1 2 3 4 5
ფრე რუსთავთან: მერანი V რუსთავი 2:2

 26 ივლისს, საინტერესო, დრამატული მატჩი გაიმართა მარტვილში.
კარგი ტემპი, გააზრებული კომბინაციები და უხვგოლიანი თამაში შემოგვთავაზა მერანმა და რუსთავმა Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის მე-5 ტურში.

 

 ადგილობრივ ქომაგებს ბოლო წუთამდე მოუწიათ ნერვიულობა, მაგრამ საბოლოოდ, 94-ე წუთზე გატანილმა გამათანაბრებელმა გოლმა დიდი სიხარული მოუტანა მერანის გულშემატკივრებს, რომლებიც (გასაგები მიზეზების გამო) სტადიონის გარე ტერიტორიიდან მხურვალედ ქომაგობდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს.

 

 არადა მატჩი იდეალურად დაიწყო ჭყონდიდური გუნდისთვის, რადგან მე-3 წუთზე ამირან როხვაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, ფაქტიურად მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა ვანო წილოსანი, რომელმაც ზუსტი დარტყმით დააწინაურა მერანი - 1:0.

 

 რუსთაველთა სანაქებოდ უნდა ითქვას, სწრაფმა გოლმა არ გატეხა მეტოქე და სტუმრებმა მე-20 წუთზე აღადგინეს წონასწორობა. აღნიშნულ ეპიზოდში ფლანგზე გიორგი ხარებაშვილის კარგი თამაშის და გამოზომლი გადაცემის შემდეგ, თომა ტაბატაძემ თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში - 1:1.

 

 მასპინძლებს პირველ ნახევარშივე შეეძლოთ სტატუსკვოს აღდგენა, თუმცა ერთ-ერთ ეპიზოდში ძალიან სახიფათო შეტევის შედეგად, ჯერ ძელს მოხვდა ბურთი, შემდეგ კი თეიმურაზ შარაშენიძის დარტყმული აცდა კარს.

 

 25-ე წუთზე წინ გავიდნენ რუსთაველები. სტანდარტულიდან, ავთო ენდელაძის მიერ ჩაწოდებული ბურთი ხარებაშვილმა გადაგზავნა კარში - 1:2.

 

 მეორე ნახევარში მერანმა ზეწოლა გააძლიერა და გიგატაძის დამოძღვრილებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს მეტოქე გუნდის კართან, თუმცა სტუმარი გუნდის დაცვა მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატყდა, 64-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა დათა წულაიამ ითამაშა კარგად და საჯარიმოში ამირან როხვაძე მოძებნა, რომელსაც მართალია მჭიდროდ ეთამაშებოდა ორი მეურვე, მიუხედავად ამისა, მაინც შესძლო ბურთის დამუშავება როხვაძემ და ზუსტი დარტყმით, მისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა ქარდავას - 2:2.

 

 მერანი მომდევნო ტურის მატჩს სტუმრად გამართავს. ჩვენი გუნდი 3 აგვისტოს ბოლნისში ადგილობრივ სიონს დაუპირისპირდება.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 17 31
სამგურალი (წყალტუბო) 17 27
გაგრა (გაგრა) 17 26
რუსთავი (რუსთავი) 17 26
მერანი (მარტვილი) 17 24
შევარდენი (თბილისი) 16 22
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 17 21
სიონი (ბოლნისი) 17 21
დინამო (ზუგდიდი) 16 19
არაგვი (დუშეთი) 17 8