1 2 3 4 5
ჭყონდიდელებმა თბილისური გუნდი დიდი ანგარიშით დაამარცხეს

 

 

  დღეს, მარტვილის მერანმა მე-4 ტურის გადადებული შეხვედრა გამართა საკუთარ არენაზე.

 

 ცოტნე მონიავას გაწრთვნილმა გუნდმა თბილისის შევარდენი 1906-ს უმასპინძლა და მეტოქე 4:0 დაამარცხა.

 

 მიუხედავად დიდი დანაკლისისა (ტრავმების გამო, პაპუნა ფონიავა, ზვიად ქანთარია და ლაშა ჯღამაია არ იყვნენ მერანელთა განაცხადში, გუნდის კაპიტანი, კიჭი მელიავა კი დისკვალიფიცირებული გახლდათ) მარტვილელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მოწინააღმდეგე გუნდი და უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ გამარჯვება.

 

 ანგარიში 31-ე წუთზე დავით ლომთაძემ გახსნა. მერანის ერთ-ერთი მწვავე იერიშის ბოლო ფაზაში მან ცოტნე ფაცაციასგან მიიღო ბურთი მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან და ზუსტი დარტყმით დააწინაურა თავისი გუნდი. 5 წუთში კი დუბლი გაიფორმა პირველი გოლის ავტორმა. 36-ე წუთზე ფლანგიდან ლაშა ჩალაძის გამჭოლი გადაცემა, სწორედ ლომთაძემ დააგვირგვინა გოლით - 2:0.

 

 54-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა მერანმა. ცოტნე ფაცაციას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

 

 66-ე წუთზე სტუმართა ლეგიონერმა, სტანისლავ სოროკინმა ორწუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ავტომატურად „გაუწითლდა“ და დროზე ადრე მოუწია მოედნის დატოვება.

 

 სოროკინის გაძევებამდეც მერანი უტევდა ძირითადად და მასპინძლების კარნახით მიდიოდა თამაში, მაგრამ 10 ფეხბურთელით დარჩენილ თბილისელებს კიდევ უფრო გაუჭირდათ დარჩენილ დროში.

 

 68-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ზვიად სიხარულიამ თორნიკე მუზაშვილისგან მიიღო ბურთი და ახლო მანძილიდან აუღებელი დარტყმით კიდევ უფრო სოლიდური გახადა ანგარიში - 3:0.

 

 მატჩს საბოლოო წერტილი დათა წულაიამ დაუსვა. 82-ე წუთზე შეიკნე სილას კარგი გადაცემის შემდეგ, წულაიამ თავური დარტყმით მეოთხე გოლი გაიტანა შევარდენი 1906-ის კარში.

 

 მერანი მომდევნო ტურის მატჩსაც საკუთარ კედლებში გამართავს. ჭყონდიდელები 11 აპრილს მურთაზ ხურცილავაზე სამტრედიას უმასპინძლებენ.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
გარეჯი (საგარეჯო) 4 10
სპაერი (თბილისი) 4 9
დინამო 2 (თბილისი) 4 9
სიონი (ბოლნისი) 4 9
კოლხეთი 1913 (ფოთი) 4 5
კოლხეთი (ხობი) 4 5
მერანი (თბილისი) 4 3
ლოკომოტივი (თბილისი) 4 3
მერანი (მარტვილი) 4 1
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 4 1