1 2 3 4 5
„მერანმა“ მესამე პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა: „მერანი“ – „რუსთავი“ 1:0

 

 

 ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშება დასასრულს უახლოვდება და რაც უფრო ნაკლები თამაშები რჩება, მით უფრო იძაბება სიტუაცია სატურნირო ცხრილში.

 

 ჩვენი გუნდი მესამე ადგილზეა და „მერანის“ ამოცანა სწორედ ამ პოზიციის შენარჩუნებაა, შემდეგ კი პლეი-ოფის გზით ბრძოლა ეროვნული ლიგის საგზურისთვის.

 

 დღეს, „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე ჭყონდიდელები საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ დაუპირისპირდნენ, რომელსაც სხვა ამოცანა აქვს და ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

 

 თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და სახიფათო მომენტები იშვიათად იქმნებოდა ორივე გუნდის კართან. პირველი ტაიმი უგოლოდ - 0:0 დასრულდა.

 

 57-ე წუთზე, „მერანის“ ახალგაზრდა მწვრთნელმა, ცოტნე მონიავამ, რომლის მიერ განხორციელებულმა დროულმა ცვლილებებმა არაერთხელ მოუტანა მეგრულ გუნდს შედეგი, მოედანზე დათა წულაია შემოიყვანა. „მერანელთა“  შემტევ მახევარმცველს 2 წუთი დასჭირდა მწვრთნელის ნდობის გასამართლებლად. 59-ე წუთზე ვაკო გოგოლიძის ჩინებული გადაცემის შემდეგ, სტუმართა კარის ბაქანთან ჩასაფრებულმა წულაიამ თავური დარტყმით „მერანი“ დააწინაურა -1:0.

 

სტუმრებს თამაშის გადარჩენის რეალური შანსი 86-ე წუთზე გაუჩნდათ. თუმცა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან პაატა კიტეიშვილის მიერ დარტყმული ბურთი გიორგი ბეგაშვილმა ნახტომში მოგერია და საკუთარი გუნდი იხსნა.

 

ამ გამარჯვებით „მერანმა“ კიდევ უფრო განიმტკიცა მესამე პოზიცია სატურნირო ცხრილში და უახლოეს მდევართან 6 ქულამდე გაზარდა სხვაობა.

 

ეროვნულ ლიგა 2-ის მომდევნო ტურის მატჩს „მერანი“ 24 ოქტომბერს განმუხურში გამართავს  „დინამო ზუგდიდის“ წინააღმდეგ.

 

 



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 36 81
გაგრა (გაგრა) 36 75
მერანი (მარტვილი) 36 64
გარეჯი (საგარეჯო) 36 50
მერანი (თბილისი) 36 47
შევარდენი (თბილისი) 36 46
დინამო (ზუგდიდი) 36 46
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 36 45
რუსთავი (რუსთავი) 36 39
ჩიხურა (საჩხერე) 36 10