1 2 3 4 5
მერანმა სეზონისწინა სამზადისი გამარჯვებით დაიწყო

 

 

  მერანმა ეროვნული ლიგა 2-ისთვის მზადების პროცესში  პირველი საკონტროლო მატჩი გამართა.

 

სადებიუტო თამაში ჰქონდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალგაზრდა მწვრთნელს, ცოტნე მონიავას, მართალია მატჩი არაოფიციალური იყო, მაგრამ მერანმა ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო და დაიწყო გამარჯვებით.

 

დღეს, ჩვენი გუნდის მეტოქე  დინამო ზუგდიდი იყო.

„მურთაზ ხურცილავაზე“ გამართული შეხვედრა უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა. აქვე ვთქვათ ისიც, რომ ჩვენს გუნდს დინამოსთან მატჩში მცირე-ტრავმების გამო ორი ახალწვეული ფლანგელი გამოაკლდა. ბაქარ ლაღაძე და ვასილ გოგოლიძე ინდივიდუალურად ემზადებიან და მალე შეუერთდებიან თანაგუნდელებს.

 

მიუხედავად ანგარიშისა (5:2), საწყისი წუთები სტუმრებმა კარგად დაიწყეს და მეტ-ნაკლებად სახიფათო ეპიზოდებიც შექმნეს, თუმცა მერანმა მალე იგდო ხელთ მატჩის სადავეები და დაწინაურდა.

 

23-ე წუთზე მერანში დაბრუნებულმა ზვიად ქანთარიამ, სილასთან გაითამაშა „კედელი“ და მეკარესთან პირისპირ გასულს გატანა არ გასჭირვებია -1:0

 

ზუგდიდელებმა მალე აღადგინეს წონასწორობა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გიგა წურწუმიამ დაარტყა ზუსტად, გიორგი ბეგაშვილს სულ ცოტა დააკლდა ბურთის მოსაგერიებლად, რადგან კუთხეც გამოიცნო და ბურთსაც შეეხო, მაგრამ..

 

36-ე წუთზე შეიკნე სილამ დინამოელთა საჯარიმოში დათა წულაიასგან მიიღო ბურთი, კარგად დაამუშავა და ტექნიკური დარტყმით ისევ წინ გაიყვანა მერანი-2:1.

 

მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როცა ზვიად ქანთარიამ ჩინებული გოლი გაიტანა და დუბლიც გაიფორმა. მერანის გამოცდილმა ფორვარდმა, შორი მანძილიდან მოჭრილი დარტყმით გაზარდა ანგარიშის სხვაობა, ასისტობა კი ლაშა ოდიშარიამ ითავა, რომელიც თავის ფლანგზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო დღევანდელ მატჩში.

 

ზოგადად, მეგრულ დერბიში მერანის მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შანსი და ცუდი შთაბეჭდილება არცერთ გეხბურთელს არ დაუტოვებია.

 

63-ე წუთზე ცოტნე ფაცაციას ჯერიც დადგა, რომელმაც საჯარიმო დატყმიდან მეოთხე გოლი გაიტანა დინამოს კარში. სამ წუთში კი ასევე შეცვლაზე შესულმა ირაკლი ჯანჯღავამ ზუგდიდელთა კიპერს მიუტევებელი შეცდომა არ აპატია, მისსავე საჯარიმოში აართვა ბურთი და თავის აქტივში გოლი ჩაიწერა - 5:1.

 

შეხვედრის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე სტუმართაგან ლუკა გუგუჩიამ შეასრულა საჯარიმო დარტყმა ჩინებულად და საბოლოო ანგარიში - 5:2 დაფიქსირდა.

 

საკონტროლო მატჩებით ძნელია დასკვნების გაკეთება, მითუმეტეს, როცა სეზონისწინა სამზადისი ახალი დაწყებული აქ ჩვენს გუნდს და ზოგადად, ძირეული ცვლილებებია მთლიანად კლუბში, მაგრამ მერანს ნამდვილად კარგი მატჩი ჰქონდა დღეს და ცოტნე მონიავას გუნდში იგრძნობა პოტენციალი და გამარჯვების ჟინი.

 

 

4 თებერვალი. 13:30

მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“

მერანი (მარტვილი) - დინამო (ზუგდიდი) 5:2

საკონტროლო მატჩი

გოლები: 1:0 ზვიად ქანთარია (23’), 1:1 გიგა წურწუმია (27’პენ), 2:1 შეიკნე სილა (36’), 3:1 ზვიად ქანთარია (47’), 4:1 ცოტნე ფაცაცია (63’), 5:1 ირაკლი ჯანჯღავა 66’), 5-2 ლუკა გუგუჩია (86’).

 



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 36 81
გაგრა (გაგრა) 36 75
მერანი (მარტვილი) 36 64
გარეჯი (საგარეჯო) 36 50
მერანი (თბილისი) 36 47
შევარდენი (თბილისი) 36 46
დინამო (ზუგდიდი) 36 46
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 36 45
რუსთავი (რუსთავი) 36 39
ჩიხურა (საჩხერე) 36 10