაფონი" მურთაზ დაუშვილმა დატოვა, გორგიაშვილმა მისი სრულფასოვნად შეცვლა შეძლო. 

თორნიკე საკმაოდ ფართო პროფილის ფეხბურთელია და ერთნაირად ეფექტურად შეუძლია როგორც წმინდა წყლის საყრდენობა, ასევე საკუთარი გუნდის შეტევების წარმართვა. 

გასულ სეზონში რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც მოედნის მისეული ხედვა და შედეგიანი პასები დაგვამახსოვრდა.

საუკეთესო ლეგიონერი
ჩისკო (დინამო)
"დინამოს" ლეგიონერთა უმრავლესობამ იმედები ვერ გაამართლა, თუმცა ამას ჩისკოზე ვერ ვიტყვით. დედაქალაქელთა ყველაზე სახელიანმა უცხოელმა საკუთარი მაღალი კლასი საქართველოშიც დაამტკიცა. 

"დინამოს" გასულ სეზონში არაფრისთვის მიუღწევია, მაგრამ ყოფილი ვალენსიელის გარეშე კიდევ უფრო ცუდ შედეგს აჩვენებდა. 

საუკეთესო დებიუტანტი
ელგუჯა გრიგალაშვილი (მერანი)
უმაღლეს ლიგაში დებიუტი 21 წლის ასაკში ჰქონდა და უკვე შეძლო იქ საკუთარი სიტყვის თქმა. "ზესტაფონის" ნახევარმცველის, შოთა გრიგალაშვილის ძმას ყველაფერი წინ აქვს. 

ელგუჯა თამაშის მანერით ძმას მოგვაგონებს. ამასთან, ინდივიდუალიზმიც გააჩნია და განვითარების პერსპექტივაც. მარტვილის "მერანის" ნამდვილი ლიდერი იყო, კარიერას კი უფრო ძლიერ კლუბში განაგრძობს.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
მამუკა კობახიძე (ზესტაფონი)
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველისთვის ეს უმაღლეს ლიგაში პირველი სეზონი არ ყოფილა, მაგრამ გიორგი ხიდეშელის მძიმე ტრავმამ "ზესტაფონისთვის" კიდევ უფრო საჭირო ფეხბურთელად აქცია. 

19 წლის მცველისთვის საქართველოს ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში თამაში იოლი არ უნდა იყოს, მაგრამ კობახიძემ დაკისრებულ ამოცანას თავი დამაჯერებლად გაართვა.

 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი (მარტვილი) 0 0
რუსთავი (რუსთავი) 0 0
სიონი (ბოლნისი) 0 0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0 0
სამგურალი (წყალტუბო) 0 0
დინამო (ზუგდიდი) 0 0
შუქურა (ქობულეთი) 0 0
შევარდენი (თბილისი) 0 0
გაგრა (გაგრა) 0 0
არაგვი (დუშეთი) 0 0