1 2 3 4 5
სანახაობა და შედეგი: "მერანმა" გათამაშების ლიდერი დაამარცხა

 

 

 კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მატჩი მარტვილის „მერანსა“ და გათამაშების ლიდერ ბოლნისის „სიონს“ შორის, მოსალოდნელზე უფრო საინტერესო და დრამატული გამოდგა.

 

 „მერანს“ „სიონთან“ დაპირისპირებაში გუნდის საყრდენი, ნიკა შალამბერიძე და გარემარბი ბაქარ ლაღაძე ვერ ეხმარებოდნენ დისკვალიფიკაციის და ტრავმის გამო, რამდენიმე ფეხბურთელს კი ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა. საკადრო პრობლემები „სიონსაც“ ჰქონდა, მიუხედავად ამისა შეხვედრა სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა.

 

 ახალგაზრდა მწვრთნელის, ცოტნე მონიავას გუნდმა დიდებული პირველი ტაიმი ჩაატარა. ჭყონდიდელები 24-ე წუთზე უკვე 3:0 (!) ამარცხებდენ მეტოქეს.

 

 მე-5 წუთზე ზვიად სიხარულიამ, რომლის ძირითადში დაყენება მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაწყვიტა მთავარმა მწვრთნელმა („მერანის“ გამთამაშებელს ტრავმა აწუხებდა), კიჭი მელიავას კარგი თამაშის და ზუსტი გადაცემის შემდეგ, მოჭრილი დარტყმით ანგარიში გახსნა -1:0.

 

მე-13 წუთზე,  „მერანის“ 13-მა ნომერმა და გუნდის კაპიტანმა, კიჭი მელიავამ მეორე გოლი გაიტანა სეფიაშვილის კარში თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან.

 

24-ე წუთზე კი მეგრული გუნდის მთავარმა მეგოლემ, შეიკნე სილამ ითამაშა ჩვეულ სტილში, ამჯერადაც, საგოლე გადაცემა კიჭი მელიავამ მიითვალა, სილამ კი თითქმის დაკარგულ ბურთზე იბრძოლა, მეტოქეს სისწრაფეში აჯობა, სიონის საჯარიმოში მეკარეც მოატყუა და საბოლოოდ ცარიელ კარში შეაგორა ბურთი, ეს მისთვის მე-13 გოლი იყო მიმდინარე სეზონში.

 

მეორე ნახევარი რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა, სტუმრები უფრო მოტივირებულნი გამოვიდნენ მოედანზე, ვიდრე პირველ ნახევარში და თამაშის გადასარჩენად გაორმაგებული ენერგიით იბრძოლეს.

 

 „სიონს“ მატჩის გადარჩენის იმედი ძმებმა ხორხელებმა გაუჩინეს, რადგან ჯერ ლუკა ხორხელმა გაიტანა კარგი კომბინაციის შედეგად ტაბატაძის პასით გოლი, 70-ე წუთზე კი შეცვლაზე შესული ნიკა ხორხელი, კორიფაძის მიერ „მერანის“ საჯარიმოში ჩაგდებულ ბურთზე პირველი იყო და მინიმუმამდე დაიყვანა ანგარიშის სხვაობა - 3:2.

 

 მატჩის მიწურულს ფეხბურთელების შელაპარაკების და შეხლა-შემოხლის გამო მთავარმა არბიტრმა „მერანის“ და „სიონის“ 3-3 ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი, სტუმრების მხრიდან კილასონიას, კი რომელსაც პირველ ნახევარში უკვე ჰქონდა მიღებული გაფრთხილება, დროზე ადრე მოუწია მოედნის დატოვება.

 

მსაჯის მიერ კომპენსირებულ 100+10-ე წუთზე დავით ლომთაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დათა წულაიას წამოწყებული შეტევა სილამ გააგრძელა ფლანგზე, სადაც მან სისწრაფეში დაჯაბნა მეტოქე და ცოტნე ფაცაცია მოძებნა, ფაცაციას ჩინებული გადაცემის შემდეგ კი დავით ლომთაძემ აუღებელი დაურტყა სეფიაშვილს - 4:2.

 

ამრიგად, „მერანმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში. ჭყონდიდელები 42 ქულით კვლავ მე-3 პოზიციაზე არიან სატურნირო ცხრილში და მომდევნო ტურში, რომელიც 19 სექტემბერს საგარეჯოში გაიმართება, უშუალო კონკურენტს, „გარეჯს“ დაუპირისპირდებიან.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 30 66
გაგრა (გაგრა) 30 65
მერანი (მარტვილი) 30 52
გარეჯი (საგარეჯო) 30 46
მერანი (თბილისი) 30 42
შევარდენი (თბილისი) 30 37
დინამო (ზუგდიდი) 30 36
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 30 34
რუსთავი (რუსთავი) 30 30
ჩიხურა (საჩხერე) 30 9