1 2 3 4 5
„მერანმა“ „ჩელე არენაზე“ უშუალო კონკურენტი დაამარცხა!

       ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების დასრულებამდე 5 ტური რჩება და სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ნებისმიერ მოპოვებულ ქულას ოქროს ფასი აქვს „მერანისთვის“.
განსაკუთრებით დიდი დატვირთვა ჰქონდა დღევანდელ მატჩს, რადგან ჩვენი გუნდი ერთ-ერთ კონკურენტს დაუპირისპირდა სტუმრად და ეს შეხვედრა ექვსქულიანი მატჩების კატეგორიას განეკუთვნებოდა.

 

  თავიდანვე ვთქვათ, ისიც რომ მარტვილის „მერანი“ ქობულეთში საბრძოლო განწყობით ჩავიდა და მიუხედავად იმისა, რომ 67-ე წუთამდე 0:1 მარცხდებოდა, „მერანელები“ არ გატყდნენ და დარჩენილ დროში ანგარიშიც გაათანაბრეს და გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

 

  მატჩი კი საწყისი წუთებიდანვე მარტვილელების კარნახით მიმდინარეობდა, ბურთს ძირითადად სტუმრები ფლობდნენ და სახიფათო მომენტები ძირითადად „შუქურას“ კართან იქმნებოდა, თუმცა პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.

 

  მეორე ტაიმის 55-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა მასპინძლების სასარგებლოდ, რაც ჭყონდიდელებმა გააპროტესტეს და არც თუ უსაფუძვლოდ.. პენალტი „შუქურას“ კაპიტანმა - გიორგი ჩელებაძემ შეასრულა ზუსტად - 1:0.

 

  გაშვებული გოლის შემდეგ, „მერანმა“ კიდევ უფრო გააძლიერა ზეწოლა მეტოქეზე და ამან შედეგი გამოიღო. შეხვედრის 67-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა კიჭი მელიავას მიერ წამოწყებული შეტევის შედეგად, საბოლოოდ, საჯარიმოს გარეთ, „მერანის“ კიდევ ერთ განაპირა მცველს, გიორგი გეგიას მიუვიდა ბურთი. გეგიამ ერთი შეხებით, შორეული, უძლიერესი დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაუტანა აზამატ ჯიოევს და წონასწორობა აღადგინა - 1:1. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს „მერანელი“ მცველისთვის პირველი გოლი გახლდათ კარიერაში და შესანიშნავი სადებიუტო გოლი ჩაიწერა აქტივში მარტვილელმა.

 

  ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, „მერანს“ ფრეზე თამაში არც უცდია და პირველი გოლის გატანიდან 6 წუთში კიდევ ერთხელ შეარხიეს „შუქურას“ კარის ბადე სტუმრებმა.

 

  მეორე გოლი ლამაზი კომბინაციის შემდეგ გავიდა. შეტევა მოედნის შუაგულიდან ცოტნე ფაცაციამ წამოიწყო, რომელმაც ორი მეურვე ჩამოიშორა ტექნიკური მოძრაობით და ნიკოლოზ ხინთიბიძეს უპასა, ხინთიბიძემ უფრო უკეთეს პოზიციაზე მყოფ, შეცვლაზე შემოსულ დათა ციცხვაიას დაუგორა ბურთი მასპინძელთა გუნდის საჯარიმოში, „მერანის“ გამოცდილმა ფორვარდმა კი თანაგუნდელი არ დააღალატა და მარცხენა დაბალ კუთხეში, მოათავსა ბურთი -1:2.

 

  საბოლოოდ, „მერანმა“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა. სადებიუტო გამარჯვება იყო ეს „მერანის“ ახალი მწვრთნელის, ბაგრატ ხელაიასთვის, რომლის გუნდს 31-ტურის თავზე 32 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

 

  „მერანი“ მომდევნო ტურის მატჩს საკუთარ არენაზე გამართავს. ჩვენი გუნდი 11 ნოემბერს „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე თბილისის „შევარდენს“ უმასპინძლებს.



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 35 73
ვიტ ჯორჯია 35 62
გაგრა 35 55
ნ. დინამო 35 51
თელავი 35 48
შევარდენი 1906 35 43
სამგურალი 35 41
შუქურა 35 38
მერანი 35 36
ცხინვალი 35 33