1 2 3 4 5
„მერანმა“ ლიდერობა განიმტკიცა!

   მარტვილის „მერანი“ კვლავ ერთპიროვნული ლიდერია! ჭყონდიდელებმა მეორე წრის ბოლოს წინა ტურის მატჩი სამტრედიაში გამართეს წყალტუბოს „სამგურალის“ წინააღმდეგ და სერგეი ტრეტიაკის დუბლით და რევაზ ბარაბაძის გოლით 3-1 დაამარცხეს მეტოქე.

 

 მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში გიორგი მიქაძის კონტიგენტი ძირითადი შემადგენლობის სამ მოთამაშეს მოისაკლისებდა (ანდრო გიორგაძე და რევაზ გეწაძე დისკვალიფიკაციის გამო, ტრიბუნებიდან ადევნებდნენ თვალს საკუთარი გუნდის თამაშს, მათ შორის იყო სერგი ორბელაძე, რომელიც ტრავმირებულია) თავიდანვე, აშკარად იგრძნობოდა, რომ „მერანელების“ კარნახით წარიმართებოდა მატჩი და ასეც მოხდა.

 

 ანგარიში 24-ე წუთზე „მერანის“ ბომბარდირმა, სერგეი ტრეტიაკმა გახსნა. ამ ეპიზოდში, მოედნის შუაგულში, ვაჟა ლომაშვილი ეთამაშა მჭიდროდ მეტოქეს და ბურთი დააკარგვინა, მანდვე ლაშა ჩალაძემ წამოიწყო შეტევა, რომელმაც რევაზ ბარაბაძე მოძებნა, ბარაბაძის დიდებული პასით სერგეი ტრეტიაკი გავიდა ხელსაყრელ პოზიციაზე, უკრაინელმა აუღებელი დაურტყა კუჭუხიძეს.
ხუთ წუთში კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა ნომინალური მასპინძლების მდგომარეობა, რადგან მარტვილელების მიერ გათამაშებული კარგი კომბინაციის შემდეგ, რომელშიც ლამის მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, შოთა ჯიქიამ „სამგურალის“ საჯარიმოში თავზე დაასვა ბურთი ტრეტიაკს, რომელსაც ახლო მანძილიდან მეტოქე გუნდის კარის მეორედ დალაშქვრა არ გასჭირვებია.

 

 ტაიმის მიწურულს, წყალტუბოელებმა ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ბიბილაშვილმა თავით გადაგზვანა „მერანის“ კარში-1:2. ამ გოლმა თითქოს თამაშს ინტრიგა დაუბრუნა, თუმცა 51-ე წუთზე „მერანის“ ტანმაღალმა ფორვარდმა რევაზ ბარაბაძემ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო დღევანდელ მატჩში, შორეული საჯარიმო დარტყმა შეასრულა უზადოდ და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

 

 ბარაბაძეს დუბლის გაფორმებაც შეეძლო. შეხვედრის 75 წუთზე, შეცვლაზე შემოსული ირაკლი რუხაძის კარგი გადაცემით, მეკარესთან პირისპირ გადიოდა „მერანელი“, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

 

 „მერანმა“ ამ გამარჯვებით 39 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის სათავეშია! მის უახლოეს მდევრებს - „რუსთავს“ და „გაგრას“ 36-36 ქულა აქვთ. ჩვენი გუნდი მომდევნო ტური მატჩს 22 ივნისს მარტვილში გამართავს „ზუგდიდის“ წინააღმდეგ. მეგრული დერბი „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე, 22 ივნისს, 18:00 საათზე აიღებს სტარტს.



უკან

გათამაშების ცხრილი
რუსთავი 31 71
მერანი 31 70
სიონი 31 53
ვიტ ჯორჯია 30 48
სამგურალი 31 47
გაგრა 31 45
ცხინვალი 31 33
გურია 31 31
მეშახტე 31 21
ზუგდიდი 30 18