1 2 3 4 5
„მერანი“ მესამე წრეში დაუმარცხებელია. „ვიტ ჯორჯია“ – „მერანი“ 2:2

   მესამე წრეში დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს მარტვილის „მერანი“, რომელმაც ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, მნიშვნელოვანი ქულა აიღო სტუმრად თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“.

 სამი თამაშია უკვე უკრაინელი სპეციალისტის, ანატოლი პისკოვეცის ტაქტიკური სვლა ამართლებს და ძალიან უჭირთ მეტოქე გუნდებს ფიზიკურად შესანიშნავად მომზადებული „მერანელების“ შეჩერება, განსაკუთრებით მეორე ნახევარში. ამართლებს შეცვლებიც, რადგან თუ „გაგრასთან“ შეცვლაზე შემოსულმა ვანო კურდღელაშვილმა დუბლით მოაგებინა თავის გუნდს, „თელავთან“ მატჩში, უკრაინელმა ლეგიონერმა, ამეტ დუგუმ გაიმეორა იგივე, „ვიტ ჯორჯიასთან" კი, როცა 0:2 მარცხდებოდნენ მარტვილელები, შეცვლაზე შემოსულმა დათა ციცხვაიამ შეამცირა ანგარიშის სხვაობა, რასაც კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელის, გიორგი ციმაკურიძის გოლი მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა - 2:2.

 „მცხეთა პარკზე“ ეროვნული ლიგა 2-ის, XI ტურის მატჩს წინ წუთიერი დუმილი უძღოდა. ფეხბურთელებმა და დამსწრე საზოგადოებამ ტრაგიკულად გარდაცვლილი "ბორჯომის" ფეხბურთელის, თედო კაკულიას და საქართველოს ნაკრების მეკარის, ნუკრი რევიშვილის ასევე ტრაგიკულად გარდაცვლილი 9 წლის ქალიშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი.

 მატჩი კი „მერანმა“ შემართებით დაიწყო და სწრაფადვე შეეძლო დაწინაურება, თუმცა საწყისი წუთებიდანვე დამაჯერებელი იყო „ვეტერინართა“ კიპერი, ჯონი შეროზია, რომელსაც დიდი წილი მიუძღვის იმაში რომ არ დამარცხდა „ვიტ ჯორჯია“, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნახევარი 2:0 მოიგეს მასპინძლებმა.

 მე-13 წუთზე, სტუმართა დაცვის ხაზის ჩავარდნით ისარგებლეს თბილისელებმა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ექს-მერანელმა, ნოდარ კიკნაველიძემ ანგარიში გახსნა - 1:0.

 44-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი დაინიშნა „მერანის“ კარში, რაც ზუსტად შეასრულა კიდევ ერთმა ექს-მერანელმა, ჯონი შეროზიამ და პირველი ნახევარი მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

 46-ე წუთიდან კი მხოლოდ ერთი გუნდი უტევდა „მცხეთა პარკზე“ და ეს „მერანი“ გახლდათ. „ვიტელებმა“ საქმე გაკეთებულად ნაადრევად ჩათვალეს და მთელი გუნდით დაცვაში ჩაჯდნენ, „მერანმა“ კი შეტევა კიდევ უფრო გააძლიერა და გოლიც მწიფდებოდა.

 82-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა დათა ციცხვაიამ, რომან მირონენკოს ზუსტი გადაცემის შემდეგ, აუღებელი თავური დარტყმით მინიმუმამდე შეამცირა ანგარიშის სხვაობა, ორ წუთში კი გიორგი ციმაკურიძემ მოუტანა საკუთარ გუნდს ქულა. კიჭი მელიავას სახიფათო ჩაწოდების შემდეგ, „ვიტ ჯორჯიას“ საჯარიმოში ჩასაფრებულმა ციმაკურიძემ დაუხვედრა ბურთს ფეხი და ანგარიში გათანაბრდა - 2:2.

 მსაჯის მიერ კომპენსირებული ბოლო წუთი მიმდინარეობდა, როცა ვანო კურდღელაშვილს კიდევ ერთ მატჩში შეეძლო გმირი გამხდარიყო, რადგან 90+4 წუთზე ვანომ ამეტ დუგუსგან მიიღო პასი, ბურთი კარგად გაისწორა და უძლიერესად გაისროლა თავისი ყოფილი გუნდის კარის, მარჯვენა დაბალ კუთხეში, თუმცა ამჯერადაც შეროზიამ იხსნა „ვიტ ჯორჯია“.

 XXI ტურის შემდეგ, „მერანს“ 25 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზეა. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს მარტვილში გამართავს 23 აგვისტოს, მეტოქე კი ქობულეთის „შუქურა“ იქნება.



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 24 48
ვიტ ჯორჯია 24 39
გაგრა 24 39
თელავი 24 38
ნ. დინამო 24 37
შევარდენი 1906 24 31
მერანი 24 27
ცხინვალი 24 25
შუქურა 24 23
სამგურალი 24 22